რისთვის დაიჭირეს და რატომ გაათავისუფლეს ქურდული სამყაროს წევრი  და ქურდებთან მებრძოლი კახა მისირელი?

რისთვის დაიჭირეს და რატომ გაათავისუფლეს ქურდული სამყაროს წევრი და ქურდებთან მებრძოლი კახა მისირელი?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც თუ დიდი ხნის წინ, დიდი ამბით გვამცნო,  ქურდული ტრადიციების მიმდევრობის გამო, ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი დემეტრაძის დაკავების შესახებ.  მასთან  ერთად, კახა მისირელი და დავით გაგნიძე აიყვანეს.

მართალია, ძალოვნების ამ „წარმატებული ოპერაციის“ შემდეგ, აქცენტი ქურდულ სამყაროსთან დემეტრაძის კავშირზე გაკეთდა, მაგრამ დემეტრაძე-მისირელ-გაგნიძის დაკავების საქმეში არსებობს რამდენიმე უფრო მნიშვნელოვანი დეტალი: ის, რომ დემეტრაძესთან ერთად დაკავებული კახა მისირელი, მეტსახელად „შრეკი“, წლების განმავლობაში, შსს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ-ის) უფროსის მოადგილე, ირაკლი კოდუას მეგობარი და  მარჯვენა ხელი იყო. 

ოფიციალური ინფორმაციით, დავით გაგნიძის, გიორგი დემეტრაძის და კახა მისირელის დაკავებისას, ძალოვნებმა ერთ-ერთი მოქალაქისგან მიღებული 40 700 აშშ დოლარიც ამოიღეს, რომელიც დავით ფეიქრიშვილის მიერ,    წლევანდელ საფეხბურთო ჩემპიონატთან დაკავშირებით,  ე.წ. მაზით მოგებული თანხის - 140 000 დოლარის ნაწილი იყო. 

დემეტრაძისა და ე..წ „მაზავშიკების“, როგორც მას ძალოვანები უწოდებენ, დაკავების ვიდეოკადრები შსს-მ მალევე გაავრცელა. მომხდარი ნაციონალური არხებისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში წამყვანი თემა იყო.  ხაზი ესმებოდა, რომ ცნობილი ფეხბურთელი „ქურდული ტრადიციების მატარებელია“. 

ვატო ყიფიანი, რომელთან ურთიერთობის გამოც, დაკავებულებს ბრალი ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში დაასდეს, წლების წინ,  მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა მკვლელობა არ დაუმტკიცდა და  იარაღის უკანონო ტარების გამო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით, 2008 წლის 25 აგვისტოს ყიფიანი უდოს კომისიამ ვადაზე ადრე გათავისუფლა. 

ვატო ყიფიანისა და მისი ძმის, კოტე ყიფიანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირზე ბევრი დაიწერა, თუმცა ყიფიანის მეგობარი მთავრობის თუ პარლამენტის წევრების დაკავება აზრად არავის მოსვლია. 

ინფორმაციის გავრცელებისას, სამართალდამცავებს რატომღაც „გამორჩათ“  თუ  „დაავიწყდათ“ რაიმეს თქმა კახა მისირელის ბიოგრაფიის შესახებ, რომელიც 2007 წლის ნოემბრამდე ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო და შს სამინისტროში არაერთ საკვანძო თანამდებობაზე მუშაობდა. 

კახა მისირელის პირადი ჩხრეკის შდეგად ამოღებულია „გლოკის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია  მაუზერის და „იერიქოს“ ტიპის პისტოლეტები, ხელყუმბარა და საბრძოლო ვაზნები. ხოლო დავით გაგნიძის პირადი ჩხრეკისას, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები. მისირელი ამბობს, რომ როგროც შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, მას იარაღი ომის დროიდან ჰქონდა. 

რაც შეეხება გაგნიძის ჩხრეკისას ამოღებულ იარაღს, გაგნიძე აცხადებს,  რომ მას იარაღი არ ჰქონია,  ჩაუდეს და  იმ პირის ამოცნობაც შეუძლია  ვინც იარაღი ჩაუდო. 

ერთ-ერთი ვერსიით, კახა მისირელი ძმებ ახალაიებთან დაპირისპირების მსხვერპლი გახდა. ამბობენ, რომ ბოლო დროს მას ურიერთობა ვანო მერაბიშვილთანაც გაუფუჭდა. თუმცა, როგორც ჩანს, მისირელი საკამოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს, ამიტომ ბოლომდე არ გაწირეს და დაკავებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ  გირაოს, 5 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

„კახა მისირელი ღირსების ორდენის კავალერია, პოლიციის პოლკოვნიკია და არაერთხელ დაუჯილდოებიათ სამსახურებრივი მოვალეობის კარგად შესრულებისთვის. უხერხულად იგრძნეს თავი მის წინაშე და ამიტომ გაათავისუფლეს,“ - აცხადებს დემეტრაძის ადვოკატი გიგი ზირაქიშვილი. 

ადვოკატის  თქმით, არავინ ამბობს, რომ მისირელი დაჭრილი არ იყო და არ  ავადმყოფობდა, მაგრამ დაკავებული ფარატინა ქაღალდის საფუძველზე არასოდეს გაუთავისუფლებიათ. 

„კახა მისირელის გათავისუფლების საფუძველი  სამედიცინო ცნობა,  გახდა, რაც სასამართლომ გაზიარა. ასეთ  შემთხვევაში, კანონმდებლობა მოითხოვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლის საფუძველზეც გადაწყვეტილება უნდა  მიიღოს, მაგრამ ამჯერად  სასამართლო მხოლოდ ცნობას დასჯერდა, ასეთი რამ  არასოდეს  მომხდარა, რომ სასამართლოს ცნობის საფუძველზე ვინმე გაეთავისუფლებინოს“, -აცხადებს გიგი ზირაქიშვილი.

შუამდგომლობა დემეტრაძისა და გაგნიძის გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მათი ინტერესების დამცველმაც დააყენა.  „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფნი დანაშაულს არ აღიარებენ, დავაყენე შუამდგომლობა მათი უპირობოდ გათავისუფლების თაობაზე, ამავე დროს, ალტერნატივად 5-5 ათასი ლარიც შევთავაზე გირაოდ, რაზეც პროკურორმა უარი გვითხრა“, - ამბობს ადვოკატი.

ადვოკატის თქმით, არც გიორგი დემეტრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაა სახარბიელო. დაცვის მხარემ პროკურატურას პირადი თავდებობით მიმართა.  დემეტრაძეს და გაგნიძეს თავდებში კახა კალაძე და ინგა გრიგოლია უდგებიან. რა გადაწყვტილებას მიიღებს სასამართლო, რამდენად გაიზიარებს კახა კალაძის თავდებობას მალე გაირკვევა, თუმცა, როგორც ამბობენ. დემეტრაძის დაკავებით სწორედაც, რომ კალაძეზე უნდოდათ გასვლა.

 ჩვენი ინფორმაციით,  დემეტრაძეს საკანში შესული  სამართალდამცველები მისგან გათავისუფლების სანაცვლოდ თანამშრომლობას მოითხოვდნენ, რასაც დემეტრაძე არ დათანხმდა.

ადვოკატი ზირაქიშვილი აცხადებს, რომ დემეტრაძისა და გაგნიძის წინააღმდეგ  გამოძიებას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, ხოლო მას საქმის გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. „სამმართველოში შემოვარდა ვიღაც, გამომძიებლის თვალწინ გამოგვგლიჯა ხელიდან საქმის მასალები და დეტექტივების სამმართველოს მეორე განყოფილების საგამოძიებოს უფროსს, დიმიტრი შაორშაძესთან შეიტანა. შაორშაძემ განგვიმარტა, საქმე პროკურორმა მოითხოვა და როცა შევძლებთ, მაშინ გაგაცნობთო.

დღემდე ვითხოვთ საქმის მასალების გადმოცემას, მაგრამ არ გვაძლევენ. მთელი რიგი კანონდარღვევებია ამ საქმეზე, რაც სააბოლოდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდება“, - აცხადებს დაკავებულთა ინტერესების დამცველი.

მისირელის ძველი და მივიწყებული ცოდვები

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კახა მისირელის სახელი გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. 2005 წელს, შს სამინისტროს თანამშრომლებმა გიორგი ხუხიამ და თემურ რევაზიშვილმა უჩივლეს. ისინი სოდ-ის უფროსს და მის მოადგილეს, კახა მისირელს შანტაჟში, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და მკვლელეობის მცდელობაში ადანაშაულებენ.

 

შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თემურ რევაზიშვილი აცხადებდა, რომ მისირელის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით, 2005 წლის 21 მაისს, საღამოს 8 საათზე, წყნეთთან ახლოს სასტიკად სცემეს და მისი მოკვლაც სცადეს. „მისირელი ჩემგან ნარკოტიკების გასაღებაში მონაწილეობისა და მექრთამეობის აღიარებას ითხოვდა. ასევე ითხოვდა, რომ არ მელაპარაკა ნარკომოვაჭრეებთან მისი კავშირების შესახებ“, – აცხადებდა მაშინ რევაზიშვილი.

მსგავს ბრალდებებს უყენებდა ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობას 2005 წელს, ამავე დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ხუხია, რომლის თქმითაც, 2005 წლის 21 მაისს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მისირელმა კაბინეტში პირადად, სცემა.  

ხუხიას თქმით, ცოტა ხნით ადრე, მისმა ერთ-ერთმა ინფორმატორმა, რომელიც შსს-ს ყოფილი თანამშრომელი და ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ კახა მისირელი ნარკოტიკების გამსაღებლებს მფარველობდა. ხუხიამ ინფორმაცია შსს–ს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსს, ლაშა არველაძეს მიაწოდა, რის შემდეგაც, მისირელმა ხუხიას საქმის გამოძიება პირადად დაავალა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ, მას მერე, რაც ნარკოტიკების გამსაღებელზე კონკრეტული ინფორმაციის მოგროვება ვერ მოხერხდა, თავადვე მოითხოვა ხუხიასაგან საქმეზე მუშაობის შეწყვეტა. 

მაშინ ხუხია აცხადებდა, რომ მისირელმა სატაბელო იარაღის კონდახი თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. ხუხია აცხადებს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მისგან მექრთამეობისა და ნერკოტიკების გამსაღებლებთან თანამშრომლობის აღიარებასა და სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას ითხოვდა. 

მაშინ საჩივარი გენერალური პროკურორის, გიორგი ლაცაბიძის სახელზეც დაიწერა, თუმცა საქმე ადგილიდან ფაქტობრივად არ დაძრულა. შსს-ს პოლკოვნიკი მისირელი კი წლების განმავლობაში ჩვეულებრივად აგრძელებდა  სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე მუშაობას. ჩვენს მიერ „აღმოჩენილი“ ბრალდებების გარდა, როგორც თავად გამოძიება ამტკიცებს, მისირელი ერთდროულად ქურდული სამყაროს წევრიც იყო  და ქურდებთან მებრძოლიც.