მედიაკოალიციამ „მაესტროს“ კუთვნილ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართეს

მედიაკოალიციამ „მაესტროს“ კუთვნილ ანტენებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს მიმართეს

ტელეკომპანია "მაესტროს" კუთვნილ სატელიტურ თეფშებზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით, მთავარ პროკურატურაში კიდევ ერთი განცხადება შევიდა. განცხადების ავტორი და ინიციატორი ამჯერად კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვისაა", რომელთა წარმომადგენლებიც აღნიშნული მოთხოვნით უშუალოდ იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს მიმართავენ.

როგორც კოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, სატელიტური ანტენების დაყადაღებით ირღვევა კონსტიტუციით დაცული გამოხატვის თავისუფლების უფლება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი.

„ჩვენი არგუმენტი დასაბუთებულია და მივმართავთ იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორს, რომ "მაესტროს" ანტენებს ყადაღა საკუთარი განცხადებით მოხსნას", - განუცხადა ჟურნალისტებს კოალიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მოთხოვნის გარდა პროკურატურაში შეტანილი მათი განცხადება შეიცავს იურიდიულ დასაბუთებასაც იმისა, თუ რატომ მიიჩნევენ ისინი "მაესტროს" კუთვნილი ქონების დაყადაღებას უკანონოდ.

გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორის ლაშა ტუღუშის თქმით, დღეს შეტანილი განაცხადი იურიდიული დოკუმენტია, სადაც დეტალურად არის მითითებული მთელი რიგი ნორმები, რომლებიც სატელიტური ანტენების დაყადაღებით დაირღვა.

 

"თუ იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ჩვენს მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, ჩვენი აქტივობა გაგრძელდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სხვადასხვა ტიპის ნაბიჯების გადადგმას ამ კუთხით სხვა ორგანიზაციებიც აპირებენ. გუშინაც გამოჩნდა, თუ რამდენად დიდია მედიისადმი საზოგადოების მხარდაჭერა და ვფიქრობ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროცესში. აქციები არ დასრულდება, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს", - განუცხადა ჟურნალისტებს ლაშა ტუღუშმა.