წიკლაური ხიზრი ალდამოვის განცხადებებს სიგიჟე უწოდებს

წიკლაური ხიზრი ალდამოვის განცხადებებს სიგიჟე უწოდებს

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური ხიზრი ალდამოვის მიერ მოსკოვში გაკეთებულ განცხადებებს სიგიჟეს უწოდებს.  

აღნიშნული კომენტარი წიკლაურმა საქართველოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილი წარმომადგენლის ხიზრი ალდამოვის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას გააკეთა.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე  ხიზრი ალდამოვმა ნუგზარ წიკლაური დღეს რამდენჯერმე ახსენა, როდესაც ტერორისტულ აქტებზე საუბრობდა. ხიზრი ალდამოვმა საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთში განხორციელებულ ტერაქტებშიც დაადანაშაულა.

„ეს ყველაფერი სიგიჟის სფეროდან არის, იმიტომ, რომ ალდამოვი არაბ შეიხებზე და ტერორისტებზე  საუბრობს, რაც სრული ფარსია. ამ ხნის განმავლობაში არამცთუ არაბ ტერორისტს, საერთოდ მშვიდობიან არაბს არ შევხვედრივარ და საუბარი არ მქონია“, – აღნიშნა წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბარში.

იგი არ მალავს, რომ ალდამოვს ადრეც იცნობდა, თუმცა მასთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია.

„მას შემდეგ რაც პარლამენტის წევრი ვარ და კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც კავკასიურ მიმართულებებს კურირებს, ალდამოვთან 2- ჯერ მქონდა ეპიზოდური შეხვედრა, რაც უმნიშვნელო საკითხს შეეხებოდა“, -აღნიშნა წიკლაურმა.    

მისივე შეფასებით, ალდამოვის მიერ გაკეთებული განცხადებები, რუსეთის სპეცსამსახურების სტანდარტული პაკეტია, რომელიც ადრეც არაერთგზის მოუსმენია ფეესბეს სხვადასხვა მაღალჩინოსნების მხრიდან.
“ამაში ხანდახან მონაწილეობას იღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ძირითადი არსი ყოველთვის ის იყო, რომ პანკისის ხეობაში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში არსებობდნენ ტერორისტული დაჯგუფებები, რომელთაც  საქართველოს ხელისუფლება ხელს უწყობდა.  ჩვენ არაერგზის მივმართეთ წინადადებით, რომ თუ ისინი გულწრფელად თვლიან, რომ ასეთი ბაზები სადმე არსებობს, ჩვენ მოხარული ვიქნებით, საქართველო-რუსეთის საზღვრის მთელ ტერიტორიაზე საერთაშორისო მრავალეროვნული ძალები ჩადგნენ, რომლებიც ობიექტური დამკვირვებლები იქნებიან. ამაზე ყოველთვის ან უარყოფითი პასუხი იყო ან საერთოდ პასუხი არ იყო. მათ თავადაც კარგად იციან, რომ არავითარი ტერორისტული ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ არსებობს. არავითარი ნარკოტრაფიკი საქართველოს გავლით არ ხორციელდება“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.   

მისივე განმარტებით, როდესაც ხიზრი ალდამოვმა თვენახევრის წინ გროზნოში გადასვლისას პირველი განცხადება გააკეთა, მაშინ იწინასწარმეტყელა, რომ რუსეთის დავალებით, შემდეგი ნაბიჯი ამ ტიპის კონფერენცია იქნებოდა, რაც ასეც მოხდა.