კონტრპროდუქტიული უგულებელყოფა

კონტრპროდუქტიული უგულებელყოფა

[The New York Times  ალექსანდრე ქული და ლინკოლნ მიტჩელი]

ნიუ-ორკი – გასულ პასასკევს, საქართველოს აჯანყებული რეგიონის, აფხაზეთის ამომრჩევლები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა უგულებელყვეს.

არჩევნებს არცერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ დასწრებია, არავის გაუფრთხილებია აფხაზი ლიდერები კანონის უზენაესობაზე, არავის მიულოცია დასავლეთიდან გამარჯვებულის ალექსანდრე ანქვაბისთვის, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა მას შემდეგ, რაც მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა აფხაზეთის ორჯერ არჩეული პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში.

სინამდვილეში, ბევრმა დასავლურმა ორგანიზაციამ, თბილისის მოწოდებით, არჩევნები დაგმო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა“, ხოლო ნატომ განაცხადა, რომ ალიანსი „არჩევნებს არ აღიარებს“.

ასეთი რეაქციების მთავარი მიზეზი ის არის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო მსოფლიოს მთავრობებისთვის, მცირე გამონაკლისის გარდა, რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აფხაზეთს რუსეთის მიერ „ოკუპირებულ“ ტერიტორიად აღწერს.

თუმცა, ამ გამოყოფილ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დაგმობა ზიანს აყენებს დასავლეთის ავტორიტეტს და გავლენას სამხრეთ კავკასიაში მთელი რიგი მიმართულებებით.

ჯერ ერთი, სამხრეთ კავკასიის სტანდარტებით, არჩევნები საკმაოდ კონკურენტუნარიანი ჩანდა. ანქვაბმა ხმების 54%-ით, დანარჩენ ორ კანდიდატს – ყოფილ პრემიერ მინისტრს და ერთ დროს მოსკოვის ფავორიტ რაულ ხაჯიმბას და მოქმედ პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას გაუსწრო.

მართალია, არჩევნები იდეალურისგან შესაძლოა შორს იდგა, თუმცა სამივე კანდიდატი კამპანიის დროს ღიად ცდილობდა ამომრჩევლების მოხიბვლას და სამივეს თანაბრად ეთმობოდა დრო სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს ნაციონალურ არჩევნებზე, რომელსაც დასავლეთის მთავრობები დემოკრატიის იმ მოდელად აფასებენ, რომლისკენაც თურმე უნდა მიისწრაფვოდეს აფხაზეთი და სადაც უკვე წლებია, რაც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს.

მეორეც, თითქმის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მოსკოვმა წინასწარ განსაზღვრა აფხაზური შედეგები. თუმცა, დასავლეთის ღიად მტრულმა დამოკიდებულებამ ამ არჩევნებისადმი შეუგნებლად განამტკიცა რუსეთის მზარდი გავლენა.

რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ, 2008 წელს აფხაზეთის დამოკიდებლობის აღიარების დღიდან, მოსკოვი ეფექტურად დაეუფლა აფხაზეთის ძირითად ფუნქციებს და მის ეკონომიკურ სექტორს „ორმხრივი თანამშრომლობის“ განვითარების მანტრის ქვეშ.

აფხაზური მთავრობისა და საზოგადოებისთვის საქართველოში რეინტეგრაციის გაზიარებაზე ზრუნვის ნაცვლად, დასავლეთის იზოლაციის პოლიტიკამ სოხუმს კიდევ უფრო მეტად უბიძგა რუსეთისკენ და განამტკიცა ადგილობრივებში იმის განცდა, რომ დასავლეთი საქართველოს სახელით მოქმედებს.

მესამეც, იმის დემონსტრირებით, რომ ეს არჩევნები არ აინტერესებს, დასავლეთი განაგრძობს კონტრპროდუქტიული პოზიციის განმტკიცებას: რომ არაფერს რაც აფხაზეთში ხდება, თუნდაც იქაური ადამიანების შეხედულებებს, არანაირი კავშირი კონფლიქტის რაიმენაირ პოტენციურ მოგვარებასთან არ აქვს.

არჩევნების დასრულებისთანავე, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს რასმუსენმა განაცხადა, რომ „ასეთი არჩევნების გამართვა ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიან და გრძელვადიან დარეგულირებას“.

აფხაზეთის დემოკრატიული მისწრაფებების ღიად უარყოფითა და თბილისის უკომპრომისო იზოლაციონიზმის ბრმა მხარდაჭერით, დასავლეთი თავად ამბობს უარს გავლენის იმ ბერკეტების ფლობაზე, რომელთა გამოყენებასაც შეძლებდა ის, რათა ებიძგა აფხაზეთის ხელისუფლებისთვის სტატუსთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისკენ.

დასავლეთის პოზიცია არ აღიაროს აფხაზეთი სწორია. მაგრამ სოხუმის იზიოლირების პოლიტიკა არაკრეატიული, არათანმიმდევრული და კონტრპროდუქტიულია.

დასავლეთი შერჩევით თანამშრომლობს მთელ რიგ არაღიარებულ სახელმწიფოებთან და სადაო ტერიტორიებთან. ის მხარს უჭერს გარკვეულ ეკონომიკურ კავშირებს და პროექტებს მოლდავეთის აჯანყებულ დნესტრისპირეთის რეგიონში, და შეერთებული შტატებისთვისაც და ბრიტანეთისთვისაც მისაღებია არაღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის მოქალაქეთა პასპორტები.

კავკასიაში უფრო კონსტრუქციული როლის შესრულების სურვილით, ევროკავშირმა შარშან აფხაზეთთან მიმართებაში უფრო პერსპექტიული „არ აღიარებისა და ჩართულობის“ სტრატეგია მიიღო, რომლის მიზანიც რეგიონთან კონტაქტების განვითარების ხელშეწყობა იყო. მაგრამ სტრატეგია გაიყინა ევროკავშირის ბიუროკრატიული გადაადგილებების და საქართველოს აგრესიული ლობირების გამო.

საბოლოო ჯამში, დასავლეთის პოზიციას არანაირი სწრაფი შედეგები არ მოჰყვება აფხაზეთის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის, რომელმაც როგორმე უნდა განამტკიცოს აფხაზეთის სუსტი ეკონომიკა, მოიზიდოს ინვესტორები მისი განადგურებული ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და ფრთხილად მართოს რეგიონის დამოკიდებულება რუსეთზე.

მაგრამ ამით დასავლეთი მარგინალიზებული რჩება კავკასიის ამ ნაწილში და ეს სწორედ იმ მომენტში, როდესაც ვაშინგტონი და ბრუსელი უნდა ანვითარებდნენ დიდ სახელმწიფოთა კლიენტიზმისა და კონკურენციის ყველასთვის კარგად ცნობილი სისტემის ალტერნატივებს.

ალექსანდრ ქული – კოლუმბიის უნივერიტეტის ბარნარდის კოლეჯის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი; ლინკოლნ მიტჩელი კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი. ისინი თანავტორები არიან წიგნისა „After the August War: A New Strategy for U.S. Engagement with Georgia“

foreignpress