„ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტებს ეხმაურება, როდესაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადებაში ცენტრს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი აქვს წარმოდგენილი, სადაც მათი განმარტებით ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის აშკარა ნიშნები იკვეთება.
მათ შორის არის: 2012 წლის 22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტები, რომელიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს. 2012 წლის 25 ივლისს პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში ჟურნალისტებისათვის მოვლენების გაშუქების უფლების არ მიცემა და ა.შ.
„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა სხვადასხვა პირის მხრიდან ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებმა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია შემთხვევები, როდესაც მსგავი ქმედებები საჯარო მოხელეების მიერ ხორციელდება. მოვუწოდებთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები“, - ნათქვამია განცხადებაში.
მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.