მთავრობამ გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა

მთავრობამ გლეხები მოსავლის გარეშე დატოვა

მთავრობის მიერ გაპიარებულმა ჰიბრიდულმა მოსავალმა კრახი განიცადა. გურიაში ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი თითქმის არსად არ ამოვიდა; სადაც ამოვიდა – არ გაიზარდა. გლეხები, რომლებიც მთავრობამ შემოსავლის გარეშე დატოვა, უკმაყოფილებას აღარ მალავენ. ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ჰიბრიდული სიმინდის დათესვა აიძულეს და სხვადასხვა გზებით ხელშეკრულებებზე მოაწერინეს ხელი, რომლის თანახმადაც სიმინდის საფასური (1კგ – 14 ლარი) ნოემბრის ბოლომდე უნდა დაფარონ.

გურიის მუნიციპალიტეტების გამგეობებში ათობით განცხადება დევს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ჩავარდა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში მცხოვრებმა რეზო ლორიამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გიორგაძეს ოფიციალური წერილით ჯერ კიდევ 20 ივნისს მიმართა: "ამა წლის 28 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის რწმუნებულთან, ბატონ ზ. ჩხიკვაძესთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მივიღე 10 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის თესლი, რომელიც დავთესე ჩემ საკარმიდამო ფართობში. ფართობი საგულდაგულოდ დავასუფთავე. დავხანი, დავფარცხე, დავკვალე, ჩავთესე და ისევ დავფარცხე. დაფარცხილი თოხით შევასწორე. ვფიქრობდი, ნამდვილად დიდ მოსავალს მივიღებდი.

ფართობში ხშირად დავდიოდი, ველოდი აღმოცენებას. გავიდა 20-30 დღე და სიმინდი არ ამოვიდა. იძულებული გავხდი ხელმეორედ დამეთესა. დავთესე, მაგრამ არ ამოვიდა. ახლაც იგივე მდგომარეობაა. ფართობში, რომელშიც ჰიბრიდული სიმინდი დავთესე, გასულ წლებში 3 ტონას და მეტ სიმინდს ვიწევდი. დღეს კი ფართობზე არაფერია."

რეზო ლორია ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვს.

ზარალის ანაზღაურების თხოვნით ჩოხატაურის გამგეობას, სოფელ ერკეთის მცხოვრებმა არიშა კალანდაძემაც მიმართა. მისი თქმით, ამერიკული ჰიბრიდი ფართობზე ალაგ-ალაგ ამოვიდა.

გუთურელმა ალექსანდრე თოლორდავამ 20 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი დათესა. სხვების მსგავსად, მანაც ზარალი ნახა - სიმინდი საერთოდ არ ამოვიდა.

კოხნარელ ამირან ვაჩეიშვილს მთავრობის მიერ შემოტანილმა და "უხვმოსავლიანმა" სიმინდის თესლმა დიდი ზარალი ანახა - მან 20 ტომარა ჰიბრიდული სიმინდი შეიძინა და 5 ჰექტარზე დათესა მისივე თქმით, "განსხვავებული ნორმატივებით". ვაჩეიშვილი ამბობს, რომ სიმინდი საერთოდ არ ამოვიდა და ხელისუფლებას ზარალის ანაზღაურებას სთხოვს. მან ჩოხატაურის გამგებელს განცხადებით 3 აგვისტოს მიმართა.

დახარჯული თანხის ანაზღაურებას ითხოვს ხიდისთაველი ვარგისო თავართქილაძეც, რომელმაც 600 მეტრ ფართობზე 5 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდი დათესა და არ ამოვიდა.

გლეხების პარალელურად, პრეტენზიებს საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანებიც გამოთქვამენ. ზოგი საკუთარ ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ადასტურებს, რომ ძალით ნაყიდი 5 კილოგრამი სიმინდი მიწამ ჩაყლაპა და 70 ლარი არაფერში გადაიხადა.

ერთადერთი საჯარო მოხელე, ვინც ამ თემაზე ღიად საუბრობს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი ბუღალტერი, ზურაბ შათირიშვილია, რომელმაც გამგებელსაც კი მიმართა ოფიციალური განცხადებით:

"მიმდინარე წელს ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში 0.15 ჰექტარზე დავთესე ჰიბრიდული ჯიშის სათესლე სიმინდი, რომელიც თითქმის არ ამოვიდა," - აღნიშნულია შათირიშვილის განცხადებაში.

გამგეობის ბუღალტერი "გურია ნიუსთან" საუბრისას იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სიმინდის თესლის საფასურს - 70 ლარს აღარ გადაახდევინებს. შათირიშვილის თქმით, არ აქვს იმედი, რომ უშედეგო ხვნა-თესვაზე დახარჯულ ფულს სახელმწიფო აუნაზღაურებს.

ხელისუფლებაში ვერავინ გვპასუხობს სამომავლო გეგმებზე და ვერც იმაზე, მოხდება თუ არა ამ ადამიანებისთვის ზარალის ანაზღაურება. გამგეობაში ზემდგომის გადაწყვეტილებას ელოდებიან და პირად საუბრებში ამბობენ, რომ გლეხების შემოსავლის გარეშე დატოვება მათი ბრალი არ არის:

– ჩვენ, დავალება გვქონდა, რომ სიმინდი გაგვესაღებინა და ასეც გავაკეთეთ. რამდენიმე ჩინოვნიკს ჯიბის ფულის გადახდაც კი მოუხდა, რადგან სიმინდი სრულად არ გაიყიდა. აბსოლუტურად მისაღებია მოსახლეობის პრეტენზიები, თუმცა, ამ შემთხვევაში, არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, – აღნიშნა "გურია ნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა ჩინოსანმა, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა.