კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავის აქციაზე გამოსვლისას ქალაქის და მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ დროს უმდიდრესი და ინდუსტრიის ბურჯი ქალაქი დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი, მეტალურგები კი სახელფასო დავალიენებას დღემდე ელოდებიან.
მეოცე საუკუნეში ქალაქი რუსთავი ქვეყნის სამრწველო ცენტრი გახლდათ. ეს ქალაქი იყო ყველასი, ვისაც შრომა და გარჯა უყვარდა. აქ კულტურული ცხოვრებაც ჩქეფდა. ანსამბლმა "რუსთავმა" კი მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. რუსთავი - ერთ დროს ინდუსტრიის ბურჯი დღეს თითქმის უფუნქციოდაა დარჩენილი. აქ ადრე 90- მდე დიდი და საშუალო საწარმო მუშაობდა, მათ შორის, მეტალურგიული კომბინატიც რომელიც დღეს თითქმის გაცამტვერებულია. კვალიფიციური კადრები უფუნქციოდ და ბედის ანაბარად დარჩნენ. ამდენი წელი გავიდა და ხუთი ათასი მეტალურგი ამ დრომდე ელოდება სახელფასო დავალიანებას. ამ დავალიანების დაფარვას სააკაშვილიც დაპირდა მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა. მე სიტყვას გაძლევთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში სამართლიანობას აღვადგენთ, კუთვნილ ხელფასებს დავარიგებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევეაში ქალაქი ფეხზე დადგება, მოსახლეობა კი სიდუხჭირიდან გამოვა.
„გპირდებით რუსთავი ისევ გაიმართება წელში და დადგება ფეხზე. ჩვენ დღეს უნდა გამოვიდეთ ამ სიდუხჭირიდან. ჩვენი ცხოვრება ფოლადივით ჩვენივე ხელით უნდა გამოვჭედოთ. თქვენზე კარგად ვინ იცის ეს საქმე, რუსთაველებო. ჩვენ აუცილებლად უნდა ავაშენოთ განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა და არა თავგასული თანამდებობის პირების გასართობად მოწყობილი ბუტაფორია",-აღნიშნა ივანიშვილმა.