[ნინო მიქიაშვილი]
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, დავით კეკენაძემ, 35 წლის ლაშა არქანიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ „ობიექტივს“ ადვოკატმა ქეთი ბექაურმა, სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა არქანიამ მიმდინარე წლის 17 ივნისს, სახალხო დამცველის რწმუნებულს ახსნა-განმარტება მისცა. იგი დეტალურად აღწერს წამების იმ მეთოდებს, რომელიც მასთან მიმართებაში გამოიყენეს. ამ თემაზე მასალა ”ობიექტივის” ვებგვერდზე 27 ივნისს გამოქვეყნდა, საათაურით - 35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს (http://www.obieqtivi.net/?newsDetail=3918).
იმაზე, თუ რაში დასდეს ბრალი ლაშა არქანიას და რა ხდება მისი წამების საქმესთან დაკავშრიებით, „ობიექტივს“ ადვოკატმა ქეთი ბექაურმა უამბო, რომელიც ამჟამად ზუგდიდში იმყოფება. იგი ლაშა არქანიას საქმეში 6 ივლისიდან, ოჯახის თხოვნის საფუძველზე ჩაერთო.
ქეთი ბექაური: გუშინ, 23 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ლაშა არქანიას სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ასევე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულ ლაშა არქანიას, მოსამართლე დავით კეკენაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტან, მოსამართლემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შეკრების წესი გამოიყენა და არქანიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორ აფასებთ მოსამართლე დავით კეკენაძის მიერ გამოტანილ განაჩენს?
-ეს უკანონო განაჩენია, ისევე, როგორც უკანონოა ყველა საპროცესო მოქმედება, ლაშა არქანიას დაკავების დღიდან, ანუ 2011 წლის 14 ივნისიდან, რამეთუ ლაშა არქანიას სისხლის სამართლის საქმეში არანაირი ობიექტური, საკმარისი, ერთმანეთთან შეთანხმებული და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულება არ მოიპოვება. სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ ლაშა არქანიას ბრალეულობის დასამტკიცებლად ვერ შეძლო წარმოედგინა წარმოედგინა რაიმე ობიექტური და საკმარისი, საქმეზე დასაშვები მტკიცებულება.
რაში დასდეს ბრალი არქანიას, რატომ მიუსაჯეს 13 წელი?
-ლაშა არქანიას სასამართლომ ბრალი დასდო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვასა და ტარებაში, რომელიც თვალით არ უნახავს. ჯვრის პოლიციაში, წამების შემდეგ იძულებული გახადეს ეგრეთ წოდებულ აღიარებით ჩვენებაზე ხელი მოეწერა. ასევე, მას უსაფუძვლოდ და უკანონოდ ბრალი დასდეს ნარკოტიკული საშუალების, ჰეროინის შეძენა-შენახვაში. ლაშა არქანიას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, არც შეუძენია და არც შეუნახია. მის შეძენა-შენახვაზეც აღიარებით ჩვენებას ხელი იძულებით, წამების შედეგად მოაწერინეს.
რა ხდება არქანიას წამების ფაქტთთან დაკავშირებით?
-ლაშა არქანიას წამების ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულმა პროკურატურამ, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამ ქმედებას მიენიჭა კვალიფიკაცია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, თანამდებობის პირების, ანუ სამართალდამცველების მიმართ და სანქციის სახით გათვალისწინებულია 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
ეს არის ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პრეცენდენტი, რადგან საქართველოს სინამდვილეში უამრავი ნაწამები პატიმარია, მაგრამ წამების მუხლით გამოძიების დაწყება იშვიათი გამონაკლისი გახლავთ.
ლაშა არქანიას წამების გამოძიების საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ყველანაირად ვეცდებით ამ საქმეზე ჩატარდეს არა ტენდენციური, არამედ, ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიება, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. წამების საქმეს ზუგდიდის რაიონული პროკურორი, დიმიტრი ხვიტია იძიებს, რასაც მას არ დავანებებთ.
რატომ არ დაანებებთ?
-რატომ და ბატონმა ხვიტიამ ჯერ კიდევ დაკავების მომენტში იცოდა, რომ ლაშა არქანია სცემეს, აწამეს და არაადამიანურად, სასტიკად მოეპყრნენ. დიმიტრი ხვიტიას სახელზე ამ ფაქტის ირგვლივ 3 განცხადება შევიდა, რაზეც მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა. თავად ის ფაქტი, რომ 2 თვის თავზე წამების მუხლით დაიწყო გამოძიება (რა დროსაც ალბათ ლაშა არქანია დაზარალებულად იქნება ცნობილი და ალბათ, ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული პირები დაიკითხებიან), დაცვის მხარისთვის ვერავითარი დამამშვიდებელი ფაქტორი ვერ არის.
სამართლებრივი ბრძოლით იმას უნდა მივაღწიოთ, რომ ეს საქმე ხვიტიამ კი არ გამოიძიოს?! არამედ, როგორც წამების წინააღმდეგ არსებულ საერთაშორისო კონვენციაშია აღნიშნული, ნებისმიერი პირის წამების ფაქტი მიუკერძოებელმა და დამოუკიდებელმა საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიძიოს და არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის შედეგით დაინტერესებულმა საგამოძიებო სტრუქტურამ, როგორიც არის ზუგდიდის პროკურატურა. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ.
ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა, რომლითიც წამების ფაქტი დოკუმენტურად შეიძლება დადასტურდეს?
-ზუგდიდის მეოთხე დაწესებულებაში 25 აგვისტოს ლაშა არქანიას, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ჩაუტარებენ. ისინი თერმული დაზიანების კვლას ნახავენ. ასევე, ჩვენი, ანუ დაცვის მხარის მოთხოვნით, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათია“, სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩაატაროს, რომელიც დანიშნულია - საერთაშორისო დონის ექსპერტები დეტალურად გამოიკვლევენ ლაშა არქანიას სხეულზე არსებულ დაზიანებებს და დარწმუნებული ვარ, ობიექტურ დასკვნას დადებენ.
კონკრეტულად წამების რა მექანიზმები გამოიყენეს ლაშა არქანიასთან მიმართებაში? იქნებ კიდევ ერთხელ შეახსენოთ საზოგადოებას.
-ლაშა არქანიასთან მიმართ გამოიყენეს ცემა, თერმული დამწვრობა - იღლიები სიგარეტებით დაუწვეს, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული: თავის, სახის, ზურგის, ბეჭის, ორივე კიდურის, მუცლის, გულ-მკერდის არეში. გაცილებით მეტი სალაპარაკო გვექნება, ხვალ, ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გაცნობის შემდეგ. ბუნებრივია, კანონით დადგენილ ვადაში ექსპერტიზის დაკვნაც ხელთ გვექნება.
ლაშა არქანიას საქმის მასალები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, თომას ჰამარბერგს გადავუგზავნეთ.
რას ერჩიან ლაშა არქანიას, რატომ სცემეს და აწამეს, რის მიღწევას ცდილობდნენ?
-შეგახსენებთ, რომ ლაშა არქანიას დაკავება პოლიტიკური მოტივაციით მოხდა და დღეს იგი პოლიტპატიმართა სიაშია. ლაშა არქანიასგან უნდოდათ მიეღოთ იმის აღიარება, რომ ის თბილისში, სახალხო კრების ორგანიზაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს აფინანსებდა.
ასეთი შეძლებული ადამიანია?
-არ არის შეძლებული ადამიანი, საქმეც მაგაშია. მისგან სასურველი ჩვენების მიღებას ითხოვდნენ, რომ აფხაზეთში გადადიოდა და იქიდან გადმოჰქონდა ფული, ოქრო, მაგრამ მათ ასეთი აღიარებითი ჩვენება ვერ მიიღეს, რის გამოც, ლაშა არქანია მათ ხელში წამების მსხვერპლი გახდა.