[მანანა ნოზაძე]
თეატრმცოდნე ნათელა არველაძე აცხადებს, რომ მედიჩების სასახლის კართან სიახლოვის მიუხედავად, მიქელანჯელო ხელისუფლების ნავში არასდროს მჯდარა. ამდენად, ვერც რობერტ სტურუა ააგებდა საკუთარ შემოქმედებას ხელისუფალის მაამებლობაზე.
– ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს ქუჩაში რომ გავიაროთ, 10 და 20 რობერტ სტურუა შეგვხვდება. სამწუხაროდ, საქართველოში სწორედ ეს არის ტრაგედია. ჩემი, როგორც სპეციალისტის, მწუხარებას იწვევს, რომ საქართველოში თითზე ჩამოსათვლელნი არიან რეჟისორები, რომლებსაც შეუძლიათ და, რომლებმაც იციან ან სურთ სპექტაკლების დადგმა. ეს არ არის ანგარიშგასაწევი? ჩემს წინაშე მხოლოდ რობერტ სტურუას საკითხი არ დგას, მას ვერც შევკადრებ დაცვას, რადგან ხელოვნებასა და მეცნიერებაში ერთი არ უდრის ერთს. ჩემს წინაშე დგას რუსთაველის თეატრის პრობლემა, ქართული თეატრის პრობლემა.
ბოლო დროს რობერტ სტურუასა და სანდრო ახმეტელის გაიგივებას ცდილობენ.
– ბოლოსდაბოლოს, 100 წლის მანძილზე რუსთავლის თეატრში ბევრი რეჟისორი მოღვაწეობდა, ბევრს დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული თეატრის წინაშე, მაგრამ ოთხმა რეჟისორმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ თეატრის შემოქმედების დახვეწასა და განვითარებაში. ეს გახლავთ მარჯანიშვილი, ახმეტელი, თუმანიშვილი და სტურუა. არცერთი მათგანი საკუთარ მოღვაწეობას რუსთაველის თეატრში არ ამთავრებს. რა ხდება? ჩემთვის სატკივარი და ტრაგედია, იცით, რა არის? სამი რეჟისორი კომუნისტური რეჟიმის დროს ცხოვრობდა და ამის გამო კიდევ ვუძებნი გამართლებას მათი თეატრიდან ჩამოცილებას. ხოლო რობერტ სტურუა დემოკრატიის აღზევების დროს ჩამოიშორეს...
თქვენ წარმოიდგინეთ, არ ვიცით, როგორ მოექცნენ მარჯანიშვილს, ვიცით, რომ სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, მაგრამ ჩვენს თვალწინ განვითარდა მოვლენები, თუ როგორ მოექცა კულტურის სამინისტრო და კრიტიკოსები თუმანიშვილს.
მომხდარს როგორ ახსნას უძებნის თავად რობერტ სტურუა?
– ადამიანის ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტი, როდესაც ინტელექტუალი ადამიანი მომხდარის მიზეზს საკუთარ თავში ეძიებს, ხოლო მდაბიო მიზეზს ეძებს სხვაში. მათ შორის ეს არის განსხვავება. დარწმუნებული ვარ, რობერტი, ისევე, როგორც, თავის დროზე, თუმანიშვილი, რომლის მოწაფეც იგი იყო, საკუთარ თავში ეძებს მიზეზს. იმ დღეებში თუმანიშვილის გვერდით ვიყავი და ის ამბობდა, სად შევცდი, სად დავუშვი შეცდომა?!
რა იყო თუმანიშვილის შეცდომა და რა არის რობერტ სტურუას შეცდომა?
– შეცდომა არის ის, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც თანამდებობის ყველა პირი მხოლოდ პირად აღზევებაზე ფიქრობს და პირადული ინტერესებით მოქმედებს, ესენი დონ კიხოტები არიან. ფიქრობენ თეატრზე. თუმანიშვილიც და სტურუაც.
უფრო კონკრეტულად, სად შეცდა სტურუა?
– იცით, სად შეცდა? არ შეიძლება თეატრის მიტოვება დიდი ხნით. ამით საბაბი მისცა. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სამყაროსადმი მისი დამოკიდებულება იმ დამოკიდებულების ადეკვატური არ გახლავთ, რასაც მოითხოვენ დღეს შემოქმედისგან. შემოქმედი თავისუფალია. მითხარით, რომელი ხელოვანი შემორჩა ისტორიას, რომელმაც თავისი შემოქმედება ააგო ხელისუფლების მაამებლობაზე? ისე, როგორც შემორჩა ის ოთხი რეჟისორი, რომლებზეც მოგახსენეთ. საუბარიც კი არ მინდა იმ აბსურდზე, რასაც აბრალებენ სტრუას. ეს არის აბსურდი.
ვინმე გაბედავს მისი ადგილის ჩანაცვლებას? თუნდაც იგივე დოიაშვილი?
– მე მგონი, რომ დღეს საქართველოში არ აღმოჩნდება იუდა. თქვენ წარმოიდგინეთ, შესაძლოა, სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ არსებობს კიდევ კაენის ცოდვა, ძალიან მძიმე მოსახსნელი. ამას ვერავინ გაბედავს და, კიდევ, ერთი მომენტი, რაც ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანია ჩემთვის, როდესაც ვლაპარაკობთ რობერტ სტურუაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი, ჩვენი თაობა გაზრდილია რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას პოეზიაზე. ნურც გადამთიელი ქალბატონი ნუ გვმოძღვრავს ჩვენ, როგორი კაცთმოყვარეები უნდა ვიყოთ და ნურც შინაური და ნურც გარეული. ჯერ ერთი, სიტყვა „ტოლერანტობა“ ნიშნავს შეგუებას. მე არ მინდა, შემგუებელი ვიყო. მე არ მინდა, ჩემი ერი იყოს შემგუებელი, არამედ ერი უნდა იყოს ინტელექტუალური და მას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ არის აღმატებული, როცა მას შეუძლია თვალი გაუსწოროს მეორე ადამიანს, ყოველგვარი ნაციონალობის გარეშე.
თქვენ ბრძანეთ, თეატრის მიტოვება დიდი ხნით არ შეიძლებაო. რობერტ სტურუა ხშირად ტოვებდა საქართველოს?
– მწყდება გული რობერტზე, მაგრამ ამოდენა ოჯახი აქვს, რომ არ წავიდეს და არ დადგას უცხოეთში სპექტაკლები, ეკონომიკურად ვერ გაიმართება. მეორეც, ყველა რეჟისორს სჭირდება წასვლა და სპექტაკლის სხვაგან დადგმა, რათა გაიმდიდროს საკუთარი შემოქმედება.
მის სპექტაკლებში ანტისახელისუფლო ნიუანსები ამოიკითხეს?
– თავის სპექტაკლებში რობერტ სტურუა იბრძვის ტოტალური შიშის წინააღმდეგ. ჩვენთან არის ეს სიტუაცია?! ის იბრძვის ტოტალური განუკითხაობის წინააღმდეგ, ჩვენში არის ტოტალური განუკითხაობა?! რობერტ სტურუა იბრძვის დიქტატურის წინააღმდეგ, ამდენად, ის ყველასთვის მიუღებელი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამისახელეთ ისეთი რანგის ადამიანი, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი ხელოვნება, და ის მჯდარიყოს ხელმწიფის ნავში. მიქელანჯელო მედიჩების სასახლის კართან უაღრესად დაახლოებული იყო, მაგრამ, როდესაც მათი აკლდამისთვის უნდა გაეკეთებინა პიეტა, მან ლორენცო მედიჩი კი არ გამოაქანდაკა, არამედ აიღო მარადიული თემა – ღვთისმშობელი ქრისტეთი. აი, ეს არის ხელოვანი. მთელი ცხოვრება ლენინს რომ აქანდაკებდნენ, ისინი არიან ხელოვანები? ხელოვანის მიმართ დღეს ისეთივე დამოკიდებულება დავინახე, როგორიც იყო კომუნისტების დროს. ნუთუ არ უნდა შეიცვალოს არაფერი?
რობერტ სტურუა უდაოდ დიდი რეჟისორია, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, თეატრისთვის მაინც დამღუპველი ხომ არ არის, როცა მხოლოდ ერთ რეჟისორზეა აწყობილი თეატრის ბოლოდროინდელი ისტორია?
– წელს რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტალურ სცენაზე, თუ არ ვცდები, შვიდმა თუ რვა რეჟისორმა დადგა სპექტაკლები. თითქმის ყველა სპექტაკლი ვნახე და მე ვერ ვიტყვი, რომ ერთი სპექტაკლის გარდა, რომელიმე მათგანი ღირებული იყო. ჩვენ მიზეზებს უნდა ჩავუკვირდეთ, მიზეზები კი არის აღზრდაში. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პრობლემა დგას ჩვენს წინაშე, იქ უნდა გამოიჩეკონ, აღიზარდონ რეჟისორები.
რობერტ სტურუას შემოქმედებით კრიზისს უხსენებენ, რაც ცხადია, ყველა ხელოვანისთვის თანამდევი მოვლენაა, როგორც შემოქმედებითი პაუზა მაღალმხატვრული ღირებულების ნაწარმოების შესაქმნელად.
– მე არ ვიცი, რას გულისხმობდა ქალბატონი ოჩიაური, რადგან ის არ გახლავთ სპეციალისტი და არასპეციალისტებმა დაღუპეს საქართველო. რა არის პროდუქტიული? უკანასკნელი ორი სპექტაკლი – „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელი“, გახლავთ მაღალი რანგის სპექტაკლი, ისევე, როგორც „ნადირობის სეზონი“. რაში ეტყობა რობერტ სტურუას, რომ ის განიცდის შემოქმედებით კრიზისს?
რობერტ სტურუა განსაკუთრებული ენთუზიაზმით დგამდა შექსპირს, სულიერი სიახლოვე ჰქონდა ამ დრამატურგის მიმართ. რაშია მათი ახლობლობა? სხვათაშორის, ორივემ ერთნაირად დაასრულა კარიერა, შექსპირიც გაუშვეს თეატრიდან, ოღონდ ახალგაზრდულ ასაკში და ამას მეფე ჯეიმს პირველი სტიუარტის დროს გაბატონებულ ფეოდალურ რეაქციას უკავშირებენ.
– რაშია, საქმე იცით? რობერტ სტურუამ ქართულ თეატრში გააგრძელა ის ტრადიცია, რომელიც არსებობდა შექსპირის ნაწარმოებების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით. ეს ტრადიცია ძალიან მდიდარია. ამდენად, ქართველი ერისთვის შექსპირი ისეთივე ახლობელი დრამატურგი და მწერალია, როგორც რუსთაველი. როდესაც ვკითხულობ შექსპირის მაჩაბლისეულ თარგმანს, ის ჩემი დრამატურგი მგონია. მარტო იმიტომ კი არა, რომ არაჩვეულებრივი თარგმანები გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ ის იდეები, აღორძინების ეპოქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და, ამდენად, მთელი კაცობრიობისთვის მარადიული პრობლემები, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დღესაც. რობერტ სტურუა, რომელიც ფიქრობს პიროვნებასა და საზოგადოებაზე, პიროვნებასა და სახელმწიფოზე, პიროვნებასა და განვითარების პრობლემაზე, სწორედ ამ მარადიული ღირებულების საკითხებით ინტერესდება. რა თქმა უნდა, სტურუა შექსპირს სცენაზე ისევე დგამს, როგორც საკუთარ დრამატურგს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ის მხოლოდ შექსპირს კი არ დგამს, არამედ დგამს საკუთარ შექსპირს.
რობერტ სტურუას ხშირად უხსენებენ მის ნეგატიურ დამოკიდებულებას „ვეფხისტყაოსანთან“ მიმართებით, რომელსაც ღირებულ ქმნილებად და ქართული სულის გამომხატველად არ მიიჩნევდა.
– ახლა მას ბევრ რამეს აბრალებენ, მაგრამ ასეთი რამ არ წამიკითხავს. ჩვენი თაობა აღზრდილია ქართულ ზღაპარზე, ქართულ იგავ-არაკებზე, რუსთაველის, ჭავჭავაძის, გალაკტიონის პოეზიაზე. სად დაინახეთ კაცთმოძულეობა რობერტ სტურუას შემოქმედებაში? ხოლო, თუ ის არის ირონიული, ზედმეტად მკაცრი, იმიტომ, რომ მას გული აქვს, ინტელექტი აქვს და სტკივა თავისი ერის მდგომარეობა.