საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ბათუმის პროექტის „ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა საქართველოში“ და ამავე პროექტის ფარგლებში მომზადებული „თვითთმართველი ქალაქის - ბათუმის 2010 წლის ბიუჯეტით გაკეთებული გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის“ პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაცია ბათუმის პრესკაფეში შედგა.
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სატენდერო მუშაობის დროს ირღვეოდა კანონი, რაც საიას განმარტებით, განცხადების გამოქვეყნების წესის, საკვალიფიკაციო მოთხოვნის წესის, სატენდერო წინადადების განხილვის, შეფასებასა და გამარჯვებულის გამოვლენაში გამოიხატა.
საია მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ანგარიშში მოყვანილი ფაქტებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებები აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ.
აღნიშნული მონიტორინგი „თვითთმართველი ქალაქის - ბათუმის მიერ ჩატარებული გარეგანათების სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგის“ ანგარიში საიამ წიგნადაც გამოსცა.
უახლოეს მომავალში საია პროექტის ფარგლებში ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 2009-2012 წლების მონიტორინგს, ასევე, აჭარაში ერთ ლარად გაყიდული უძრავი ქონების მონიტორინგს ჩაატარებს.