დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

დევნილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

აფხაზეთიდან დევნილებმა  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვითა სამინისტროსთან აქცია გამართეს.

ისინი მინისტრთან შეხვედრას და თბილისში საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. აქცია პარტია "მომავალი საქართველოს" ორგანიზებით გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს პოლიტიკური პარტიის „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ლაღიძემ განუცხადა, დევნილები უკვე მეორე თვეა პერმანენტულ აქციებს მართავენ. თუმცა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან რეაგირება არ ყოფილა. 

დევნილების თქმით, თბილისში არის ისეთი ფართები, რომლებშიც არავინ არ ცხოვრობს და მოითხოვენ, რომ ამ ფართებში ისინი შეუშვან.

დევნილებს შეხვდა მინისტრის მოადგილე გიორგი ჟღენტი, რომელიც აქციის მონაწილეებს ყველა მათგანის საკითხის ინდივიდუალურად შესწავლას დაჰპირდა. თუმცა მან ჟურნალისტებისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

დევნილები კი აცხადებენ, რომ მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი აქციებს პერმანენტულად გამართავენ.