გუშინ რუსთაველის თეატრის წინ სკამზე ჩამომჯდარ რობერტ სტურუას იხილავდით თავის განუყრელ შავ ძაღლთან ერთად, ხელში სიგარეტით და გვერდზე დადგმული ღვინის ბოთლით. ოღონდ ეს ნამდვილი რობერტ სტურუა არ გეგონოთ. ამჟამად დიდი მაესტრო ოდესაშია. მის გარეშე დარჩენილმა მსახიობებმა კი თეატრის წინ პერფორმანსი მოაწყეს, რობიკოსა და მისი ძაღლის ფიტულები გამოიტანეს. „რეჟისორს“ ის მაისური ემოსა, რომელზეც მისი განაჩენი ეწერა: „მომხსენეს“, მისი ძაღლის ყელსაბამზე კი, ასევე, დრამატულად იკითხებოდა: „მეც მომხსნეს“... რეჟისორისა და მისი ოთხფეხა მეგობრის უკან, ასევე, „მსახიობთა დასის“ ფიტულები იდგა. ეს სანახაობა გენიალური ქართველი რეჟისორის მიერ სპექტაკლის დადგმის წუთებს ასახავდა. აღსანიშნავია, რომ რობერტ სტურუა და მისი ძაღლი რუსთაველის თეატრში განთავსებულ ოთახში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ბიძინა ივანიშვილმა დიდ რეჟისორს საკუთარი სახსრებით თეატრში საცხოვრებელი ბინა გაურემონტა და აჩუქა მანამ, სანამ იგი იარსებებდა.
ამ ფიტულების შემხედვარემ გაოცება ვერ დავფარე, რაზეც მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა მითხრა, „რობიკოს ეს ფიტული ისე მომწონს... მართალია, ფიტული ისეა გაკეთებული, რომ თითქოს სძინავს რობიკოს, მაგრამ იგი მაინც აქ, ამ თეატრშია. ის ძაღლიც მოხსნეს... რობიკოს განუყრელი ძაღლი. რობიკოს სახლი აქ იყო“.
რუსთაველის თეატრის წინ რობერტ სტურუას მხარდასაჭერად მოწყობილ აქცია-პაემანზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის, იყვნენ კულტურის ქომაგები, პოლიტიკოსები, არასამთავრობოები. ხალხის დიდი რაოდენობის გამო რუსთაველის გამზირზე სამანქანო მოძრაობა შეწყდა.
მსახიობები რობერტ სტურუას თეატრში დაბრუნებას კვლავაც ელიან და მას ისევ თავიანთ სამხატვრო ხელმძღვანელად აღიქვამენ. თეატრის წინ დადგმულ ოთხ დაფაზე კი ნებისმიერ მსურველს რეჟისორისადმი სოლიდარობის ნიშნად ხელმოწერების დაფიქსირება შეეძლო. ხოლო თეატრის კედელი აჭრელებული იყო სპეციალურად გაკრული წარწერებით, სადაც სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლების ჩამონათვალი იკითხებოდა.
სოლიდარობის აქციის დასაწყისში საზოგადოება ორად გაიყო და აპლოდისმენტებით შეეგება საყვარელ დასს. აქციას მსახიობი ლელა ალიბეგაშვილი უძღვებოდა, რომელიც თეატრალურ შეკრებებზეც კი სიტყვით არასდროს გამოსულა, ამდენად, ღელავდა. თუმცა სათქმელს თავი მაინც გაართვა და აღნიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ერთსულოვნებისთვის უხმობდა ერთგულ გულშემატკივრებს.
„თაობა მიდის და მოდის, რუსთაველის თეატრის პრინციპები კი უცვლელი რჩება. დღეს რუსთაველის თეატრი განსაცდელშია. ნორმალურ ვითარებაში მსახიობები თეატრში, შიგნით, სპექტაკლზე უნდა გეპატიჟებოდეთ და არა თეატრს გარეთ, მაგრამ, რას ვიზამთ, ასე დაგვემართა. ძალიან მალე გაგიღებთ თეატრის კარს და შეგიძღვებით თეატრში რობერტ სტურუასთან ერთად,“ - დააიმედა თეატრის მოყვარულები ლელა ალიბეგაშვილმა.
პოეტმა რეზო ამაშუკელმა რობერტ სტურუასადმი თანადგომა იმით გამოხატა, რომ ამჯერად მოკლედ მოჭრა სათქმელი: „მე მჭირს არა ქსენოფობია, არამედ მიშაფობია.“
გიორგი შენგელაიამ ემოციურად მიმართა იქ შეკრებილებს. „ჩვენ ვერ გადაგვივლიან, ვერ გადაგვიყვანენ გზიდან, მაგრამ ახალგაზრდობაა ცოდო. გიჟი ქორწილში მოვიდა, ჩემს სახლს ესა სჯობიაო. ზუსტად ასეა ჩვენი ხელისუფლება. აქედან ძალიან დიდი პროტესტი უნდა დაიწყოს, რადგან ქართველებისთვის ყველაზე სანუკვარ იპოსტასს- კულტურას შეეხნენ“.
რეჟისორმა შექსპირის თეატრის მოყვარული ინგლისის დედოფლის ელიზაბეტის გამოთქმაც გაიხსენა, რომელიც მონარქებს სცენაზე გასულ მსახიობებს ადარებდა, რომელთა ტანსაცმელზე პატარა ლაქაც კი მკვეთრად ჩანდა. ამდენად, დედოფალს მიაჩნდა, რომ ერთი ლაქაც კი არ უნდა დარჩენილიყო მონარქების სამოსზე.
პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მადლობა მოახსენა საზოგადოებას, რადგან რობერტ სტურუას მხარდამჭერების შემხედვარემ დაინახა, რომ ხალხი მართლაც მრევლად გადაიქცა. ხოლო სიტყვა „ქსენოფობია“ ჯანსუღ ჩარკვიანმა პოეტურად განმარტა- „ვიღაც ქსენიას ფობია“, რასაც სტრუასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მსახიობმა ნანა შონიამ გერმანელი პოეტისა და დრამატურგის ბერტოლტ ბრეხტის სიტყვები გაიხსენა. ოდესღაც სახელმწიფოში ბრძანება გამოუციათ, დაეწვათ მავნე წიგნები; ამ დროს ერთ-ერთმა ავტორმა გაარკვია, რომ მისი წიგნები შერისხულთა სიაში არ აღმოჩნდა. ამან იგი განარისხა და მიმართა ხელისუფალს, დაეწვათ მისი წიგნები, რადგან ნუთუ მის წიგნებში სიმართლის ნატამალი არ მოიძებნებოდა, ნუთუ იგი მატყუარა და მაამებელი იყო?!
ნანა შონიას თქმით, თეატრი სულაც არაა გართობა, ესაა თვალსაზრისის გამოხატვის საშუალება, ასპარეზი, საიდანაც რეჟისორი და მსახიობები სიმართლეს ამბობენ.
„ქართული აკადემიის“ წევრი, რეჟისორი ნუკრი ქანთარია აღფრთოვანებას ვერ მალავდა, რადგან, მისი აზრით, რუსთაველის თეატრმა რობიკოს მხარდაჭერით თეატრისთვის არცთუ დამახასიათებელი ერთსულოვნება გამოიჩინა. რეჟისორი იმედოვნებს, რომ, თუ სტურუასადმი ერთგულ ამ დასს სხვა თეატრებიც ამოუდგებიან მხარში, ეს ქვეყანაში ვითარების შეცვლის საწინდარი გახდება.
„მე ვიცი ამათი ხრიკები. ჯერ აქ არ დანიშნავენ არავის, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მოიწვევენ რეჟისორებს. ახლა დაიწყება მოსყიდვა, მუქარა, მაგრამ ცოტა ხანს გაუძელით და თქვენ შემოგიერთდებათ მთელი საზოგადოება. გააკარით აბრა წარწერით: სპექტაკლები შეჩერებულია უსამართლობის გამო“, - მიმართა ნუკრი ქანთარიამ მსახიობებს.
ლევან ღვინჯილია მიიჩნევს, რომ სტურუას მოხსნა შეუძლებელია, ისე, როგორც შეუძლებელია შოთა რუსთაველი და გალაკტიონი „მოხსნა“ ქართული პოეზიიდან.
სტურუასადმი მხარდაჭერა წერილობით გამოხატეს მამა დავითმა, ერისკაცობაში ჭაბუა ამირეჯიბმა, გია ბურჯანაძემ, გიგა ლორთქიფანიძემ და სხვებმა. ხოლო რუსთაველის თეატრის დასს თანადგომა გამოუცხადა ბათუმის ჭავჭავაძის თეატრის მთელმა დასმა, ოზურგეთისა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის დასელებმა, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრის დასის ნაწილმა, მსახიობ ვანო იანტბელიძისა და გოგი ჩაკვეტაძის სახით. მათ რიგებში, რა თქმა უნდა, არ დგას თეატრის ამჟამინდელი მმართველი დუტა სხირტლაძე.
რუსთაველის თეატრის მსახიობების მიერ მოწყობილი აქცია ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ სტურუასეული დადგმის სიტყვებითა და მელოდიით დასრულდა: „ყველა სიკეთე, რაც არსებობს დედამიწაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს იმას, ვინც სიკეთეს თესავს, სიკეთეს თესავს, სიკეთეს თესავს“.
„პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში „ქართული აკადემიის“ წევრი, მხატვარი თემო გოცაძე აცხადებს, რომ რობიკო მთელი მისი მოღვაწეობის გამო გაუშვეს თეატრიდან.
„რასაც ის აკეთებდა, აკეთებს და კვლავაც გააკეთებდა, მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის მთელ იმ კურსთან, რასაც ჩვენი ქვეყანა დაადგა, იმ იდეოლოგიასთან, რაც აიფარეს წინ და მიაჩნიათ, დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ. ეს არის ტოტალური შეტევა ქართულ ცნობიერებაზე, ეროვნული ძირების გასანეიტრალებლად, რათა შემდეგ ყველაფერი ისე განახორციელონ, რომ შეკითხვაც არავის გაუჩნდეს“.
თემო გოცაძე დარწმუნებულია, რომ თეატრის დასი აუცილებლად გაიხლიჩება, რადგან ხელისუფლება მოახერხებს მცირე ჯგუფის თავის მხარეზე გადაყვანას; ხოლო უკვე გადაბირებულები იტყვიან, რომ ისინი დემოკრატები არიან, რომ ქსენოფობიას ებრძვიან, რომ, რა დროს თეატრია, როცა ქვეყანა აღმავლობის გზაზეა, როცა დემოკრატიის შუქურა ვართ, რა დროს ეროვნული ძირების ძიებაა.
„ყველაზე რთული საკითხია, ჩაიშლება თუ არა სეზონი. რუსთველის თეატრში ვინც არ უნდა მივიდეს, ის რეპეტიციას ვერ ჩაატარებს, რადგან სტურუას მსახიობები სხვა პრინციპებზე, ღირებულებებსა და სიდიდეებზე არიან აღზრდილნი. თუ იმავე ღირებულებით არ მიხვედი ამ დასთან, არაფერი გამოვა. ძალიან ცოტა მეგულება ამ ღირებულებების მქონე ადამიანი. ახლა „ქეთო და კოტე“ რომ დადგეს, რომელ ღირებულებებზეა საუბარი? ვფიქრობ, მომხდარის შემდეგ სტურუა არც უნდა დაბრუნდეს თეატრში,“- აღნიშნა თემო გოცაძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სტურუასთან მიმართებით ხელისუფლებამ მორიგი, ბოლო უზნეობა ჩაიდინა.
„სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია. აქ ქსენოფობიური არაფერი ყოფილა, თუ ქსენოფობიაზეა საუბარი, უპირველესად, თვითონ პრეზიდენტია ამის წამახალისებელიც და ძალიან ხშირად ის არღვევს უმცირესობების უფლებებს. ცოტა ხნის წინ მონღოლოიდური რასის წარმომადგენლები უწოდა მეზობლებს, ჩვენ აქ ძველი კოლხები ვართო. მსგავს რამეს მისი პირიდან ხშირად გაიგონებთ, რაზეც, რატომღაც, რეაგირება არ ხდება. ქსენოფობიის მოტივით სტურუას გათავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იყო. ერთხელ ნათქვამი ქსენოფობიურად არ შეიძლება ჩავუთვალოთ რეჟისორს, მით უმეტეს, როცა ქვეყნის პირველი პირი ამაზე ხშირად ლაპარაკობს. რეალური მიზეზი ისაა, რომ სტურუა პოლიტიკურად მიუღებელი იყო“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძის აზრით, სტურუას დევნა ერის შეურაცხყოფაა. „როცა ერს არ აქვს საშუალება, ასეთი რეჟისორები ღირსეულად დაიცვას, ბუნებრივია, სხვა საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები არ დაგიცავენ. მე მგონი, ჩვენ თვითონ გვაკლია ამაზე რეაგირება“.
მსახიობ ია სუხიტაშვილის თქმით, თეატრის დასი მყარად დგას პოზიციაზე, რომ რობერტ სტურუა არ გაუშვან თეატრიდან.
„მას შემდეგ, რაც ეს ამბავი მოხდა, სხვა ქვეყნები ტაციაობაზე არიან, რათა როგორმე თავისთან წაიყვანონ ეს გენიალური რეჟისორი. ჩვენ არავის გავატანთ ამ გენიოსს. ეს თეატრი იმიტომაც გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ აქ თავისი დროის გენიალური რეჟისორები მოღვაწეობდნენ. ერთ-ერთი გენიალური, რომელიც საქართველოს შემორჩა, რობერტ სტურუაა“,-აღნიშნა ია სუხიტაშვილმა „პრესაგე.ტვ“-სთან კომენტირებისას.
მანვე გამორიცხა მცდარად გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს რობერტ სტურუა თეატრში აღარ დაბრუნდება.
„ჩასაფრებული ვარ და მის ყოველ ნათქვამს გულდასმით ვუსმენ. მსგავსი რამ რობერტ სტურუას არ უთქვამს. სეზონი არ ჩაიშლება, რადგან რუსთაველის თეატრში მხოლოდ სტურუას სპექტკალებია. თუ არც სტურუა უნდათ, არც სპექტაკლები და მსახიობები, შესაბამისად, სეზონი არ იქნება“.
მსახიობმა ლევან ხურციამ ვერ დაგვიკონკრეტა, რუსთველის თეატრის დასი განაგრძობს თუ არა სპექტაკლებში მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, ამაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია, პირადად იგი კი ბოლომდე იბრძოლებს სიმართლისთვის.
„მინდა ბოლომდე ვიბრძოლო იმისთვის, რომ საქართველოში კულტურა და თავისუფალი სიტყვა არ მოკვდეს. თითოეული ადამიანი, ვინც აქ დგას, გაასმაგდება, გაათასმაგდება და ერთ თავისუფალ სიტყვას ვიტყვით. სიტყვა „აქციები“ უკვე მეზიზღება, ისევე, როგორც ყველა ქართველს. მე ვიტყვი იმ სიტყვას, რაც ეკადრება რუსთაველის თეატრს და, რაც ეკადრება რობერტ სტურუას, რითაც ის ყოველთვის იბრძოდა. ეს იქნება ბრძოლა სცენიდან და ეს იქნება ხელოვანების ბრძოლა. ეს იქნება სპექტაკლი, რომელსაც მე დავარქმევდი - „კულტურის თავისუფლება“.