გუშინ დილით საქართველოდან ბალტიისპირეთში სამი ჩარტერული რეისი განხორციელდა. 1500-კაციანი ქართული დელეგაცია საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის დღეებში ლიტვაში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ კლაიპედაში უგულშემატკივრებს. მათ შორის, არიან ოფიციალური პირები, მომღერლები, მუსიკოსები, გულშემატკივრები და, რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობის აქტივისტები.
ქალაქ კლაიპედაში კალათბურთელები ითამაშებენ, სუხიშვილები იცეკვებენ, „ქართული ხმების“ წევრები იმღერებენ, "ზუმბალენდი" კი ცოცხალ მუსიკას დაუკრავს... ლიტვაში წაყვანილი მადლიერი ნაცმოძრაობის წევრები ალბათ კლაიპედაში მდებარე ქარვის მუზეუმშიც შეივლიან, იქ დაცულ 4500 ექსპონატს დაათვალიერებენ და არც სხვა გასართობებს დაიკლებენ. როგორც ამბობენ, ეს ორკვირიანი ტური ლიტვაში დაახლოებით 1500 ევრო ჯდება.
ასეთი კოლოსალური რაოდენობის გულშემატკივრების გამგზავრების გამო ქართულ ფორუმებზე უკვე გაჩნდა კრიტიკული მოსაზრებები. ქართველ კაცს სპორტის სიყვარულს ვერავინ აუკრძალავს, მაგრამ ინტერნეტ-მომხმარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კლაიპედაში ნაცმოძრაობასთან დაახლოებული ადამიანები შერჩევით გაემგზავრნენ, მაშინ, როცა კალათბურთის ნამდვილი ქომაგებისთვის ასეთი პატივი მიუწვდომელია. ისიც უცნობია, თუ რა კრიტერიუმითა და დამსახურებით შეირჩნენ ლიტვაში წასაყვანად გულშემატკივრები?!
ქართულ ფორუმებზე ვკითხულობთ: „დღეს დიდის ამბით გვამცნო „კურიერმა“ მერიის მაღალჩინოსნების გამგზავრება ლიტვაში... რათ უნდათ? არიოლ-რეშკა ბიუჯეტი იყოს კარგად“... „ფული ვინ გადაიხადა?... "მართლა ქომაგებს აქ ტოვებენ, ხომ? იქ რა ხალხი მიდის, ვინც წავიდა, ორიოლ-რეშკა გაათამაშეს თუ ცივილიზირებული ლატარეა“, „2 500 გულშემატკივარი იქნება, ხო, დარბაზში ქართველები?“, „ეჰჰ, მეც მინდა ლიტვაში. ერთი 50 ქომაგი ვიყოთ ახლა იქ!..“
ჩვენი ინფორმაციით, საქართველოდან ლიტვაში წასულ გულშემატკივრებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი მელაძე ხელმძღვანელობს, რომელიც იმავდროულად, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტიცაა. რაც შეეხება დამსახურებულ კალათბურთელებს, მათი ლიტვაში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პრესაგე. ტვ-ს მონაცემებით, ლიტვაში გაემგზავრა ვეტერანი კალათბურთლი ნიკოლოზ დერიუგინი.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლიტვაში 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე გასამართ ევროპის ჩემპიონატზე სლოვენიის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და უკრაინის ნაკრებების წინააღმდეგ D ჯგუფში ითამაშებს. პირველი თამაში და, ამასთან, ყველაზე რთული შეხვედრა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ბელგიასთან ელის. ეს სწორედ ის მოწინააღმდეგეა, რომელთანაც ქართველმა კალათბურთელებმა შარშან მარცხი იწვნიეს.
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თუ ლიტვაში კალათბურთის ქომაგთა გამგზავრება ვინ დააფინანსა.
„თუ გულშემატკივრებმა თავად გადაიხადეს, არ არის პრობლემა, მაგრამ, თუ ბიუჯეტიდან გაიღეს სახსრები, მაშინ, რა თქმა უნდა, პრობლემაა და არ ვეთანხმები“, - აცხადებს გიორგი ასანიძე „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში.
ამასთან, ასანიძის აზრით, სახელმწიფოს ხარჯზე ამდენი გულშემატკივრის გამგზავრება მიზანშეწონილი არაა, საკუთარი ხარჯით მათი გამგზავრება კი სასურველი იქნებოდა.
„ძალიან კარგია, როცა ქართველი გულშემატკივრები ამხნევებენ საკუთარ გუნდს, მაგრამ, როცა ეს სახელმწიფოს ზიანს მიაყენებს, ეს გასათვალისწინებელია“.
რადგან გულშემატკივრები უკვე ლიტვაში იმყოფებიან, გიორგი ასანიძე დაგვიანებულად მიიჩნევს ამ თემაზე საუბარს, თუმცა ჩვენს შეკითხვაზე, რომ ასეთივე კოლოსალური რაოდენობის ქომაგების ბიუჯეტის ხარჯზე გამგზავრებისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული, გვპასუხობს: „სამომავლოდ ასეთი რამ კარგი არაა. წარმოდგენა არ მაქვს, ამჟამად დელეგაციაში ვინ იმყოფება და არიან თუ არა მათ შორის სპეციალისტები“.
„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლიტვაში გულშემატკივართა სოლიდური გუნდის გამგზავრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ გვყავს ტიპიური, ავტორიტარული მმართველი კლასი.
„საზღვარგარეთ პირიქით ხდება - იქ გულშემატკივართა კლუბები და გარკვეული ფონდებია, სადაც ფანკლუბშია გაერთიანებული ხალხი, საწევროს იხდიან. ეს ადამიანები მუდმივად დაჰყვებიან საკუთარ გუნდებს, მათ რაღაც შეღავათები ეძლევათ თავიანთ ქვეყანაში, აქ კი ყველაფერი ნაცმოძრაობის ელიტის ხელშია. ესენი თავად ირჩევენ მათთვის პრიორიტეტულ ხალხს, რაც გასაკვირი არაა. ეს კიდევ ერთელ ცხადყოფს, რომ ჩვენ ვართ ბანანის ტიპის ავტოკრატიული წყობის ქვეყანა“, - აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა „პრესაგე.ტვ“-სთან საუბრისას.
მისი აზრით, 1500 კაცის ლიტვაში გასეირნება შემთხვევითი არ არის: „როდესაც გყავს ე.წ. აქტივი, რაღაცით ხომ უნდა გაართო, დაასვენო, აჭამო? ამათაც დაასვენეს. საიდან დაფინანსდა, არ ვიცით, ისინი არ იძლევიან ასეთ ინფორმაციას. თუმცა, როცა 1500 კაცი ქვეყნის გარეთ მიდის, მარტივი საანგარიშოა, რა დაუჯდებოდა ბიუჯეტს. 1000 ლარზე ნაკლები თითო კაცი არ დაჯდებოდა. 1000 ლარი კი 1500-ზე უნდა გავამრავლოთ. სხვა ქვეყნებში ფეხბურთის გუნდებს ან კალათბურთის ნაკრებს არ დაჰყვება იქაური მერია და საკრებულო“.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძის თქმით, ეს ისეთი საკითხია, რომ, ნეტავ, ხელისუფლების გარდა, ათასობით სხვა გულშემატკივარს ჰქონდეს საშუალება, საგულშემატკივროდ გაჰყვეს ჩვენს ნაკრებს.
„ევროპის ჩემპიონატია, პირველი მერცხლები არიან ის ბიჭები, რომლებმაც მიაღწიეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში იასპარეზონ, მაგრამ ამის უკან რა დგას - ეს სხვა საქმეა. რომელი სახსრებით დადიან და რა ბიუჯეტით მიემგზავრებიან, ეს ცნობილი უნდა იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ასეთი კომფორტის მოწყობა აბსოლუტურად მიუღებელია. მაშინ საქმე გვაქვს ანალოგიურ ვაკხანალიასთან, რომელიც ყველა სფეროშია. როცა ხალხს შია, მისი ფულის ხარჯვის უფლება, სიხარბის უფლება არავის აქვს“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მისი თქმით, მსოფლიო ევროპული პრაქტიკით, არიან ბიზნესმენები, რომელთაც სურთ, ქველმოქმედება გასწიონ ამ სფეროში, რაც ჯანსაღი, ნორმალური პრაქტიკაა. მაგრამ, როცა ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მილიონ 800 ათასი ადამიანი გყავს, ამ დროს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა თანხას ხარჯავ, რათა ათასობით ადამიანი ატარო ამგვარ ღონისძიებებზე, მიუღებელია:
„თუ ამის დოკუმენტური მასალა მექნება, რომ ეს სახსრები ბიუჯეტიდან დაიხარჯა, მაშინ ამის შესახებ ოფიციალურ კომენტარს გავაკეთებ, რადგან ობსერვაციის დონეზე კომენტარების გაკეთება არ მიყვარს. ნაცმოძრაობის ელიტა ცოტა დელიკატური საკითხია, ელიტის განსაზღვრა რთულია, განსაკუთრებით - ნაცმოძრაობაში, პერსონალიებს არ ვეხები, მაგრამ ისინი, საერთოდ, ვის თვლიან ელიტად, ვინც უნდა უცხოეთში გაამგაზვრონ, სხვა საქმეა“.
ვიქტორ დოლიძეს ყველაზე გაუმართლებლად მაინც ბიუჯეტის ფლანგვის სხვა შემთხვევები მიაჩნია.
„გავიხსენით ბათუმის კონცერტები, ნებისმიერი ე.წ. გასტროლები, წინ და უკან რომ დადიან და არ აწუხებთ ამ ბიუჯეტის ხარჯვის ოდენობა. საუბარია ძალიან სერიოზულ, ათობით და ასობით მილიონ ლარებსა და დოლარებზე, რაც აბსოლუტურად გაუაზრებლად იხარჯება. ეს უფრო მისახედია. უცხოეთის სასტუმროში ათასობით გულშემატკივრის მოთავსება, მათთვის ბილეთების ყიდვა, საბიუჯეტო დაგეგმარების სფეროში გამეფებულ ვაკხანალიას ადასტურებს“.
„ტელეიმედის“ ყოფილი გენერალური დირექტირი, სპორტის აქტიური გულშემატკივარი ბიძინა ბარათაშვილი „პრესაგე.ტვ“-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ლიტვაში გასამართი მატჩი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი გაემგზავრება, უკეთესი იქნება.
- ეს პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ მნიშვნელობან ტურნირზე საქართველოს ნაკრები მიემგზავრება. ამასთან, ჩვენ გველის სათამაშო მატჩი რუსეთთან. შესაბამისად, ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი გულშემატკივარი წავა ლიტვაში, მით უკეთესი იქნება. საჭიროა, ყველა ხერხი გამოიყენონ, რომ, რაც შეიძლება, მეტი ქომაგი შეიკრიბოს, რათა ქართველმა კალათბურთელებმა საკუთარ სახლში იგრძნონ თავი. ეს მათთვის ძალიან დიდი სტიმულია, როცა შენი გულშემატკივარია სტადიონზე. ამიტომ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რომ მათ 1500 კაცი წაყვა.
თუნდაც სახელმწიფოს ბიუჯეტის ხარჯზე?
- იცით, რაშია საქმე? სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმდენი თანხა იხარჯება სხვადასხვა მიზნით, რომ ამაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ.
არ გიფიქრიათ, რომ ქომაგთა ამ დელეგაციაში შედარებით ნაკლები იქნება კალათბურთის ნამდვილი გულშემატკივარი და უფრო მეტი ნაცმოძრაობის ელიტა იქნება?
- მე არ ვიცი, ვინ არის იქ ჩასული, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საუბარია, რომ ლიტვაში ჩასულმა ადამიანებმა მხურვალედ უგულშემატკივრონ ჩვენს გუნდს. ამდენად, იქ კალათბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივარი იქნება თუ არა, ეს მეორეხარისხოვანია. იქ მნიშვნელოვანია, რომ კალათბურთელებმა ტრიბუნებიდან მხარდაჭერა იგრძნონ., ვინ იჯდება ტრიბუნაზე, რომელი პარტიის წარმომადგენელი, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
არც დამსახურებული კალათბურთელები უნდა წაეყვანათ?
- ღვაწლმოსილი კალათბურთელები ალბათ ახლა ასაკოვანნი იქნებიან. ისინი ვერც ყვირილს ვერ დაიწყებენ ტრიბუნიდან. რთულად წარმომიდგენია, მათ მასა შექმნან. სპეციალისტი იმისია, როცა ჩადის, რაღაცას წერს, ფიქრობს და ანალიზს უკეთებს მომხდარს, ხოლო კალათბურთელს ამ დროს სჭირდება არა სპეციალისტი და შემფასებელ-ანალიტიკოსი, არამედ რაც შეიძლება მყვირალა ადამიანი. ასეთი უნდა იყოს ახალგაზრდა, ენერგიული, რომელიც მას გაამხნევებს.
და ეს ადამიანები მაინცდამაინც ნაცმოძრაობის აქტივისტები უნდა იყვნენ?
- მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიიდან იქნებიან. ეს მათ არ აწერიათ სახეზე.
რა დაჯდებოდა 1500 კაცის ლიტვაში ვიზიტი?
- წარმოდგენა არ მაქვს, რა ჯდება ლიტვაში მოგზაურობა, რადგან ამ ქვეყანაში საბჭთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ვყოფილვარ.
თქვენ რატომ არ ჩახვედით ლიტვაში კალათბურთელთა საგულშემატკივროდ?
- მე საქმეები მაქვს თბილისში. თანაც, არ ვარ კალათბურთის ისეთი ქომაგი, როგორც ფეხბურთის. საფეხბურთო ნაკრები რომ წასულიყო, ალბათ, გული დამწყდებოდა, იქ რომ არ ვყოფილიყავი. თუ ჩავიდოდი, გარწმუნებთ, რომ ჩავიდოდი არა როგორც სპეციალისტი და მშვიდი ადამიანი, არამედ ჩავიდოდი საყვირითა და დიდი პლაკატით.
თქვენთვის უხერხულობა არ იქნებოდა, რომ ამ გაჭირვებული ქვეყანიდან უცხოეთში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ჩახვიდოდით და არა თქვენი სახსრებით?
- რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ ადამიანს აქვს საშუალება და თავისი ხარჯით წავა უცხოეთში, მაგრამ როდესაც არ აქვს საშუალება?! ახლა ჩვენი გულშემატკივრების მდგომარეობა ძალიან კარგად მოგეხსენებათ. 1500 ისეთი გულშემატკივრის შეკრება, რომელთაც ლიტვაში წასვლის საშუალება ექნებათ, თანაც საკუთარი ხარჯით, ეს თეორიული მსჯელობა იქნება. თუ ეს გამიზნულია იმისთვის, რომ ქართველ კალათბურთელებს ჰქონდეთ შესაბამისი სტიმული და მხარდაჭერა, სხვა საქმეა. ალბათ ბიუჯეტიდან კი არა, ეს სპორტისთვის გამოყოფილი თანხებიდან დაიხარჯებოდა. თუ ამ გულშემატკივრების თანადგომა წაადგება ჩვენს კალათბურთელებს და გარკვეულ შედეგს მოიტანს, ეს ფული ტყუილად გადაყრილი არ იქნება.
ხომ შეიძლებოდა, სპორტისთვის გამოყოფილი თანხები სხვა მიზნით დახარჯულიყო: ქართული სპორტის ასაღორძინებლად, სტადიონებისთვის, ახალგაზრდა თაობის სპორტული აღზრდისთვის?
- იცით, რა, 1500 კაცის ლიტვაში წასვლის ფულით საქართველოში სტადიონს ვერ ავაშენებთ. სტადიონებისთვის დიდი თანხაა გამოსაყოფი. ეს ცალკე თემაა და რაც მეტი ფული გამოიყოფა ამისთვის, უკეთესი იქნება. მაგრამ სპორტი არ განვითარდება იმის გარეშე, თუ რაიმე შედეგი არ იქნა. შედეგი კი გულშემატკივრების, სპეციალისტებისა და სპორტსმენების საერთო ძალისხმევით მიიღწევა.