კოალიცია „ქართული ოცნების“, ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციამ სპეციალური მექანიზმი შეიმუშავა, თუ როგორ უნდა აღუდგეს გაყალბების მანქანას. ამის შესახებ მან გუშინ რუსთავში გამართულ აქციაზე მოსახლეობასთან მიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ივანიშვილი აცხადებს, რომ მათ ყველა იმ პიროვნების შესახებ იციან, რომლებიც ხელისუფლებას ამ საქმეში ჰყავს ჩათრეული და აღნიშნა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი დაისჯება.
„ჩვენ ვიქნებით პირველი, ვინც ამას დაამკვიდრებს ამ ქვეყანაში და ამით ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ არჩევნების გაყალბების სამარცხვინო ტრადიაციას, რომელიც 20 წელია ვერა და ვერ დავძლიეთ. ის, ვინც ხმების ქურდობას, ხმების გაყალბებას და ამით ჩვენი სამშობლოსთვის მომავლის წართმევას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე! პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით", - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ამ საქმეში აქტიურად არიან ჩართულები მამასახლისები, კოორდინატორები და "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი სტრუქტურები და სხვა მათი აქტივისტები. ბიძნა ივანიშვილი აცხადებს, რომ მათი მეშვეობით ხდება სწორედ წვრილმანი კრიმინალის, დაშინების, შანტაჟის ათასობოით ფაქტი, რაც რეალურად ქვეყნის და მომავალი თაობის წინააღმდეგ არის მიმართული. კოალიციის ლიდერმა მიმართა ყველას, ვისაც "თავის სამსახურში ჩათრევას უპირებს ხელისუფლება", არ მიღონ არჩევნების გაყალბებაში არანაირი მონაწილობა.
„ყველა სოფელში, ქალაქში, ყველა უბანზე უნდა შევაჩეროთ გამყალბებლები და არ ჩავადენინოთ ეს დანაშაული. ამ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღია სიმართლე, ჩვენ სიმართლით დავუპირისპირდებით ყველას. ჩვენ შემუშავებული გვაქვს მექანიზმები, როგორ უნდა აღვუდგეთ წინ ამ გაყალბების მანქანას", - აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის ბედს სწორედ ხალხი წყვეტს და მან მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა
როგორც ივანიშვილმა განაცხადა კოალიციის მორიგი აქცია 26-27 აგვისტოს რაჭა-ლეჩხუმში, 2 სექტემბერს კი, თელავში გაიმართება.