დღეს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე , ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ოსური მხარის მოთხოვნაზე, სოფელ ზარდიაანთკარში განლაგებული პოლიციის საგუშაგო გაეუქმებინა.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, საგუშაგო ოსი და ქართველი მოსახლოების უსაფრთხოებას ემსახურება და მისი გაუქმება არ იგეგმება.
ქართულმა მხარემ საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული სოსლან ჩაჩანიძის გათავისუფლებაც მოითხოვა. შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის ვეტმფრენის მიერ საქართველოს საჰარეო სივრცის დარღვევის ფაქტიც, რომელიც 16 ივლისს დაფიქსირდა.
ოსური მხარის განცხადებით, მან კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი სოფელ ზარდიანთკარის საგუშაგოს გაუქმების შესახებ, თუმცა როგორც წინა ორ შეხვედრაზე, შედეგები ამჯერადაც არ იქნა მიღებული.
„ამ სოფელში ოსები ცხოვრობენ, თუმცა სოფლის ტერიტორია საქართველოს კუთვნილებაა. 29 ივნისიდან, მას შემდეგ რაც ქართულმა მხარემ საგუშაგო 100 მეტრით წინ გადმოწია, შეშინებულმა სოფლის მაცხოვრბლებმა სახლები დატოვეს და დღემდე არ დაბრუნებულან, რადგან დაბრუნების ეშინიათ“,-ნათქვამია ოსური მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ოსური მხარის განცხადებით, სოიფელ ზარდიანთკარის მაცხოვრებლები ელექტრონერგიას სოფელ ხელჩუადან იღებენ და გადასახადებსაც, შესაბამისად სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის ბიუჯეტში იხდიან.
ერგნეთის შეხვედრისას ქართულ ჯგუფს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ თანამდებობაზე გუშინ დაინიშნა. ერგნეთის შეხვედრაში პირველად მონაწილეობდა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ახლად დანიშნული უფროსი ილია გამგებელი.
ოსურ დელეგაციას სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ხოხ გაგლოითი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას რუსეთის, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.