ბაგრატის დასაცავად იუნესკო სოლიდურ თანხას გამოჰყოფს

ბაგრატის დასაცავად იუნესკო სოლიდურ თანხას გამოჰყოფს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, ბაგრატის საკათედრო ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების სრულ ვერსიას უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. ამის შესახებ პრესა.გე–ს საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნოდან აცნობეს.

 

მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ 2008 წლის 18 დეკემბრიდან, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი არის, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე;  ვიცე–პრეზიდენტი – დავით ჯალაღანია, ხოლო გენერალური მდივანი – ქეთევან კანდელაკი, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს გარკვეული კითხვებით მივმართეთ, რომლებზეც საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის სამდივნო ასეთ პასუხებს გვცემს:

 

კონკრეტულად რას მოითხოვს ახლა იუნესკო ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით – გარკვეული შენიშვნებით სამუშაოების გაგრძელებას, შეჩერებას და დაკონსერვებას, თუ რას?

 

– იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34–ე სესიაზე (25 ივლისი-3 აგვისტო)  მიიღეს გადაწყვეტილება “ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსის“ საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადატანის თაობაზე.  ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის პოზიცია,  იუნესკოს ოფიციალურ პრეს რელიზშია დაფიქსირებული.

 

კომიტეტმა ასევე განსაზღვრა ის საკორექციო ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც  უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს  ძეგლის სასურველი კონსერვაციის მდგომარეობის მიღწევას, რაც  საჭირო იქნება  “საფრთხის ქვეშ მყოფი“ ძეგლის სტატუსის მოსახსნელად.

 

კომიტეტის წესდების  46–ე მუხლის თანახმად, კომიტეტის  გადაწყვეტილების სრულ ვერსიას იუნესკო   გამოაქვეყნებს სესიის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში. ამის შემდეგ     დაინტერესებულ საზოგადოებას მიეცემა შესაძლებლობა დეტალურად გაეცნოს  მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებას, მათ შორის რეკომენდაციებს ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების შესახებ.

 

რა გადაწყვეტილება მიიღო ქართულმა მხარემ იუნესკოს რეკომენდაციის საფუძველზე?

– მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 34–ე სესიაზე, საქართველოს      დელეგაციამ (დელეგაციის ხელმძღვანელი – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი) დააფიქსირა მზადყოფნა იუნესკოს ექსპერტებთან აქტიური თანამშრომლობის მიმართულებით. ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვება სასურველია მოხდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

 

რა მოჰყვება გელათისა და ბაგრატის სტატუსის შეცვლას და საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში გადატანას?

– მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში არსებულ ნებისმიერ ძეგლთან,   მათ შორის “საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან“ დაკავშირებულ  გადაწყვეტილებებს, იღებს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი, რომელიც წელიწადში ერთხელ იკრიბება. მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სამოქმედო გზამკვლევის თანახმად, “საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა“ სიაში მოხვედრილი ძეგლი ამ სიაში რჩება მანამ, სანამ წევრი სახელმწიფო არ შესრულებს მისთვის ამ სტატუსის მოსახსნელად საჭირო საკორექციო ღონისძიებებს. 

 

 2011 წლის 1 თებერვლამდე, ქართულმა მხარემ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა მიაწოდოს ანგარიში “საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის“ კონსერვაციის მდგომარეობისა და მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე, რომელიც განხილული იქნება კომიტეტის შემდგომ 35- სესიაზე 2011 წლის ზაფხულში. აღნიშნული ანგარიშის განხილვისა და ქართული მხარის მიერ კომიტეტის რეკომენდაციათა შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შეფასების  შემდეგ კომიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 

რამდენად ახლოსაა სიმართლესთან, 29 ივლისს, „ასოშიეიტედ პრესისმიერ გავრცელებული ინფორმაცია, გელათისა და ბაგრატის საფრთხის შემცველი ძეგლების სიაში გადატანის შემდეგ, იუნესკომ როგორც წესი, ამ ძეგლებისთვის გარკვეული თანხა უნდა გამოყოსო“? http://www.winnipegfreepress.com/world/breakingnews/unesco-adds-cathedral-monastery-in-nation-of-georgia-to-its-list-of-endangered-sites-99576244.html

ის ფაქტი, რომ ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი გადაიტანეს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში, საგრძნობლად ამარტივებს ფინანსური დახმარების მოპოვებას. მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ იუნესკოს კონვენციის ფარგლებში შექმნილია ფონდი. კონვენციის სამოქმედო გზამკვლევის თანახმად, კომიტეტი ვალდებულია აღნიშნული ფონდის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოყოს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა დასაცავად. აგრეთვე წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიმართონ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს საერთაშორისო დახმარების მოთხოვნით. ამ შემთხვევაშიც, კონვენციის სამოქმედო გზამკვლევის შესაბამისად, კომიტეტი უპირატესობას ანიჭებს საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში არსებულ ძეგლს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც  “საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების“ სიაში  მსოფლიო მემკვიდრეობის  ძეგლის გადატანის გადაწყვეტილება სწორედ  საერთაშორისო დახმარების მოზიდვის გამარტივებისა და საერთაშორისო ექსპერტების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის  მიზნით ხდება. 

 

კონკრეტულად რა შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს იუნესკოს  გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით?

– კომიტეტმა დადებითად შეაფასა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის მდგომარეობა. ხაზგასმით აღინიშნა გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია–რესტავრაციის კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების მიმდინარეობა. გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში დაფიქსირებული რეკომენდაციები ძირითადად ფოკუსირებულია  მენეჯმენტის გეგმისა  და ძეგლის ინტერიერის კედლის მხატვრობისა და მოზაიკების გაწმენდის, კონსერვაციისა და რესტავრაციის კომპლექსური პროგრამის შემუშავების აუცილებლობაზე უახლოესი 2– 3 წლის განმავლობაში.

 

ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად გელათის სამონასტრო კომპლექსის საფრთხის ქვეს მყოფი ძეგლების სიაში გადატანა  მოხდა მხოლოდ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ეს ორი ძეგლი ერთი ნომინაციის ფარგლებში არის შეტანილი.

 

რატომ არის ბაგრატი და გელათი ერთად შესული იუნესკოს სიაში?

– გელათის სამონასტრო კომპლექსისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ერთი ნომინაციის ფარგლებში წარდგენა მოხდა  1994 წელს, ქართული მხარის მიერ.

 

მუშაობს თუ არა ქართული მხარე იმისთვის, რომ მოხდეს ამ ორი ძეგლის დაცალკევება?

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან კონსულტაციით, ქართული მხარე განიხილავს  ბაგრატის საკათედრო ტაძრისა და გელათის კომპლექსის ხელახალი ნომინირების შესაძლებლობას, რათა ახალ ნომინაციაში  გაფართოვდეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრები, მოხდეს  კულტურული ლანდშაფტის ინტეგრირება  და დაზუსტდეს ძეგლის კრიტერიუმები.