„ჩვენს გუნდში ერთმანეთში აქვთ პატარა პრობლემები, მაგრამ დიდი პრობლემები კოალიციაში არ არსებობს“ - ამის შესახებ კოალიცია ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ რუსთავში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზვიად ძიძიგური ოფიციალურად დაასახელა.
მისი თქმით, არ არსებობს გუნდში არც ერთი პარტია, კოალიციისა და საბჭოს არც ერთი წევრი, რომელსაც არ უყვარდეს ზვიად ძიძიგური და ოდნავ მაინც პრეტენზია გააჩნდეს მისდამი.
„არ არსებობს ამ ხნის პოლიტიკოსი საქართველოში, რომელსაც ესე კაცურად ეცხოვროს. მას დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია, ციხეშიც იყო, ბევრი გაჭირვებაც გადაიტანა, მაგრამ არასდროს კაცობაზე უარი არ უთქვამს“ - აღნიშნა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“, არსებული შესაძლებლობიდან და რეალობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი გუნდი შექმნა და საუკეთესო კოალიცია ჩამოაყალიბა.
მისი თქმით, აღნიშნულ კოალიციაში „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური გამორჩეული პიროვნება და ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსია. ამიტომ კოალიციის ლიდერმა რუსთაველებს მისი გვერდით დგომისკენ მოუწოდა.