სოფელ მუღალოში გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო კოალიცია„ქართული ოცნების“ შტაბის ორი წევრი დააკავეს. ამის შესახებ From.ge-ს საგარეჯოში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა.
მისი თქმით, დაკავებულები არიან ნათიკ რასულოვი და ქამარადინ მამედოვი, რომლებიც ამჟამად სიღნაღის პოლიციაში იმყოფებიან და აღნიშნა, რომ მათი სასამართლოში გადმოყვანის შემდეგ სასამართლო პროცესი ჩატარდება.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის დაკავების მიზეზები და სასამართლოს გამართვის ზუსტი დრო უცნობია.
„ჩვენი ადვოკატი იქ არის და იმედია, ოდესმე ეტყვიან სასამართლო პროცესი რომელ საათზე გაიმართება. თუ რა ბრალდებით დააკავეს, ამაზე არაფერს არ გვეუბნებიან. როცა სასამართლოში გადმოიყვანენ, ალბათ მაშინ მაინც გავიგებთ ამას. სავარაუდოდ, როგორც სჩვევიათ, სასამართლო მათ ადმინისტრაციულ პატიმრობას შეუფარდებს“, - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელი აცხადებს, რომ ეს დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როცა მათ, დაპირისპირებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა გაავრცელეს. მისი თქმით, მასალებში კარგად ჩანს, თუ რა მოხდა სინამდვილეში და ვინ ძალადობს ინფო-9-ს სუროგატ გადამღებ ჯგუფზე.
დეპუტატობის კანდიდატი ადასტურებს, რომ კადრებში ადვილად იდენტიფიცირებადი სახეებიდან ნათელია, რომ მოძალადეები ადგილობრივი თანამდებობის პირები - რაიონის ორი გამგებელი, კიდევ 2 სხვა გამგებელი, საკრებულოს წევრი და მისი დისშვილები არიან.
„მასალებში კარგად ჩანს, თუ როგორ ძალადობენ გამგებლის დისშვილები სუროგატი ინფო 9 -ის ჟურნალისტზე. მასში გარკვევითაა ნაჩვენები ყველაფერი ის, რაც საჩივარში გვაქვს მითითებული. თუმცა ამ დრომდე, არავინ არ შემომხმიანებია. მეტიც, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი 2 მომხრე უკანონოდ დააკავეს“, - ამბობს ხიდაშელი.
ცნობისთვის, თინა ხიდაშელის სოფელ მუღალოში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გარკვეული ინციდენტი მოხდა, რომელიც გამგებლის დისშვილების მისვლასა და შეხვედრის ჩაშლის მცდელობას უკავშირდებოდა.