ლაშა ტუღუში:გინახავთ ეთერში პირისპირ პირველი პირები ან ლიდერები?

ლაშა ტუღუში:გინახავთ ეთერში პირისპირ პირველი პირები ან ლიდერები?

ქართველი პოლიტიკოსები ქართული ტელეეთერით  პოლიტიკურ დებატებს ყოველთვის თავს არიდებენ.  ასეთი პრეცენდენტი თუ მაინც მოხდა, საქმე ბოლოს პიროვნულ შეურაცხყოფამდე მიდის. პოლიტიკური დებატების  კულტურა საქართველოსა და ქართულ მედიასივრცეში, სამწუხაროდ, არ არსებობს.

გაზეთ „რეზონასის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ ქართველ პოლიტიკოსებს პოლიტიკური კულტურა  აკლიათ და ღია ეთერში პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის სურვილიც, ნაკლებად გააჩნიათ.

„ჩვენმა მედიაგაერთიანებამ რამდენიმე წლის წინ დაამუშავა პროექტი, რომელიც სწორედ პოლიტიკურ დებატებს შეეხებოდა, თუმცა ეს პროექტი აქამდე არ ამუშავებულა. ბუნებრივია, ძალიან კარგია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები ერთიმეორის პირისპირ სხდებიან ტელეეთერში და საკუთარი კონცეფციებისა და შეხედულებების შესახებ მსჯელობენ. ბუნებრივია, საზოგადოებასაც აინტერესებს, რას ფიქრობს ესა თუ ის პოლიტიკოსი ან რა პროგრამა აქვს პარტიას სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური თემატიკის შესახებ ან როგორ ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას. ამის ნაცვლად პოლიტიკოსები იმის გარჩევას იწყებენ, ვის რა დანაშაული ან შეცდომა აქვს ჩადენილი წარსულში და ა.შ “,-აცხადებს „რეზონასის“ მთავარი რედაქტორი.

ტუღუშის აზრით, კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ ტელედებატებში პარტიის პირველი პირები ან, ლიდერები არასოდეს ჯდებიან.

„გინახავთ ეთერში პირისპირ პირველი პირები ან ლიდერები? ამ დროს ყოველთვის პარტიის სხვა ლიდერები იღებენ ხოლმე მონაწილეობას . რა თქმა უნდა მათი აზრიც საინტერესოა, მაგრამ ლიდერების ეთერში დაჯდომის პრაქტიკის დანერგვაც ძალიან კარგი და სასარგებლო იქნებოდა, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში. ის, რომ ქართველ პოლიტიკოსებს დებატების პრობლემა აქვთ და პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა გააჩნიათ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ქართულმა საზოგადოებამ აქტიურობა უნდა გამოიჩინოს და პოლიტიკოსებს  დებატებში მონაწილეობა მოსთხოვოს“,-აცხადებს ტუღუში.