წიკლაური:  ივანიშვილის სამართალდარღვევბი  რეციდივების ხასიათს ატარებს

წიკლაური: ივანიშვილის სამართალდარღვევბი რეციდივების ხასიათს ატარებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ გაკეთებული განცხადება ხალხის დახმარების შესახებ, უღირსი პოლიტიკური სპეკულაცია და მანიპულაციაა.

წიკლაური დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს ბანკის ყადაღის ახსნისთვის სჭირდებოდა ფულის გადარიცხვა.

from.ge ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

-კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ ბიზნესში აღარ დაბრუნდება. თქვენი აზრით, რატომ?

 -არ ვიცი, თავად მას ჰკითხეთ. ალბათ რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკაში გააგრძელებს საქმიანობას. იმიტომ რომ ქართველი ხალხის მისდამი დამოკიდებულება კარგად არის განსაზღვრული. ოქტომბრის არჩევნებში ჩვენი ხალხი მას საკადრის პასუხს გასცემს.

-სხვა ქვეყანაში რომელს გულისხმობთ?

-რა ვიცი, თავის მშობლიურ რუსეთს.

-ივანიშვილი რუსეთის კი არა საფრანგეთის მოქალაქეა?

-სადაც უნდა იქ გააგრძელებს პოლიტიკურ და ბიზნეს საქმიანობას. მას საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ ექნება. ნებისმიერი საქმიანობა შეუძლია გააგრძელოს, რომელიც კანონის ფარგლებშია. რაც არ არის კანონის ფარგლებში, რაც ეხება მოსყიდვას, სხვადასხვა ტიპის ქმედებებს, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასა და კანონს ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო ძალიან პრინციპული იქნება. მას არ მიეცემა შესაძლებლობა ისეთი საქმიანობის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზარალებს.

-ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ დიდი თანხა–90 მილიონი გადარიცხა ბიუჯეტში. ეს თანხა ხომ ამ ქვეყნის მოსახლეობას ხმარდება?

-ეს არის ჯარიმა. ბიძინა ივანიშვილი არის სამართალდამრღვევი! ბიძინა ივანიშვილის სამართალდარღვები ატარებს რეციდივების ხასითს. მან კანონი რამდენჯერმე დაარღვია, ეს არის მასზე დაკისრებული ჯარიმა. მან გადაწყვიტა, რომ ქართული სახელმწიფოს შანტაჟირება შეეძლო და თქვა, რომ ჯარიმებს არ გადაიხდის, მაგრამ მას შემდეგ რაც ბანკი ჩამოერთვა და სხვა ქონება დაუყადაღდა, მიხვდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის მისი მხრიდან ბანკის გამოხსნის ოპერაცია, სწორედ ამიტომ გადაიხადა ჯარიმა.

-ეს ხალხის დახმარება არ არის?

-რაც შეეხება ხალხის დახმარებას და იმაზე საუბარს, რომ ეს თანხა აუცილებლად ხალხისთვის უნდა იყოს მიმართული, ეს ძალიან მარტივი, უღირსი პოლიტიკური სპეკულაცია და მანიპულაციაა, რომელიც იმისათვის არის განკუთვნილი, რომ პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვოს. მაგრამ ღრმად მწამს, რომ ვერანაირ პოლიტიკურ ქულებს ასეთი მანიპულაციებით ვერ მოიპოვებს.

-თუმცა, მან ხალხისთვის კარგი გააკეთა, როდესაც სტიქიური უბედურების დროს ამხელა თანხა გადარიცხა?

-მან ჯარიმა გადაიხადა. საქართველოში ჯარიმას ბევრი ადამიანი იხდის, რომელიც კანონს არღვევს.

-ამდენს ბევრი ვერ იხდის?

-ამდენს თუ იმდენს, ახლა ხომ რაოდენობაზე არ ვლაპარაკობთ? ძალიან ბევრი ადამიანი იხდის ჯარიმას, შემდეგ ეს ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში მიემართება და სახელმწიფო თავის მთავარ პრიორიტეტებს განსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი  არის კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა. მაგრამ ამ ფულის მექანიკური დაკავშირება რომელიმე პრობლემის გადაწყვეტასთან,  მისი მხრიდან არის პოლიტიკური სპეკულაციისა და მანიპულაციის მცდელობა, რის შესაძლებლობასაც ის ვერ მიიღებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს სწორედ ბანკის ყადაღის ახსნისთვის სჭირდებოდა ამ ფულის გადარიცხვა, ამაზე ძალიან კარგად მეტყველებს მისი რამდენიმე ადვოკატის განცხადება. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ ჯარიმა უკვე გადავიხადეთ და ბანკს ყადაღა უნდა აეხსნას. უღირსი მცდელობა იქნება, რომ ეს სხვა თემებს დაუკავშირონ,მაგრამ ეს არ გავა. ჯარიმას ბევრი ადამიანი იხდის, მაგალითად საჭეს თუ მთვრალი მართავ, ჯარიმდები, მაგრამ ეს ადამიანები ხომ არ ამბობენ, რომ ჩემს მიერ გადახდილი ჯარიმა აქა და აქ უნდა იქნეს მიმართული?

-ამ შემთხვევაში ჯარიმის თანხა განსხვავებულია, ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხა მილიონებს შეადგენს?

-სხვადასხვა რაოდენობის თანხაა, მაგრამ არსი ერთია – ეს იყო სამართალდაღრღვევა და ამისთვის ადამიანი, რომელიც ქედმაღლურად ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა ჯარიმას, ამის გადახდა მოუწია, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია დაინახა.

-კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ივანიშვილის მიერ გადარიცხული თანხების მონიტორინგს განახორციელებენ.

ეს უბრალოდ სასაცილოა.

რატომ?

-ღიმილისმომგვრელია, რომ მათ ეს განახორციელონ. ამის მონიტორინგს განახორციელებს პარლამენტის მიერ მთავარ აუდიტორად არჩეული ლაშა თორდია.

-პარლამენტის ბოლო სხდომაზე ოპოზიციის პოლიტიკურ სახეზე საუბრისას, თქვენ ზოგიერთი ფაქტიურად ძაღლს შეადარეთ. ასეთი განცხადება -არაკორექტულად არ გეჩვენებათ?

-არ შემიდარებია.

-ის ხომ თქვით, რომ „ქარავანი მიდისო“?

კი, ქარავანი მიდის.

-მერე მაგის დასაწყისი რა არის?  ძაღლი ყეფს...

-ქარავანი მიდის... ის რომ სახელმწიფო ქარავანი მიდის, ნამდვილად ასეა. უსაგნო შეძახილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებს. ზუსტად ასეა, ხოლო რა იგულისხმეს და რა იფიქრეს ჩვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა, ეს მათ უნდა ჰკითხოთ.

-რა იგულისხმეთ რა შუაშია? ანდაზა ასეთია: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ ?

თავისთავად ის რომ ქარავანი მიდის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია...