რუსთავში „ქართული ოცნების“ აქციის დაწყებისთვის უკვე ყველაფერი მზად არის. ჟიული შარტავას სახელობის მოედანზე რამდენიმე ათეულ ათასი ადამიანია შეკრებილი. აქციაზე არიან კოალიციის როგორც რუსთაველი მხარდამჭერები და თანამოაზრეები, ასევე, ჩამოსულები ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონებიდან.
შეგახსენებთ, რუსთავში „ქართული ოცნების“ აქციისთვის მზადება დღეს დილის 09.00 საათიდან დაიწყო
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური კოალიციის აქციაზე რაიმე ექსცესებს არ ელოდება და From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პროცესები მშვიდობიანად განვითარდება.
ძიძიგურის განცხადებით, ისინი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას იყენებენ მანიფესტაციებისა და შეკრებების ჩატარების შესახებ, ამიტომ მათ ნებართვა არც სჭირდებათ.
„ჩვენ არანაირი ნებართვა არ გვჭირდება მერიისგან და თვითმართველობის ორგანოებისგან. კანონმდებლობის მიხედვით გვაქვს მხოლოდ ერთი ვალდებულება, რომ წინასწარ გავაფრთხილოთ თვითმართველობის ორგანოები მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, თუ მოძრაობა იკეტება. ჩვენ აქცია ჟიული შარტავას მოედანზე ვაპირებთ, ამიტომ ბუნებრივია მოძრაობა ჩაიკეტება და ამის საქმის კურსში ჩავაყენეთ მერია“,-აღნიშნავს ძიძიგური.
ძიძიგურის განცხადებით, რუსთავის საორგანიზაციო შტაბი ხვალ თვითონ გაუკეთებს ორგანიზებას აქციას და თუ მერიის სამსახური საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაში მიეხმარება,კოალიციის საორგანიზაციო შტაბის წევრები უარს ნამდვილად არ იტყვიან.
„ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი დილიდან ყველაფერს გააკეთებს, 3 საათიდან მოძრაობის დარეგულირებას ვიწყებთ, ხოლო საღამოს ჩვენ თვითონ დავასუფთავებთ მოედანს აქციის შემდეგ. ხვალ ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია გვყავს გაფრთხილებული და ისინი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან. მინდა ყველას შევახსენო, რომ ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას ვიყენებთ კონსტიტუციურს მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ, თანაც წინასაარჩევნო პერიოდია თუ რაიმე განცხადებას გააკეთებს თვითმმართველობის ორგანო, ეს მათი კომპეტენციაა. მერიას პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს, თანაც ამ თემაზე.
რაც შეეხება მერიის შესაბამის სამსახურს, ჩვენ მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის, თუ საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაში მოგვეხმარებიან, უარს ნამდვილად არ ვიტყვით და მადლობელიც დავრჩებით“,-აცხადებს ძიძიგური.
„ქართულ ოცნება“ რუსთავში 19 აგვისტოს აქციის გამართვას თავდაპირველად მერიის წინ ან, მეგობრობის მოედანზე გეგმავდა. თუმცა, რუსთავის მერიამ მათ უარი უთხრა. იმ მოტივით, რომ მეგობრობის მოედანზე გმირთა მემორიალის მშენებლობა მიმდინარეობდა, მერიის წინ კი 19 აგვისტოს კულტურული ღონისძიებები იყო დაგეგმილი. აქციის ჩატარების ალტერნატიულ ადგილებად მერიამ კოალიციას 21-ე მიკრორაიონის ან მე-11 მიკრორაიონში მდებარე რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა.
"ორივე ტერიტორიაზე, რომელიც მერიამ შემოგვთავაზა, არის სამშენებლო პოლიგონი, სამშენებლო ნარჩენებით და ქვეწარმავლებით არის სავსე ტერიტორია", - განაცხადა რუსთავში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა.
შესაბამისად, "ქართულმა ოცნებამ" შეთავაზებაზე უარი განაცხადა და მეორე განაცხადით აქციის ჩატარება შარტავას მოედანზე ითხოვა. მერიამ კოალიციის თხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა და ალტერნატიულ ადგილად მეტალურგიული სამმართველოს მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, რაზეც კოალიციისგან უარი მიიღო.
ამის შემდეგ კოალიციამ ოფიციალური წერილით აცნობა მერიას, რომ "ქართული ოცნება" 19 აგვისტოს აქციის ჩატარებას შარტავას მოედანზე გეგმავდა.
ძიძიგურის თქმით, დღევანდელი ღონისძიება იქნება მხოლოდ რუსთავის აქცია, ხოლო ქვემო ქართლის აქცია მოგვიანებით, მარნეულში გაიმართება.