ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში "ქართული ოცნება" სასჯელის შეკრებითობის პრინციპის გაუქმებას და ყველა უდანაშუალო პატიმრის საქმის გადახედვას აპირებს. ამის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში გუშინ გამართულ აქციაზე გააკეთა.
ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება დღეს ხალხს იმით აშინებს, რომ თითქოს ისინი პატიმრებს გაათავისუფლებენ და ყველა დამნაშავეს გარეთ გამოუშვებენ და აღნიშნა, რომ ამას სინამდვილეში თვითონ ხელისუფლება აკეთებს. მან შეკრებილ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი ამ საქმეშიც აპირებენს წესრიგის დამყარებას.
„ნამდვილი კრიმინალები გარეთ გამოუშვეს და ზონდერბრიგადებში განაწესეს, ხოლო არაერთი უდანაშაულო ადამიანი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული. როგორ მოხდა, რომ საქართველოს, ალბათ, ერთ-ერთ ყველაზე მშრომელ ქალაქს დღეს ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს?! იქნებ, ეს იმის ბრალია, რომ ერთ დროს წელგამართულ ქალაქს გაუგონარი უმუშევრობა და სიღატაკე დაატყდა თავს?! იქნებ შიმშილმა და გაჭირვებამ მიიყვანა ადამიანები დანაშაულამდე? აწუხებს ეს კითხვები ვინმეს ხელისუფლებაში?! დღეს სასჯელის შეკრებითობის პრინციპმა მოიტანა ის, რომ მცირე დანაშაულის გამო ადამიანები სრულიად შეუსაბამო სასჯელს იხდიან, ჩვენი საპატიმროები გადაჭედილია. აღარაფერს ვამბობ იმ ყოვლად აუტანელ პირობებზე და პატიმართა სიკვდილიანობის ზრდაზე, რაც ასე გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას ცივილიზებული სამყაროსგან. პირობას გაძლევთ, გადავხედავთ კანონმდებლობას, გავაუქმებთ სასჯელის შეკრებითობას და ყველა პატიმარი დანაშაულის შესაფერის სასჯელს მოიხდის“, - განაცხადა ივანიშილმა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ ადამიანთა დაპატიმრება ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ აქცია.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ პატიმრებთან ანგარიშსწორებას და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისინი აუცილებლად იზრუნებენ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა სწრაფად მოახერხონ ადაპტაცია და სრულფასოვან ადამიანებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას.
„ჩვენ არც ერთი ადამიანი არ გვყავს დასაკარგი. ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება იქნება, ჩვენ ვიქნებით ყველას ქომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება", - განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.