განათება, კამერა, საქართველო

განათება, კამერა, საქართველო

[Foreign Policy  ჯოშუა კიტინგი]

15 აგვისტოს, ახალი ფილმის „აგვისტოს ხუთი დღის“ ამერიკულ პრემიერას დავესწარი. ე.წ. „ექშენი“ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს არის გადაღებული. ფილმთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა ინტერესმა ძირითადად შემდეგი საკითხის ირგვლივ მოიყარა თავი: ვინ არის მისი დამფინანსებელი. ფილმის ყველაზე მსხვილი სპონსორი ქართველი ოქროს მაგნატი და ამავდროულად ქვეყნის პარლამენტის წევრია, ფილმის შემქნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა სამხედროებმა, ფილმის რეჟისორი ნაკლებად ნიჭიერი რეჟისორი რენი ჰარლინია, რომელიც დიდწილად ცნობილია უფრო პოპკორნული მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით, როგორებიცაა „კერკეტი კაკალი 2“ და „მთამსვლელი“, ვიდრე პოლიტიკური დრამებით

ფილმის პოლიტიკური გზავნილი ნაკლებად მაინტერესებდა – ეს პროქართული ანტი-რუსული კინოა, რაც არც იმალება. მე იმის გაგება უფრო მსურდა, თუ რამდენად შთამბეჭდავია ის. როგორც სჩანს ამ პროექტის მხარდამჭერებს, რაღაც „რუანდას“ ოტელის” (Hotel Rwanda) ან „სიკვდილის ველების” (The Killing Fields) მსგავსის შექმნა სურდათ – ფილმების, რომლებმაც საკმაოდ კარგად შეასრულეს ინფორმაციული ფუნქცია და იმ საერთაშორისო ტრაგედიების ერთგვარი ნარატივი შექმნეს, რომლებმაც თავად ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს, ვერ მიიპყრეს შეერთებული შტატების ყურადღება. ფიქრობენ თუ არა ისინი, რომ ადეკვატური ინვესტიცია განახორციელეს?

სინამდვილეში არა. ფილმში თავისუფალი ტელეჟურნალისტის თომას ანდერსის (მსახიობი რუპერტ ფრენდი) გათავისუფლების ისტორიაა მოთხრობილი. თავდაპირველად ის ჩანს ერაყის სცენაში, რომელიც ამავდორულად განსაზღვრავს მის შინაგან კონფლიქტს – მთელი ფილმის განმავლობაში ის ებრძვის დანაშაულის განცდას, რომელიც მისი შეყვარებული გოგონას (რომელსაც რატომღაც თამაშობს ჰიზერ გრემი) დაღუპვით არის გამოწვეული და პარალელურად აშუქებს ქართული არმიის მონაწილეობას ერაყის ამერიკულ ომში.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩრდილოეთ-კავკასიაში სიტუაცია მწვავდება, როგორც ამას ექსპოზიცია გვიჩვენებს – უამრავი საინფორმაციო პროგრამა, სადაც აჩვენებენ რუსეთის ანიმაციურ რუკას, შესრულებულს „წითელი საფრთხის“ სტილში. ეს საფრთხე რუსეთია, რომელიც საკუთარ მეზობლებს შთანთქავს („კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცივ ომში: გაგრძელება“, ამბობს ერთ-ერთი გმირი იმ შემთხვევისთვის, თუკი თქვენ მინიშნება ვერ გაიგეთ).

ანდერსი და მისი სიმპათიური ბრიტანელი ოპერატორი სებასტიანი თბილისში მიფრინავენ და აი აქ იწყება მაყურებლის დაპურება Travel Channel-ის სტილში დამონტაჟებული საქართველოს შესანიშნავი ხედებითა და ქართველების სცენებით. (არ შემიძლია არ დავუფასო ჰარლინს საქართველოს წარმოჩენა, ერთდროულად როგორც წარმოუდგენელი სისასტიკეების მსხვერპლად და ამავდროულად ტურიზმის შესანიშნავ მიმართულებად. ამ მხრივ კულმინაცია სოფლის ქორწილია, სადაც ავთენტურ ნაციონალურ ცეკვებს რუსული დაბომბვა წყვეტს და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს თან ახლავს სისხლის გუბეები და მოგლეჯილი სხეულის ნაწილები).

ანდერსი და სებასტიანი სამხრეთ-ოსეთში გადადიან, სადაც სამხედრო მოქმედებების გამო ხაფანგში ებმებიან, ისინი გადაარჩენენ ლამაზ ქართველ სტუდენტ გოგონას, რომელიც პოლიტოლოგიას სწავლობს და რომელსაც თამაშობს ემანუელ შრიკი, სერიალიდან „ანტურაჟი“ (Entourage) და სოფელში ხოცვა-ჟლეტის მოწმეები ხდებიან, რომელსაც აწყობენ პრორუსული ძალების არალეგალური მებრძოლები დემონური, ტატუირებული კაზაკის მეთაურობით.

ფილმის მეორე ნაწილში ჩვენი გმირები ცდილობენ გადაღებული ვიდეო მასალის მსოფლიოსთვის გადაცემას, ვიდრე ქვეყანა სისხლის გუბეებში ეფლობა. პატარა ეპიზოდში ჩნდება ველ კილმერი, რომელიც ბრუტალური ლექსიკის და ალკოჰოლიკი სამხედრო კორესპონდენტის როლს თამაშობს, რომელიც დაახლოებით ასეთ ფრაზებს ამბობს: „ომი ჰგავს ბებერ, უკბილო მეძავს“.

ეს სიუჟეტური ხაზი წყდება თბილისის სცენებით, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით, რომელსაც ენდი გარსია განასახიერებს. პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას იმაში, რომ ის როგორმე ჩაერიოს. (ვაშინგტონელი აბეზრები ძალიან კმაყოფილები დარჩებიან ისეთი სცენებით, როგორიცაა მოწოდებები სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწის და ამჯერად აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის მეთიუ ბრაიზას მიმართ).

ფილმს გარკვეული პრობლემები აქვს ტონალობის თვალსაზირით. რაღაც მომენტში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ესვრიან მოხუც ქალს ფეხებში და დაჭრილს სტოვებენ, რამდენიმე წუთში კი ქართველო კომანდოსი ფანჯრებიდან იჭრება შენობაში მსხვერპლის გადასარჩენად, ჯონ მაკლეინის სტილში. სიუჟეტის რამდენიმე მომენტი საერთოდ გაუგებარია (მაგალითად, რატომ უწევთ ჩვენს გმირებს გორის მიტოვებულ სამაუწყებლო ცენტრში შეღწევა, როდესაც ქალაქს ბომბავენ იმის ნაცვლად, რომ თბილისში დაბრუნდნენ, სადაც დასავლური პრესის ნახევარი დაბანაკდა?). გარსია სააკაშვილს ფიზიკურად კარგად შეესაბამება და მას საკმაოდ კარგად თამაშობს, მაგრამ დანარჩენი მსახიობები ძალიან არათანმიმდევრულები და ხელოვნურები არიან, განსაკუთრებით შრიკი, რომელსაც აქცენტი არა აქვს და ეს არადამაჯერებლად აიხსნება იმით, რომ ის აშშ-ში სწავლობდა.

ფილმთან დაკავშირებული კიდევ უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ ვერ გაიგებ რისი თქმა სურდა მას და ვისთვის. ფილმი სენატორ ჰირამა ჯონსონის ცნობილი ციტატით იწყება: „ომის პირველი მსხვერპლი, სიმართლეა“. (იზოლაციონისტი ჯონსონი სავარაუდოდ აუცილებლად გააპროტესტებდა საქართველოში ინტერვენციას). ჟურნალისტები მუდმივად სწუხან მსოფლიოს გულგრილობაზე იმ კონფლიქტის მიმართ, რომელიც 2008 წლის ოლიმპიადის დროს მოხდა. მეტიც, როგორც ამას ერთი პერსონაჟი ამბობს „ყველა იზიარებს კრემლის ვერსიას“, რომ საქართველომ პირველმა გახსნა ცეცხლი, ხოლო რუსეთის არმია მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით მოქმედებდა.

მე სხვაგვარად მახსოვს. სინამდვილეში ომი შედარებით სერიოზული ისტორია მისი მიმდინარეობის დროს გახდა. სააკაშვილი მუდმივად გამოსთქვამდა საკუთარ მოსაზრებებს დასავლურ მედიასთან ინტერვიუებში. მეტიც, სენატორმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ისიც კი განაცხადა „ჩვენ ყველანი ქართველები ვართო”.

სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველო ამოვარდა ამერიკელების უმრავლესობის ყურადღების არეალიდან, მაგრამ ქვეყანას კვლავ საკმაოდ ძლიერი წარმომადგენლობა ჰყავს ვაშინგტონში, რაც ფილმის პრემიერამაც დაადასტურა და იმ დოზით, რა დოზითაც ამერიკელების უმრავლესობას ახსოვს ეს ომი, მე ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი ქართველებს გულშემატკივრობდნენ.

ვეჭვობ, რომ რუსეთის არმიის უკიდურესად ნეგატიურად წარმოჩენა ფილმში ბევრი ამერიკელისთვის შოკისმომგვრელი იქნება, მათ ხომ ათწლეულების განმავლობაში კვებავდნენ ბოროტ რუსებზე გადაღებული ფილმებით. ის ადამიანები კი, რომლებმაც სიტუაციის შეახებ კარგად იციან, საეჭვოა ფილმის შემდეგ აზრი შეიცვალონ. ველ კილმერი ის პერსონაჟი არ არის, რომელიც ამ ფილმს დიდ შემოსავალს მოუტანს.
foreignpress