ვინ არის საქართველოსათვის რუსეთის მოქალაქე ქსენია სობჩაკი? პასუხი ამ კითხვაზე მხოლოდ და მხოლოდ ასე შეუძლება ჟღერდეს: არც არავინ! სობჩაკი ბოლომდე არც ჟურნალისტია, არც მოდელი, არც პოლიტიკოსი. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, 20 კილომეტრზე ბულვარგადაჭიმულ ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს ესტუმრა.
ბევრისდა გასაკვირად, მიხეილ სააკაშვილი სობჩაკს საკმაოდ გულთბილად დახვდა მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს მაისურზე არც მეტი, არც ნაკლები – ვლადიმერ პუტინის სახე ეხატა. როგორც სობჩაკი იხსენებს, “სააკაშვილს არ მოეწონა მის მაისურზე პუტინის ნახვა და საყვედურიც დასცდა – ეგ კაცი საქართველოს მტერია და მისი გამოსახულებიანი მაისურით რატომ მოხვედიო”, თუმცა ეს იყო და ეს, საბოლოო ჯამში პიტინისსახეგამოსახულ სტუმარს საქართველოში საკმაოდ დიდი პატივი სცეს და მოსკოვში ჩასული სობჩაკი არც მალავდა, რომ ქართულმა სტუმარ-მასპინძლობამ მის მოლოდინს გადააჭარბა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ჩნდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კითხვა – რატომ? რატომ ხვდება საქართველოს პრეზიდენტი, (რომელიც მტერთან კავშირში არაერთო ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ადანაშაულებს) ისეთ პერსონას, როგორიც პუტინის მეგობარი და თინა კანდელაკის დაქალი სობჩაკია. რატომ ვცემთ სობჩაკს პატივს?
თუ გსურთ, სობჩაკის ბათუმური ვიზიტის მთელი უცნაურობა შეიგრძნოთ, მის საუბარს უნდა მოუსმინოთ. ინტერნეტ-გამოცემა lifenews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქსენიამ აღიარა, რომ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისთვის შეგნებულად, პუტინის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვა, რადგან იცოდა, როგორი რეაქცია ექნობოდა ამაზე სააკაშვილს. სობჩაკის თქმით, სააკაშვილი მის ”მკერდს თვალს არ აშორებდა და აშკარად უკმაყოფილო იყო".
"მითხრა, რომ პუტინი მისი ქვეყნის მტერია, რაზეც ვუთხარი: ხომ ამბობთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა გაქვთ. მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, ხომ მაქვს უფლება, ჩემი საყვარელი პრემიერ-მინისტრის პორტრეტიანი მაისურით გესტუმროთ?"
რაც შეეხება შეხვედრის დეტალებს, ტელეწამყვანის თქმით, ის კარგად იყო ორგანიზებული და საქართველოს პრეზიდენტმა მას 5 საათი დაუთმო. სობჩაკის თქმით, თვითმფრინავით მგზავრობისას სააკაშვილმა მას პირადად შეუკრა უსაფრთხოების ღვედი, როდესაც ფრენის შიშმა აიტანა.
ამ საკითხზე მეტად საინტერესო დასკვნებს აკეთებს ფსიქოლოგი – ლელა ივანიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ სობჩაკისა და სააკაშვილის შეხვედრა ერთი დიდი და საერთო ქართული პრობლემის ნაწილია.
ლელა ივანიშვილი, ფსიქოლოგი: “სააკაშვილი პუტინს არამხოლოდ იდეურ, არამედ პირად მტრად ნამდვილად მიიჩნევს და ეს სობჩაკის სიტყვებიდანაც ჩანს, როდესაც ამბობს, თუ როგორი დაჟინებით შესცქეროდა სააკაშვილი მის მკერდს, სადაც პუტინი იყო გამოსახული.
მკერდზე ცქერის ფაქტი მრავალგვარად შეიძლება იყოს გაგებული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ეს არის პუტინი-სააკაშვილის არამხოპლოდ პოლიტიკური კონკურენციის კიდევ ერთი ასპექტი. ანუ, სობჩაკს - გარეგნულად საკმაოდ ლამაზ ქალს, მკერდზე ახატია სააკაშვილის მთავარი მტერი, რაც იმ მომენტში სააკაშვილისათვის მეტად დამამცირებელი შეიძლება ყოფილიყო.
და მაინც, რატომ უმასპინძლა ასე თბილად სააკაშვილმა სობჩაკს?
- მე ვერ გეტყვით რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ ან სააკაშვილს, ანდა სობჩაკს, მაგრამ ფაქტია, რომ მიშას მხრიდან ეს იყო საკუთარი დემოკრატობისა და მშვიდობისმოყვრეობის საკმაოდ ბანალური ჟესტით აფიშირება. ღვედის შეკვრით საეჭვოა ზოგადად ვინმეს გული მოიგო. მით უმეტეს მოიგო ისეთი ქალის გული, რომლის სტუმრობის მიზეზიც აშკარად პოლიტიკური და არაკეთილისმსურველურია.
როგორ შეიძლება მიიღოს სობჩაკის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტი რუსულმა, ან ქართულმა საზოგადოებამ?
- რუსების ფსიქოლოგიაში ყოველთვის დევს პრინციპი, რომ “ბოიარი ყოველთვის მართალია”. შესაბამისად, “მართალია” მისი მტრის ბანაკში წარგზავნილი ქალის ემისარიც, ამ შემთხვევაში ქსენია სობჩაკი. ამიტომ, რუსებისათვის სობჩაკი შესაძლებელია გმირიც კია, რომელსაც არ შეეშინდა და “შუაგულ მტრის ბანაკში” ამოჰყო თავი.
რაც შეეხება ქართველების პოზიციას, ჩვენთან უკვე კარგა ხანია ორი კატეგორიის ადამიანები ჩამოყალიბდნენ, რომელთა ერთი ნაწილი სააკაშვილს ყველაფერში გაამართლებს, თუნდაც ამ უკანასკნელმა კანონი საქვეყნოდ დაარღვიოს. ხოლო მეორე ნაწილი ყველგან და ყველაფერში მიშას ამტყუნებს და ადანაშაულებს. სამწუხაროდ, ძალზედ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყველაფერს მხოლოდ ობიექტური კუთხით შეაფასებენ და არა ემოციებზე აყოლით.
ანუ, საქართველოში კარგა ხნის განმავლობაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე იყო. სააკაშვილის სობჩაკთან შეხვედრას ზოგი გაამართლებს და იტყვიან: “ეს ბრძნული პოლიტიკური ნაბიჯი იყოო”, ზოგი რუსებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულებს და საბოლოოდ ამით არაფერი შეიცვლება. სამწუხაროოდ, ბოლო წლების მანძილზე სწორედ ასეთია ქართული რეალობა”
ახლა კი მოვუსმინოთ პუტინის მიერ მიწასთან გასწორებული ერედვიდან დევნილ მევლუდ ქრისტესიაშვილს, რომელიც არასოდეს შეხვედრია სობჩაკს და მას (ისევე როგორც დანარჩენ მოქალაქეებს) სულ სხვა პრობლემები აწუხებს.
მევლუდ ქრისტესიაშვილი: “ჰო, რა თქმა უნდა ჩვენ გოიმები ვართ შვილო! აბა რა ვართ.. ჩვენ არც გვეკონცერტება და არ გვეცეკვათამაშება.. ამიტომაც, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მერე რა, რომ მთელი ლიახვის ხეობის ის სოფლები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია, უსარწყავობით გადაიწვა.. ვის რა ფეხებზე კიდია ახლა ესა? მთავარია, ვინც კი რუსი ჩათ...ხი და ნაბო..ია ყველა კარგად დასვენონ ბათუმში და სარწყავი არა ისა..
არადა, რამდენი ხანია ვიხვეწებით, რომ გააკეთონ ახალი საგუბარი, რადგან კოკოითი სარწყავს ალბათ აღარასოდეს გამოუშვებს და ჩაუხმა ხალხს ყველაფერი. ზამთარში თავი როგორ უნდა გაიტანოს ხალხმა? ესენი კიდევ გვეუბნებიან, ახალი სარწყავი სისტემების გაკეთება ძვირი ჯდება და ბიუჯეტში ჯერ არ გაგვითვალისწინებიაო.. ვიღაც ტრა..შუილა ხალხის კონცერტები ხომ კარგად დააფინანსეს. ალბათ ეგაა მთავარი ქვეყნისათვის და ჩვენ ვერ ვხვდებით. ანდა, როგორ მივხვდებით, ხომ გითხარით, რომ ჩვენ გოიმები ვართ!..”
მევლუდ ქრისტესიაშვილის მსგავსად , ჩვენთვისაც გაუგებარი რჩება ეს ყველაფერი. უცნაურზე მეტიც არის, როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდი მტრის მეგობარს ჩვენი პრეზიდენტი თბილად ხვდება. ამ დროს კი საერთოდ არავის ახსოვს, განადგურებული თამარაშენი, ერედვი, კეხვი და სხვა ადგილები, რომლებიც პუტინმა და სობჩაკმა, სულ ცოტა ხნის წინ “სამხრეთ ოსეთის” განუყოფელ ტერიტორიად” გამოაცხადეს.