შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ტვირთის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მათ შორის: გოჩა მჟავანაძე, ნოე გოგაძე, გივი გოგაძე, დათო ლილუაშვილი და ბესიკ გოგილაშვილი დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა 2012 წლის 19 ივლისს საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში, ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, მალულად გადმოიტანეს 15981,81 ლარის ღირებულების მედიკამენტი „აქტიფედი“-ს 40979 აბი. ბესიკ გოგილაშვილის ბინიდან, შპს „ნიკა“-ს და ინდმეწარმე „ივეტა მაკარიძის“ ავტორიზებული აფთიაქებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული მედიკამენტ „აქტიფედი“-ს 7820 აბი და ხსენებული არარეგისტრირებული მედიკამენტების შესაძენად გადახდილი თანხა 21800 ლარის ოდენობით.
პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს. საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 214-ე მუხლის მეექვსე ნაწილით.
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.