ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

ხელისუფლების დასასვენებელი სახლი ახლა ”ბათუმის შერატონია”

[ნინო მიქიაშვილი]

იმაზე, თუ როგორ ისვენებენ და ერთობიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კარის მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, „ბათუმის შერატონში“, სასტუმროს რომელ სართულზე ცხოვრობს მიხეილ სააკაშვილი, არიან თუ არა იქ უცხოელი ტურისტები და როგორი ჩანს ჩვენი ქვეყანა ამ სასტუმროში, „ობიექტივს“ შეხვდა და ესაუბრა გაზეთ „ქართლის ხმას“ რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, რომელიც „ბათუმის შერატონში“ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებულ სემინარზე იმყოფებოდა.

საბა წიწიკაშვილი: გაეროს განვითარების პროგრამით, სამდღიან სემინარზე ვიმყოფებოდი, რომელიც „ბათუმის შერატონში“ ჩატარდა და ეხებოდა იურიდიული დახმარების ცენტრებისა და ჟურნალისტების დაახლოებას.

რომელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამ სემინარში?

-იქ იყვნენ: სამეგრელოდან „ლაივ პრესის“ რედაქტორი, ცენტრალური ტელევიზიების და გაზეთების წარმომადგენლები. „იმედის“  წამყვანი ნოდარ მელაძე იყო სემინარზე, გაზეთ „პრაიმ ტაიმიდან“ - გიორგი ნიორაძე, რომელიც ადრე „პ.ს.“–ში მუშაობდა... სხვათა შორის, ეს ჟურნალისტები საკმაოდ კრიტიკულ შეკითხვებს სვამდნენ. აი, მაგალითად ასეთს – „რატომ არ ჩანხართ, რატომ არ ახმაურებთ, თუნდაც ციხის საქმეებს, პატიმრების ამბებს...“ სემინარზე მათ ეს აინტერესებდათ, მაგრამ ეთერში რა თქმა უნდა, მსგავსი არასდროს გამიგია. ამ სემინარზე ყოფნისას საკმაოდ საინტერესო ფაქტებს წავაწყდი.

მაგალითად?

- მაგალითად, „ბათუმის შერატონში“, ანუ ჩვენს ქვეყანაში არსებული პრესტიჟული სასტუმროებიდან ერთ-ერთში აღმოვაჩინე საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც სასტუმროს მე-14-ე სართულზე ცხოვრობს. მე ვცხოვრობდი მე-15-ე სართულზე და ერთხელ შემთხვევით მოვხვდი მის აპარტამენტთან. დაცვამ გამაჩერა - „აქ რატომ მოხვედიო“. მივუგე მე ჩემს ნომერში მივდივარ-მეთქი. ასე აღმოჩნდა, რომ მე თურმე მე-14-ზე შევსულვარ.

მოგეხსენებათ, 14 აგვისტოს ბათუმში გათანამედროვებული „ქეთო და კოტეს“ პრემიერა გაიმართა. სწორედ იმ დღეს ვნახე ბატონი პრეზიდენტი, „ბათუმის შერატონში“ - თავის სართულზე გასამზადებლად ავიდა და სასტუმრო უკანა შესასვლელიდან დატოვა.

სააკაშვილს სასტუმროს მე-14-ე სართული მთლიანად დაკავებული აქვს, თუ იქ სხვებიც ცხოვრობენ?

- მას მთელი სართული დაკავებული აქვს. ამავე სართულზე, მასთან ერთად კიდევ ცხოვრობს მაგალითად, რომელიმე მინისტრი, თუ ვინმე სხვა, ამის დაზუსტებით თქმა არ შემიძლია. ფაქტი ისაა, რომ მეთოთხმეტე სართულზე ჩვეულებრივ მოკვდავს შესვლა აკრძალული აქვს. საერთოდ, როცა სააკაშვილი სასტუმროშია, დაცვა გაძლიერებულია, როგორც პირველ სართულზე, შემოსასვლელში, ისე ზემოთ.

სააკაშვილის გარდა კიდევ ვინ ცხოვრობდა „ბათუმის შერატონში“?

- მე ვნახე გია ბარამიძე, გიგი უგულავა, ეკა ტყეშელაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, გიორგი არველაძე, არჩილ გეგენავა, კობა დავარაშვილი - ესენიც „შერატონში“ ცხოვრობდნენ. ერთობოდნენ, როგორც ღია, ისე დახურულ აუზში, რის შემდეგაც ეგრეთ წოდებულ თურქულ აბანოებში შედიოდნენ. იცით როგორ არის?! - თუ ადამიანი აუზში იბანავებს, აუცილებლად მოხვდება ამ ე.წ. თურქულ აბანოში, ან სამასაჟეში.

რადგან მთავრობის წევრებია არიან, არა აქვთ უფლება აუზში იბანაონ და შემდეგ „თურქულ აბანოში“ შევიდნენ, მასაჟი გაიკეთონ?

- „ბათუმის შერატონში“ საკუთარი ფულით არ ვყოფილვარ და დისკომფორტი არ მქონდა იმისა, რომ აი, ასეთ ძვირადღირებულ სასტუმროშო ვიყავი. მე იქ სხვა მიზნით, ჩემი აზრით, კარგი მიზნით ვიყავი, მაგრამ ისინი იქ არ ყოფილან სამუშაოდ. თუ დასასვენებლად და დროის სატარებლად იყვნენ, მაშინ ეს შეხვედრები და „ქეთო და კოტეს“ პრემიერაზე წასვლა, უკვე აღარ არის დასვენება - ისინი იქ იყვნენ ოფიციალურ გახსნაზე, პრემიერაზე. ანუ სამსახურებრივად იყვნენ, ხომ?! ამ დროს, ძვირადღირებულ სასტუმროში ცხოვრებისთვის ბიუჯეტის თანხები იხარჯება. თან, მათი ნაწილი ოჯახის წევრებთან ერთად იყო.

თუ გაიგეთ რა ღირს ერთი ღამის გათევა, „ბათუმის შერატონში“?

- სხვადასხვა ფასებია, აპარტამენტებს გააჩნია. არის ნომერი, რომელშიც ღამის გათევა 220 დოლარი ღირს. მითხრეს რომ 150-დოლარიანი ნომრებიც არის. ლუქსში ღამის გათევა ბუნებრივია, გაცილებით ძვირი ეღირება.

როგორ ატარებდნენ ხელისუფლების წევრები დროს, „შერატონის“ აუზში?

- როდესაც ღია აუზში შევედით, ეგენი ირუჯებოდნენ. რამდენიმე მათგანი კონიაკს წრუპავდა. არჩილ გეგენავას ვიღაცეები ახლდნენ, ვფიქრობ, ბიზნესმენები იყვნენ. მათ უგულავაც შეუერთდა. ჩვენ, რომ შევედით, ვიღაცეებმა გვიცნეს და ვინც ვერ გვიცნო, ისინი, კონიაკით შემთვრალები აუზში გადახტნენ. ყვიროდნენ, უხაროდათ, ერთმანეთს ვითომ წყალს ასხამდნენ.

იქვე იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დასვენება, სიწყნარე უნდოდათ, რასაც ხელისუფლების წევრები და მათი კომპანიონები ურღვევდნენ. იქ ისეთი სიმშვიდეა, ბავშვმაც, რომ იტიროს, სხვა წუხდება. ისინი ხმამაღლა უყვებოდნენ ერთმანეთს დავუშვათ, რომელიღაც შეხვედრაზე „დოიმ“ რა გააკეთა - კურიოზებს ყვებოდნენ, ხარხარებდნენ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ესენი როდის ფიქრობენ ხალხისთვის?!

თქვენ როგორ გგონიათ?

- არ ვიცი, როდის ფიქრობენ, იმიტომ, რომ აუზის შემდეგ თურქულ აბანოში შედიან, მასაჟს იკეთებენ, მერე პრემიერებისთვის ემზადებიან, შემდეგ ბანკეტებია. იმ დღეს „ქეთო და კოტე“ იყო, მომდევნო დღეს „პიაცაზე“ გვერდწითელმა და ლეგრანმა იმღერა. ღამით სასტუმროში ბრუნდებიან და დისკოთეკაზე ერთობიან, იძინებენ და 12 საათზე იღვიძებენ. სულ რაღაცა იხსნება - ხან საძირკვლის ჩაყრა, ხან ფასადები, ხან სართულები, ხან მთლიანად შენობები, იმართება კონცერტები და ხალხზე როდის ფიქრობენ?!

ხომ არ გიცდიათ მათთვის დაგესვათ შეკითხვა - როდის ფიქრობენ ხალხზე?

- ორგანიზატორებმა ჩემი აქტივობების შესახებ კარგად იცოდნენ და თავის შეკავება მთხოვეს, რადგან ადვილად შესაძლებელი იყო ვიღაცას ფოტოაპარატი, ან ჩამწერი წაერთმია, რასაც ხმაური მოჰყვებოდა და სემინარის ორგანიზატორები უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩდებოდნენ.

იქ რომ ჩემი ხარჯით ვყოფილიყავი, ბუნებრივია, ამ კითხვას დავსვამდი და გაცილებით საინტერესო ფოტო და აუდიო მასალით ხელდამშვენებული ვიქნებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, მედია-საშუალებებს არა გვაქვს იმის საშუალება, რომ ასეთ ძვირადღირებულ სასტუმროში მშვიდად შევიდეთ, ნომერი დავიქირაოთ და ვაკონტროლოთ ხელისუფლების წევრები და მათთან დაახლოებული პირები დროს როგორ ატარებენ და ბიუჯეტის ფულს როგორ ხარჯავენ. როდემდე უნდა იცხოვრონ იქ, განცხრომაში?! - ჩვენ იქ სამი დღე ვიყავით, ისინი იქ დამხვდნენ და რომ წამოვედით, კიდევ იქ იყვნენ.

რა იცით სააკაშვილის იქ ცხოვრების წესზე?

- როგორც იქ მითხრეს, როდესაც სააკაშვილი აუზით სარგებლობს, იქაურობა იკეტება, ანუ სხვებს აღარ უშვებენ. კითხვაც გამიჩნდა - აქაურს თავი რომ დავანებოთ, უცხოელს რომ მოუნდეს აუზში ბანაობა, რას იტყვის-მეთქი?! ვეცადე ეს გამერკვია, მაგრამ ჩემი იქ ყოფნის პერიოდში აუზი არ დაკეტილა. ჩემდა სამწუხაროდ, არაფერი გამიგია აუზში მომხდარ გახმაურებულ ინცინდენტზე (რაზეც არაერთხელ დაიწერა), რადგან მეგონა, რომ ეს ამბავი სხვა სასტუმროში მოხდა.

ქეთო, კოტე, სიკო და ნიკოც ხომ არ გინახავთ „შერატონში“?

- კოტე, სიკო და ნიკო არ მინახავს, მაგრამ ქეთო, ხანუმა და მარინე ბერიძე ვნახე. უფრო კონკრეტულად, „შერატონში“ ცხოვრობდნენ: ნანი ბრეგვაძე, მარინე ბერიძე და სოფო ნიჟარაძე (სავარაუდოდ დედასთან ერთად). ესენი უშუალოდ მე დავინახე და დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით, არ მინახავს და ტყუილი რაში გვჭირდება?!

იმ პერიოდში ევროპიდან ახალგაზრდები ჩამოიყვანეს, ევროპელი და ქართველი ახალგაზრდების დაახლოების მიზნით და იქ აცხოვრეს. ამ საქმის ორგანიზატორი ვარძელაშვილის სამინისტრო იყო და ამ ახალგაზრდებს იქ მისი მოადგილე, გიორგი ავალიანი ახლდა.

მთავრობის წევრებიც იყვნენ დისკოთეკაზე?

- ზუსტად მაგ საღამოს არ ეცალათ, „ქეთო და კოტე“ იყო. ისე, ვინც სასტუმროში ცხოვრობს, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ყველაფერი, რაც არის შიგნით. იმ შენობაში ყოფნისას ვერ გაიგებ გარეთ რა ხდება და ჩვეულებრივი ადამიანები როგორ ცხოვრობენ. იქ სულ სხვა ქვეყანაა.

უცხოელი ტურისტები ისვენებენ „ბათუმის შერატონში“?

- მე რაც ვნახე, უმეტესობა ქართველები იყვნენ: მსახიობები, მომღერლები, მთავრობის წევრები და თავად პრეზიდენტი. ანუ ადამიანები, რომლებიც ისევ და ისევ საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

უცხოელებს რაც შეეხება, გითხარით, რომ ევროპიდან ახალგაზრდები იყვნენ, რომელთა დაბინავება-გამოკვებაც ალბათ, ჩვენი ბიუჯეტის ხარჯზე მოხდა. იქ იყო ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც იაპონელი, თუ ჩინელი ექიმები ახლდნენ - ისინი სემინარზე იყვნენ, ოღონდ არ ვიცი, ეს სემინარი ვინ დააფინანსა. უცხოელი ტურისტი მე იქ არ მინახავს.