მილიონი ტურისტის ილუზიებში

მილიონი ტურისტის ილუზიებში

[ნიკა ასლანიძე]
ტურიზმის ახალმა ცოცხმა ახალი და ჯერარნახული რიცხვი მოიტანა - საქართველოში 1 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. თავად ეს ვეებერთელა რიცხვი და უბრალო სიტყვაც (“ჩამოვიდა”) ცოტა არ იყოს ბუნდოვანია.

ტურიზმის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, მაია სიდამონიძის ინფორმაციით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველად ქვეყანაში მიმიდინარე წელს 7 თვის განმავლობაში ერთი მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. სპეციალისტების პროგნოზებით, ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტუროპერატორების აქტიური მუშაობის შემთხვევაში გაისად ეს მაჩვენებელი 2-ჯერ გაიზრდება.

საიდან ითვლის ტურიზმის დეპარტამენტი მილიონებს ძნელი სათქმელია. საერთოდ, ტურისტების აღნუსხვის მეთოდოლოგია გაურკვეველია და ბუნდოვანია. ამ შემთხვევაში კი, არათუ მეთოდი, სიტყვებიც კი ბუნდოვანია.

საუბარია, რომ ქვეყანაში 1 მლნ ტურისტი ჩამოვიდა. ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ეს ნიშნავს, რომ საქართვლოს საზღვარი 7 თვეში მილიონმა უცხოელმა ტურისტმა გადმოკვეთა, რაც არარეალურია. სავარაუდოა, რომ აქ საუბარი იყოს ყველა ადამიანზე (გინდა ადგილობრივზე, გინდაც უცხოელზე), რომელმაც დასვენება გადაწყვიტა და სისრულეში მოიყვანა კიდეც.

თუმცა, ერთი შეხედვით, არც აქ არის გამართული სტატისტიკა. საქმე ისაა, რომ ქართველები დასასვენებლად უცხოეთს უფრო ეტანებიან, მისაღები ფასისა და მომსახურების გამო. წლეულს მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. ამასთან, ჩვენებურ სამთო კურორტებზე დამსვენებელთან რაოდენობა მკვეთრად იკლებს. ესე იგი დავრჩით მხოლოდ აჭარისა და იქ ჩასული სომხების (ალაგ-ალაგ – აზერბაიჯანელების) ამარა...

ზემოთნათქვამი რომ მხოლოდ ცარიელ სიტყვებად არ დარჩეს, მოვიყვანთ დამადასტურებელ ფაქტებსაც.

მიმდინარე სეზონზე უცხოეთში დასვენების მსურველთა რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა. ტურისტული კომპანია “ლევონ თრეველის” ხელმღვანელთა განცხადებით, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რიცხვი 20%-ით გაიზარდა, თუმცა, ომამდელ მაჩვენებელს მაინც ვერ მიუახლოვდა. ქართველი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები თურქეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი და ესპანეთია.

“მოგზაურთა კლუბშიც” აცხადებენ, რომ წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულად აქტიურია. მართალია, თურქეთში სასტუმროების მომსახურეობის გაძვირების გამო ტურისტული პაკეტების ფასი 10-15%-ით გაძვირდა, მაგრამ საქართველოდან თურქეთში დასვენების მსურველთა რიცხვი შესამჩნევად გაზრდილია. მისი თქმით, ქართველი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ქვეყნები თურქეთი და ეგვიპტეა.

ამის პარალელურად, საქართველოს პოპულარულ სამთო კურორტებზე მიმდინარე სეზონზე დამსვენებელთა არნახული სიმცირეა. სასტუმრო “საპოვნელას” დირექტორის თქმით, შარშანდელთან შედარებით დამსვენებელთა რაოდენობა თითქმის განახევრებულია. ამის მიზეზად იგი სეზონის დაწყების წინ ერთ-ერთი ტელეარხით ნაჩვენებ სიუჟეტს მიიჩნევს, სადაც სურამის ტერიტორია დაავადების გავრცელების კერად იყო დასახელებული.

სურამთან მდებარე ჩუმათელეთის პანსიონატებს კი მიმდინარე სეზონზე დამსვენებელი საერთოდ არა ჰყავს. პანსიონატ “ნაკადულის” დირექტორის განცხადებით, შენობა მთლიანად დევნილებს აქვთ დაკავებული, ამიტომ დამსვენებლებს ვეღარ ემსახურებიან.

შოვში, სურამში, ბახმაროსა და სქურშიც მკვეთრი კლებაა. ამ მხრივ ბორჯომსა და ლიკანში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამ აქ ადგილობრივ დამსვენებლებს მეზობელი აზერბაიჯანელი და სომეხი ტურისტები სჭარბობენ. ადგილობრივებისთვის დასვენება კვლავ რჩება ძვირ სიამოვნებად, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ახერხებს.

სეზონის ჩავარდნის მიზეზებს სასტუმროების მეპატრონეები ვერ ასახელებენ, თუმცა დამსვენებლები პირად საუბრებში გზების მოუწესრიგებლობასა და ინფრასტრუქტურის არარსებობაზე მიუთითებენ.

შოვში სასტუმრო “რაჭას” დირექტორის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ შარშანდელთან შედარებით, მომსახურეობის ფასები არ გაზრდილა, წლეულს დამსვენებლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია და სასტუმროს მხოლოდ 30%-ია დატვირთული.