კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც კოალიციის მიერ ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ 500 ათას ლარიან ზღვარის გადაჭარბებას უკავშირდება, არასერიოზულს უწოდებს.
როგორც ხიდაშელმა From.ge-სთან საუბარში განაცხადა, აღნიშნული უწყება ხელოვნურ ბარიერებს და პრობლემებს ქმნის და მსგავსი ხასიათის პრობლემების შექმნა, ამის შემდეგ მხოლოდ თვენახევარიღა გაგრძელდება.
„მას შემდეგ, რაც ბოლოს, აუდიტის სამსახურმა კახა კალაძის მიმართ განახორციელა, რთულია ეს ადამიანები სერიოზულად განიხილო და მათთან სერიოზულ დისკუსიაში შეხვიდე“, - განაცხადა ხიდაშელმა.
მისი განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ პარტიების ყველა ანგარიში დაყადაღებულია და ინკასო ადევს, ფინანსური ოპერაციები მათ ანგარიშებზე ისედაც ვეღარ გაკეთდება. ამიტომ მისი თქმით, რას ამბობს აუდიტის სამსახური ამ შემთხვევაში, უმნიშვნელოა.
„ჩვენ უკვე მივმართეთ ჩვენს ყველა მხარდამჭერს, რომ ფინანსური შემოწირულობების ნაცვლად, განაბაჟონ მაგალითად მაისურები და ის მაისურები შემოგვწირონ. ამიტომ არაადექვატური და არაალევანტურია უკვე მათი ეს განცხადებები“, - დასძინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა კოალიციამ "ქართული ოცნება" გადააჭარბა კანონით ერთი წყაროდან მიღებული შემოსავლებისთვის დადგენილ 500 ათას ლარიან ზღვარს.
„შესაბამისად, მათ მიერ აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩაითვლება უკანონოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.