საქართველო უცხოურ პრესაში – 2011 წლის ივლისი

საქართველო უცხოურ პრესაში – 2011 წლის ივლისი

[Foreignpress]

ორი სიმართლე, ერთადერთი მტერი და წმინდა გადატვირთვის ქართული საფრთხე

თითქმის საუკუნის წინ შვეიცარიელმა ფსიქიატრმა და ფსიქოლოგმა ჰერმან რორშაჰმა შექმნა ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტი. მეთოდის მიზანი პიროვნების კვლევა, ადამიანის თვითფლობის კოეფიციენტის განსაზღვრა და ასოციაციურ წარმოსახვაზე დაკვირვების შედეგად ემოციების კონტროლია

ეროვნული რორშაჰის ტესტი უწოდა ფოტოგრაფების საქმეს დასავლელმა დიპლომატმა, რომელიც The New York Times-თან ანონიმად დარჩა. იგივე დიპლომატისთვის ნამდვილი ტრაგედიაა საქართველოში საზოგადოებრივი ნდობის კოროზია სამართალდამცავი და განსაკუთრებით – სასამართლო სისტემის მიმართ.

არის უფრო მძაფრი შეფასებაც, მაგალითად – ”ალოგიკურ ექსტრემამდე დაყვანილი პარანოია”…

რუხ მოცემულობას ოდნავადაც არ აფერადებს შედეგი, რადგან ”ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისრის თომას ჰამერბერგის ბოლოდროინდელი ანგარიშის თანახმად, 2010 წელს სისხლის სამართლის საქმეების 80% საქართველოში აღიარებით და საპროცესო შეთანხმებით დასრულდა”.

კარდინალურად განსხვავებულ პრიზმაში ხედავს ფოტოგრაფების საქმეს ვლადიმერ სოკორი. დასკვნების მსგავსად, სტატიაში არ ჩანს, რომ ავტორმა დრო თუნდაც ფაქტების მოძიებაზე დახარჯა: საგარეო საქმეთა სამინისტროს ნაცვლად შინაგან საქმეთა სამინისტროს ახსენებს, ერთის ცოლის ნაცვლად მეორის ცოლზე წერს… (The Jamestown Foundation)

იმათ პასუხად, ვინც ფოტოგრაფთა სკანდალი ჟურნალისტთა და მედიის დაშინების მცდელობად აღიქვა, სოკორი ”ოპოზიციურად განწყობილ რადიკალ ჟურნალისტთა” ხუთ მცდარ მოსაზრებას გვთავაზობს:

1. გამოძიება არ უკავშირდებოდა ბრალდებულთა არც ჟურნალისტურ და არც პოლიტიკურ აქტივობას, არამედ მარტოოდენ საიდუმლო დოკუმენტების არაკანონიერ გამოყენებას. 2. გედენიძეს და აბდალაძეს იმ მომენტისთვის, როდესაც დანაშაული ჩაიდინეს, ჰქონდათ საჯარო მოხელეების და არა ჟურნალისტების სტატუსი. 3. სასამართლო ვერ იქნებოდა ღია მედიისა და საზოგადოებისთვის, რასაც ითხოვდნენ აგრესიული ჟურნალისტები, რადგან საქმე ეხებოდა საიდუმლო დოკუმენტებს და რუსეთის აშკარა პროვოცირების რისკს შეიცავდა. 4. კრიტიკოსებს მთლიანად გამორჩათ საპრეზიდენტო ნაგებობებში რუსეთის პოტენციური შეჭრის შესაძლებლობა და 5. მოთხოვნა, მტკიცებულებათა სრულ საჯაროობასა და მედიის მიერ „დამოუკიდებელი“ გამოძიების ჩატარებაზე, სამართლებრივ პროცესს პოპულისტურ ქმედებად აქცევდა”.

ბევრად მოზომილი და ნაკლებად საკამათოა გია ნოდიას ხედვა. ძნელია დავა იმაზე, რომ სიმართლე სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ ქართული სინამდვილის გათვალისწინებით სასამართლო პროცესს არ მოაქვს გარკვეულობა და მოწინააღმდეგე მხარეები სასამართლო განაჩენის შემდეგაც საკუთარ პოზიციას ინარჩუნებენ…

და კიდევ:

”შესაძლებელია კი ამ შემთხვევაში ისეთი სიმართლის დადგენა, რომელსაც რაციონალური ადამიანები ირწმუნებენ? ალბათ არა, მაგრამ კარგი იქნებოდა ისეთი სივრცეების შექმნის წახალისება, სადაც მსგავსი შემთხვევები პოლიტიკური ვნებებისგან შედარებით თავისუფალი დისკუსია წარიმართებოდა. ქართული მედია ასეთ სივრცედ ვერ იქცა”(Radio Liberty).

ამავე თემაზე ორიგინალური სათაური იპოვა The New York Times-მა: ”საქართველო ჯაშუშებს ეძებს და ფოტოგრაფებს აპატიმრებს”.

ამგავრი ორიგინალობის პასუხად, სოკორი ალბათ ორიგინალობისგან (და ხშირად ლოგიკისგანაც) დაცლილი თეზისებით შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ ყველა ფოტოგრაფი ჯაშუშია, ნოდია კი უფრო ფრთხილ თეორიას განავითარებდა და იტყოდა, რომ ყველა ფოტოგრაფი პოტენციური ჯაშუშია…

იმას, რაც ერთისთვის ხელისუფლების მხრიდან ლოგიკური ქცევა და სტერეოტიპების მსხვრევაც კია, სხვა ”ჯაშუშომანიას” უწოდებს (The American Conservative).

არაა მოსაწონი, როცა სასამართლოში სიმართლეს ვერ პოულობ, როცა ციხეში სუნთქვა ჭირს, როცა შსს სახელმწიფოს ხერხემალია, როცა დღის წესრიგში ისევ დგება იუვენალის ცნობილი ძველი შეკითხვა – Quis custodiet ipsos custodes? (“მაგრამ თავად დარაჯებს ვინ უდარაჯებს?”)…

რადგან დარაჯებს არავინ დარაჯობს, არ იცვლება არც თემა და არც სტილი. ფოტოგრაფების სკანდალის შემდეგ სააკაშვილმა სთქვა, რომ არავის ეპარება ეჭვი – ვინ არის ნომერ პირველი სამიზნე (ჯაშუშობის) უზარმაზარი ქვეყნისთვის, რომელსაც სუკი-ს აგენტები მართავენ (Telegraph).

რა თქმა უნდა, ნომერ პირველი სამიზნე - საქართველო, სუკი-ს აგენტი კი პუტინია…

გამსახურდიას დროინდელი ლეგენდა (თუ ნამდვილი ამბავი გამახსენდა): თითქოს ზვიადმა გივი გუმბარიძეს სუკი-ს აგენტი უწოდა, გუმბარიძემ კი მიუგო – აგენტები შენსკენ მოიკითხე, მე კაგებეს გენერალი ვარო…

პოლიციის მოქმედ მაღალჩინოსანს საინტერსო კითხვა დაუსვა მოლი კორსომ. ჟურნალისტი საქართველოს მტრების თემით დაინტერესდა:

”კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ სხვა რეგიონალური მოთამაშეები – თურქეთი, ირანი ან შეერთებული შტატები, მონაწილეობდნენ ჯაშუშურ ოპერაციებში საქართველოში, შოთა უტიაშვილმა იდეა უგულებელყო. ”შესაძლებელია, რომ საქართველოს ტერიტორიას სხვა სპეცსამსახურებიც იყენებდნენ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ერთი მტერი გვყავს” – ამბობს უტიაშვილი – ”რუსეთი ჩვენი ერთადერთი მტერია” (Eurasianet.org).

სამწუხაროდ, ასე მხოლოდ ქართული მხარე არ ფიქრობს.

აშშ-ს სადაზვერვო სამახურებმა შეადგინეს საიდუმლო ანგარიში იმის თაობაზე, რომ შარშან სექტემბერში, თბილისში, ამერიკის საელჩოს შენობასთან ბომბის აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთის სამხედრო დაზვერვაა (The Washington Times).

ელი ლეიკს ამის შესახებ ”ორმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა უამბო, რომლებსაც დოკუმენტი წაკითხული აქვთ. მათი თქმით, ანგარიშში მხარდაჭერილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნები, რომლის თანახმადაც აფეთქებების კვალი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერთან მიდის”.

ეს უკვე აღარ ჰგავს იმას, რასაც ყველა მიეჩვია – ავი ფინიას ბრძოლას გაბოროტებულ ნაგაზთან, როცა დასავლეთის მხრიდან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები მარცხისთვის განწირულ ფინიას გულშემატკივრის შეძახილებით ამხნევებენ.

ამ შემთხვევაში დიპლომატიურ შეშფოთებას ნამდვილი ემოცია ცვლის, აქ უკვე ეჭვის ქვეშ წმინდა გადატვირთვა დგება…

ოღონდ წმინდას ნურავინ შეეხება და ყველა მზადაა მასხრად აიგდოს პრესაში გაჟონილი ინფორმაცია, სთქვას რომ არ სჯერა და არც სხვას დაუთმოს გზა, დასვას კითხვები ორმაგ სტანდარტებზე:

”ვივარაუდოთ, რომ რუსები იმდენად ბრიყვები, თვითდაჯერებულები და წინდაუხედავები აღმოჩდნენ, რომ თბილისში ამერიკის საელჩოსთან ბომბის აფეთქების იდეა მოეწონათ. ისიც ვივარაუდოდ, რომ ქართული და ამერიკული სპეცსამსახურები უმაღლესი პროფესიონალიზმის ეტალონებია, არასდროს შეცდომას არ უშვებენ და არასდროს აყალბებენ სამხილებს. ვივარაუდოდ, რომ ამ ოპერაციის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა, ხოლო თავად მანიაკივით ხარობდა და ოთახის დეკორატიული ძაღლივით აბაკუნებდა ფეხებს…”

მხოლოდ ამ ვარაუდების შემდეგ Forbes სვამს კითხვებს:

”ვინ უზრუნველყო ინფორმაციის გაჟონვა და რატომ არ აღძრეს ამ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლის საქმე? ვინ არიან ეს „ჩინოვნიკები“ და რატომ აწვდიან ისინი ასე უზრუნველად „გრიფით საიდუმლო ანგარიშის“ დეტალებს გაზეთის რეპორტიორს? რატომ არ დაიწყო ობამას ადმინისტრაციამ გამოძიება უსაფრთხოების რეჟიმის ასეთი უსინდისო დარღვევის ფაქტზე?”

რადგან კითხვებს არავინ უპასუხა, მარკ ადომანისი იმ ადამიანებსაც გადაწვდა, ვინც Wikileaks-ის გაუთავებელმა სკანდალებმა აღაშფოთა და ჯაშუშობის შესახებ კანონის ამოქმედებაზე დაიწყო საუბარი.

”თუკი თქვენ ვერ იტანთ Wikileaks-ს და ფიქრობთ, რომ ჯულიან ასანჟი სატანაა, ზუსტად ასეთივე განცდა უნდა გქონდეთ ელი ლეიკის მიმართ, რადგან მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია როგორც სჩანს აშკარად იმაზე ნაკლებად საიდუმლოა, ვიდრე Wikileaks-ის მიერ გახმაურებული მასალები”.

სათაურშივე ირონიულია ჯოშუა კუცერა:

”ვერასდროს გამოიცნობთ ვის ადანაშაულებს საქართველო აფეთქებებში” (Eurasianet.org).

და რადგან გამოცანა ერთგანტოლებიანია, ჯაშუშური კროსვორდის ამოხსნის მოყვარულები უმარტივესი პასუხისთვის არიან განწირულები. უნივერსალური ბუა ამჯერადაც, რა თქმა უნდა, რუსეთია.

”როგორც არ უნდა იყოს, ისტორია ვერ შეცვლის შექმნილ შთაბეჭდილებას – საქართველო, რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ხმამაღალი განცხადებებით, იმ პატარა ბიჭს ემსგავსება, რომელიც ყვიროდა მგელი მოდისო… მაგრამ რაც უფრო ხშირად იყვირებს საქართველო, მგელი მოდისო, მით უფრო მეტ გონიერ ადამიანს ვაშინგტონში უჩნდება მადლიერების განცდა გადატვირთვის გამო და ებადება კითხვა, რამდენად სანდო პარტნიორია საქართველო”.

“პატარა ბიჭის” ცელქობას სერიოზულად არ აღიქვამს Human Rights Watch. ორგანიზაციის ვაშინგტონის ოფისის დირექტორი ტომ მალინოვსკი არ მალავს, ზოგადად ვიდეო აღიარებების მიმართ ნეგატიურ განცდას:

„ამ აღიარებების მოპოვება რეალურად იძულებით ხდება, ანუ ადამიანებს ძალით ალაპარაკებენ. ამავდროულად, ისინი მნიშვნელოვნად ართულებენ ეჭვმიტანილებისთვის სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივას“ (The Washington Times).

ამავე თემაზე Eurasianet.org-ის კიდევ ერთი სტატია და კუცერას სკეფსისი აშშ-ს დაზვერვის ანგარიშების (”იხ. ერაყში მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული თემა”), ასევე სკანდალის მიზეზის მიმართ (”ქართულ წყაროს ახასიათებს, რბილად რომ ვთქვათ, ჯერ რუსეთის დადანაშაულება და მხოლოდ ამის შემდეგ საქმის გარკვევა”) და უამრავი კითხვა ცინიკური მინაწერით (”ამერიკის დაზვერვის ის თანამშრომლები, რომლებსაც დამატებით ინფორმაციის გაზიარება სურთ, ვთხოვ ამ ელექტრონულ მისამართზე დამიკავშირდნენ!”).

ჯონ კაილი, მარკ სტივენ კერკი, ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი, ჯოზეფ ლიბერმანი – ეს ის ამერიკელი სენატორები არიან, რომელთაც სახელმწიფო დეპარტამენტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და დაზვერვის სამსახურს შექმნილი ვითარების საჯაროდ ახსნა მოსთხოვეს. ვიდრე თბილისური აფეთქების ამერიკამდე მიმავალი რუსული კვალის გამოძიება არ დასრულდება, მათ რუსეთთან გადატვირთვის მცდელობების შეწყვეტაც კი მოითხოვეს (The New York Times).

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სენატორები აშშ-რუსეთის გადატვირთვას არც თავის დროზე შეხვედრიან აღფრთოვანებული და დღესაც, ზოგიერთი მათგანი ცივი ომის ეპოქიდან გამოსვლას ძნელად ახერხებს.

ასე ფიქრობს ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელი. კაილსა და კერკს როგოზინმა ”ცივი ომის მონსტრებიც” კი უწოდა (Foreign Policy).

”მან ჯერ გვთხოვა შეხვედრა, შემდეგ კი პრესასთან გვლანძღა. მე ამას არასდროს გავაკეთებდი“ – ასე გამოეპასუხა რაფინირებული კერკი ექსცენტრიული როგოზინის შეფასებებს.

”ახალი დიქტატორის” დაბადება და ევროპული ეგზისტენციალიზმი რუსული საკმაზით

Global Post შიშობს, რომ დასავლეთი საქართველოს კარგავს. კლასიკური შეშფოთების საფუძველი 2012-13 წლების არჩევნებია. მირიამ ელდერი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილი (პუტინის მსგავსად) ხელისუფლებაში დარჩება (პრემიერ-მინისტრის რანგში), პრეზიდენტად კი მისდამი ლოიალურად განწყობილ მოკავშირეს დასვამს.

ასეთ სცენარს გაპოლიტოლოგებული პოლიციელიც არ გამორიცხავს, თუმცა უტიაშვილი ამაში დრამატულს ვერაფერს ხედავს – ეს ქართული საზოგადოების გადასაწყვეტი იქნება, რომელიც ”პროდასავლური და პრორეფორმისტულია, მმართველი პარტია კი მათი ინტერესების გამომხატველია“.

რა თქმა უნდა, უშანსოა მთელი ოპოზიცია, რადგან თუ ”ქართულ პოლიტიკურ სპექტრს თვალს გადაავლებთ, დაინახავთ რომ აქ ერთი გიგანტი და ბევრი ჯუჯააა“.

”გიგანტის” დომინანტურ მდგომარეობას არაფერი ემუქრება მომავალ არჩევნებშიც. საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც მმართველი და ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შედეგია, ”ნამდვილად კონკურენტუნარიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მცირე იმედებს იძლევა”.

სამაგიეროდ იძლევა ”გიგანტის” საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შესაძლებლობას, რაც საარჩევნო კანონისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯია წინ, ორი ნაბიჯი კი – უკან (Eurasianet.org).

უკან გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად The Economist ფიქრობს, რომ დასავლელმა ლიდერებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაში საქართველოს დასარწმუნებლად.

”ევროკავშირის ლიდერებმა მეტი უნდა გააკეთონ საქართველოს მიღწევათა მხარდასაჭერად, მაგრამ საქართველომ ასევე მეტი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დაამტკიცოს – ის იმსახურებს ამ მხარდაჭერას”.

უფრო მეტიც, World Politics Review დარწმუნებულია, რომ ”ქართული პროექტის” გადასარჩენად ვაშინგტონმა და ევროკავშირმა თბილისზე გავლენა უფრო აქტიურად უნდა მოახდინონ, ვიდრე ”ხელმისაწვდომი არ გახდება ზემოქმედების სხვა, უფრო ძლიერი ევრო-ატლანტიკური გზები”.

საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენისკენ მოუწოდებს დასავლეთს ნინო ბურჯანაძეც. ოღონდ მისი მიზანი სააკაშვილისთვის რეფორმების გაგრძელების დაძალება კი არა, (თუ მთელი მთავრობის ჩამოხრჩობა არა), მათი ემიგრაციაში გაგზავნა მაინც და საპრეზიდენტო სავარძლის მისთვის გადაცემაა.

26 მაისის (ერბოს ქილის გატეხვის) შემდეგ, ბურჯანაძემ მსოფლიოს მალევე ამცნო, რომ „ევროპას ახალი დიქტატორი ჰყავს“ (New Europe).

ოღონდ დემოკრატად და რეფორმატორად შეფუთული. როგორც მონტესკიე ახასიათებდა: „არ არსებობს იმაზე სასტიკი ტირანია, ვიდრე ის, რომელიც კანონიერების ფარსაა ამოფარებული და სამართლიანობის სახელით მოქმედებს“.

”ახალი დიქტატორის” დაბადების შესახებ ბურჯანაძემ ბრიუსელში ისაუბრა, თავად კი ”იდეალური ვარცხნილობით, კონტროლირებადი მანერებით და უზადო ჩაცმულობით, კეთილგანწყობილ სკოლის მასწავლებელს ჰგავს…” (Radio Liberty).

იგი საუბრობდა საშინელ აწმყოსა და კიდევ უფრო კატასტროფულ მომავალზე:

„თუკი ყველაფერი ასე გაგრძელდა, ერთ მშვენიერ დღეს საქართველოში აუცილებლად მოხდება აფეთქება“ – სთქვა მან – „ისევე როგორც დღეს ახლო-აღმოსავლეთში ხდება. ეს სახიფათოა ქვეყნის სტაბილურობისთვის და ამას შეიძლება სისხლისღვრა მოჰყვეს. ამიტომ ჩვენ ახლავე უნდა შევაჩეროთ დიქტატურა“.

ვინ ჩვენ? როგორ უნდა შევაჩეროთ? რა მეთოდებითა და ვისი დახმარებით?

ამ კითხვებზე ბურჯანაძეს პასუხი არ გაუცია. პრინციპში, კითხვებიც არავის დაუსვამს მისთვის…

პოსტ-საბჭოთა სივრცეში დიქტატორული და ავტორიტარული რეჟიმების დამხობას „არაბული გაზაფხულის“ ლოგიკურ გაგრძელებად განიხილავს Foreign Policy, თუმცა იმის გაცნობიერებით, რომ ეს არ არის ”უახლოესი მომავლის გარდაუვალი პერსპექტივა”.

არაბულ და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს საერთო აქვს ის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ”არ არსებობს ხელისუფლების გადაცემის მყარი და დამკვიდრებული მექანიზმი, მთავრობები დამოკიდებულები არიან მფარველობის და ნაცნობობის არაფორმალურ, პირად კავშირებზე დამყარებულ სისტემებზე”…

ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფო რუსეთია, რომელსაც Le Monde-ის მტკიცებით, ”საკმაოდ გონიერი ადამიანები ხელმძღვანელობენ და ამის უარყოფა არ შეიძლება”. ჭეშმარიტებად გასაღებული ამ ერთობ სადავო მოსაზრების ტირაჟირების გარდა, გელ ლაკრუა რუსეთისთვის „მისტრალის“ მიყიდვით გამოწვეული შეშფოთების განეიტრალებასაც ცდილობს.

ლოგიკა მარტივია: რადგან ძნელი წარმოსადგენია რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ან ნატო-ს რომელიმე წევრ სახელმწიფოზე თავდასხმა, ესეიგი ყველა პრობლემა მოგვარებულია…

მთავარი კი თურმე არის ნდობა, რაც ევროპისთვის ეგზისტენციალური ხასიათის საკითხია.

”გრუზიად” დარჩენილი საქართველო და კონცეფცია აფხაზების ქართველებად გარდაქმნის შესახებ 


ქართული დიპლომატიის წარმომადგენლებმა იციან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტული ამოცანები და ყველაფერს აკეთებენ ამ ამოცანების გადასაჭრელად. ასე მაგალითად, განა შეიძლება საბჭოთა გადმონაშთებთან მებრძოლ ქვეყანას დღემდე ბევრი სახელმწიფო ”გრუზიად” მოიხსენიებდეს?..

რა თქმა უნდა დაუშვებელია. ამიტომაც საქართველომ მეგობრებს სთხოვა, „გრუზიას“ ნუ დაუძახებენ (Radio Liberty).

ვაშაძის უწყების გასაკვირად, რძლებისთვის ნათქვამი მულმა კი არა, ბევრმა რძალმაც არ გაიგონა.

თხოვნა სომხეთს არ ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის რითი სჯობს ”ვრასტანი” ”გრუზიას” ან პირიქით…

Eurasianet.org ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის კონფლიქტში ანტი-სომხურ ქვეტექსტზე საუბრობს, Radio Liberty კი რელიგიური უმცირესობების შესახებ ახალ კანონს საქართველოს ხელისუფლების და გარეგინ მეორის მოლაპარაკების ნაყოფს უწოდებს. ოფიციალური თბილისის უარყოფის მიუხედავად, ინფორმაციას სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სპიკერი მამა ვაჰრამ მელიქიანი ადასტურებს.

”ბუნებისა და პოლიტიკის გაცვეთილი ჭეშმარიტება” The New York Times-მა აფხაზეთში აღმოაჩინა:

”დიდი თევზი პატარა თევზის გადაყლაპვას ცდილობს, ხოლო პატარა – კიდევ უფრო მცირესი. ნუთუ შეუძლებელია ამ პრიმიტიული პოლიტიკური დარვინიზმის უკუგდება? აფხაზეთის ეტაპობრივი სვლა ევროპისკენ, ის ერთადერთი გზაა, რაც მას მომავალში საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორებას შეაძლებინებს”.

უფრო კონკრეტულ ინსტრუქციას გვთავაზობს Spiegel. უვე კლუსმანი საქართველოს გერმანული გამოცდილების გაზიარებას ურჩევს:

”ძალით შეცვლილი საზღვრების აღიარება შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე პოლიტიკურად არარეალიზებადი სამართლებრივი პოზიციის გამოცხადება”.

ეს რჩევა ავტორს აქტუალური მას შემდეგ ეჩვენა, რაც „ინტეგრაციის სამინისტროს ძალიან მჭერმეტყველი მინისტრი ქალბატონის კეთილხმოვან კონცეფციებს” გაეცნო.

მინისტრის ხედვის თანახმად, ”თითქოს ნელ-ნელა აფხაზების ქართველებად გარდაქმნა შეიძლება, თუმცა ყველა ეს გეგმა შეიძლება ურნაში გადაიყაროს. რადგან ამ კონცეფციებს ადრესატი არა ჰყავს”.

The New York Times ფიქრობს, რომ ყველაზე გონივრული მაინც რეალისტური დამოკიდებულებაა:

”კავკასიის ქვეყნებსა და ტერიტორებზე გაცილებით უკეთესი ცხოვრება იქნებოდა, თუკი ისინი ერთმანეთთან, ასევე რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას დაიწყებენ და არ დაელოდებიან საკუთარი პრობლემების მოგვარებას დიდი ქვეყნების მხრიდან”.

ჯონი კალანდაძე,
ჟურნალისტი.