პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი კახი კალაძე საქართველოში მისი ანგარიშების დაყადაღებას ხელისუფლების მიერ მის პოლიტიკურ დევნად აფასებს და აცხადებს, რომ ამით ნათელია, რომ დღევანდელი ხელისუფლება აგონიაშია.
„ის ყველაფერს კადრულობს და ყველაფერზე მიდის, მაგრამ მინდა საქართველოს მოქალაქეები დავარწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, „ქართულ ოცნებას“ ვერაფერი შეაჩერებს და ის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, მისი ანგარიშების დაყადაღების არანაირი საფუძველი არ არსებობდა და სასამართლოს განჩინება გაურკვეველი და დაუსაბუთებელია.
„მე წლების განმავლობაში ვიყავი პროფესიონალი და ამავე დროს მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი. ასე რომ, გამაჩნია შემოსავლის საკუთარი წყარო და რამდენიმე ბიზნესი, რაც ყველასთვის ცნობილია. სასამართლოს განჩინება დაუსაბუთებელია, ტექსტი კი გაურკვეველია, თუ რის საფუძველზე მოხდა ეს ყველაფერი. მიჭირს კომენტარი გავაკეთო. ეს ყველაფერი ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ისეთ ქვეყანაში გვიწევს ცხოვრება და ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომ რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება, პირველი შემთხვევა არ არის. ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ არის მიმართული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ, გიორგი გოგინაშვილმა მთავარი პროკურატურის პროკურორის, ელიზბარ გოზანაშვილის შუამდგომლობის საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის კახა კალაძის საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. კოალიციის ადვოკატის შალვა თადუმაძის განცხადებით, კალაძის ქონების დაყადაღებაზე მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში დღეს გასაჩივრდება.