ევროპასა და ამერიკაში მოქმედი ქართველი ემიგრანტების უფლებების დამცველი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში საპარლამენტო არჩევნებში ემიგრაციაში მცხოვრები ქართველების მონაწილეობის საკითხს განიხილავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 16 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
"ქართველი ემიგრანტები - დემოკრატიული საქართველოსათვის" ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვის გარდა, პრესკონფერენცია იმ პრობლემებს ეძღვნება, რომლებიც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს 2012 წლის 11 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ბრაძანებულების გამო შეექმნათ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად ესაჭიროება "ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან უცხოეთში".
ორგანიზაციები მოითხოვენ, საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო რეგისტრაციის გატარების მიზნით, საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღების საათები განისაზღვროს ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს 16:00-დან 20:00 საათამდე, კვირას კი, 11:00-დან 16:00 საათამდე.
ამასთან, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საელჩოს საკონსულო დეპარტამენტმა საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე რეგისტრირება საბერძნეთის რესპუბლიკაში ქართველების სხვა კომპაქტურ ჩასახლებებში უნდა უზრუნველყოს.
"მოგიწოდებთ ყველა ქართველ მიგრანტს, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, შემოუერთდეთ ამ აქციას და გააპროტესტოთ მსოფლიოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების უპრეცენდენტო დარღვევა“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.