კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, თიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება თიანეთში არა ძროხების აცრით უნდა იყოს დაკავებული, არამედ ამ რაიონში სტიქიის შედეგების ლიკვიდირებისთვის, რადგან რაიონს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგა, საქართველოს ხელისუფლებისგან კი მოსახლეობის დახმარებას ითხოვს.
-რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ თიანელი ძროხების აცრა?
-ბატონი მერაბიშვილი და საქართველოს მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ სტიქიის შედეგების აღწერითა და ლიკვიდირებით იყოს დაკავებული, თიანელი ძროხების აცრაზე ფიქრობს და თიანელ მოსახლეობას ამ დაპირებას აძლევს. ტრაგიკომედიასთან გვაქვს საქმე.
-რა ზარალი მიადგა სტიქიის შედეგად თიანეთის რაიონს?
-დაახლოებით 500-მდე ოჯახს მიადგა ზიანი, იქნება ეს მოსავლის -სიმინდის, კარტოფილის თუ ლობიოს განადგურება, ასევე სათიბი ბალახისაც. განადგურდა მრავალწლიანი ნარგავებიც. არის ასეული ოჯახი, რომელსაც სტიქიამ საცხოვრებელი, აგრეთვე დამხმარე ნაგებობები დაუზიანა.
-ხელისუფლებამ ბიუჯეტში ცვლილებები მხოლოდ კახეთის დასახმარებლად შეიტანა. მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რაიონის მოსახლეობა კომპენსაციებს ვერ მიიღებს...
-მე ვითხოვ, რომ თიანეთის მოსახლეობას ხელისუფლებამ 1 მილიონი ლარი გამოუყოს 500 თიანელი ოჯახის დასახმარებლად. ჩვენ გვაქვს ამის როგორც იურიდიული, ასევე მორალური უფლებაც, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მილიონები გაიღო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად და სხვათაშორის, მან განცხადებაც გააკეთა ამის შესახებ, რომ ის არა მარტო კახეთის, არამედ დანარჩენი ორი რეგიონის მოსახლეობასაც დაეხმარება. იმის გამო, რომ სპეციალიზირებული სამსახურები მოშლილია და აცრების სამსახური არ ფუნქციონირებს, თიანეთის მოსახლეობას დაეხოცათ ძალიან დიდი რაოდენობით საქონელი და ფრინველი. მაინტერესებს ეს აცრა წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდება თუ სტიქიის შედეგების ლიკვიდირებას?
-ხელისუფლებამ რატომ გაუკეთა იგნორირება მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რაიონების მოსახლეობას ?
-ხელისუფლება ერთი ტომარა ფქვილისა და ორი ბოთლი ზეთის დარიგებით ცდილობს შექმნას ზარალის კომპენსაციით ილუზია და პარალელურად ძროხების აცრაზე საუბრობს, რაც სასაცილოა, ტრაგიკული რომ არ იყოს. ჩვენ ვითხოვთ, რომ თიანელი ოჯახების კომპენსირებისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყოს, 500 ოჯახს საშუალოდ 2000 ლარი მოუწევს.
-დაუთმო ხელისუფლებამ სამცხე-ჯავახეთი და თიანეთი „ქართულ ოცნებას“? ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა...
-ხელისუფლება რატომ იქცევა ასე, არ ვიცი, მაგრამ თიანეთში ბევრი ოჯახია, რომელმაც სერიოზული ზარალი მიღო. არაფრით არ შეიძლება მოსახლეობის დაყოფა და ვიღაცეების გვერდზე მოტოვება, ამიტომაც ვითხოვთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის გადარიცხული მილიონებიდან მაინც გამოუყონ თიანელებს დახმარება, თუ ბიუჯეტში მათთვის დასახმარებელი საკამრისი თანხები არ აღმოჩნდა.