[ნინო
მიქიაშვილი]
როინ (რომა) შავაძის მკვლელობის
სამი წლისთავზე ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ისევ არ უცვნიათ,
ადვოკატ რამინ პაპიძეს საქმის მასალებს არ აცნობენ. შავაძის
საქმის ირგვლივ დეტალურად არიან ინფორმირებულები ევროსტრუქტურების წარმომადგენლები - ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე შავაძის საქმის მოსმენაა დაგეგმილი. შავაძის მკვლელობის საქმის გამოძიებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა. დასკვნა მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში
ჯერ ინგლისურ, ხოლო მოგვიანებით ქართულ
ენებზე გამოქვეყნდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ მომზადებულ ვრცელ დოკუმენტში, კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვის ნაწილში, სადაც საუბარია საქართველოში „პიროვნული ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე“ და მათ შორის „სიცოცხლის თვითნებური ან უკანონო ხელყოფის“ ფაქტებზე, როინ შავაძის შესახებ შემდეგ რამ წერია:
„ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით. არსებული ბრალდებების თანახმად, როინ შავაძე პოლიციამ 2008 წელს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. იუსტიციის სამინისტროს განცხადების თანახმად, 2008
წელს ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად აჭარის პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფს გადასცა; წლის ბოლოს გამოძიება გრძელდებოდა“.
მიმდინარე წლის 1 მარტს, ბრიუსელში ყოფნისას, მედია-კავშირ „ობიექტივის“ და „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა, შავაძის საქმის მასალები ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჰაიდი ჰაუტალას გადასცეს. იქვე გაირკვა, რომ შავაძის საქმის განხილვა მოხდება ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
ჩვენ დავინტერესდით რა სტადიაშია როინ შავაძის მკვლელობის საქმე და 9 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელს, ხათუნა იოსავას წერილობით მივმართეთ. ჩვენ ვითხოვთ მთავარმა პროკურატურამ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, გვიპასუხოს შემდეგ კითხვებზე:
2008 წლის 16 აგვისტოდან, როინ შავაძის მკვლელობიდან დღემდე კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებებია განხორციელებული და რა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას აპირებებენ სამომავლოდ? როინ შავაძის სისხლის სამართლის საქმეზე რატომ არ ხდება მისი მეუღლის, ციცინო შავაძის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა და რატომ არ ცნობენ ადვოკატ რამინ პაპიძეს, ეჭვმიტანილ როინ შავაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, იმის გათვალისწინებით, რომ პაპიძე ციცინო შავაძესთან შეთანხმებით ახორციელებს დაცვის უფლებას?
ამ კითხვებზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. არც ის უთქვამთ, რომ აუცილებლად გვიპასუხებენ და არც ის, რომ პასუხს არ გამოგვიგზავნიან.
„რაც დრო გადის, ჩემთვის ყველაფერი უფრო მტკივნეული და მწარეა. სული მტკივა. რაღა დამრჩენია?! სასაფლაო, ეკლესია და ლოცვა. ერთადერთი ოცნება მაქვს - მინდა სამართალმა იზეიმოს“, - ასეთ კომენტარს აკეთებს ჯარისკაცის ქვრივი, ციცინო შავაძე ჩვენთან სატელეფონო საუბრისას, მეუღლის მკვლელობის სამი წლისთავზე.
მისგან შევიტყვეთ ისიც, რომ როინ შავაძის მეგობრები ღიად გამოჩენას ისევ ერიდებიან:
„გუშინ, გვიან საღამოს მოვიდნენ და მოიბოდიშეს - „16-ში ვერ მოვალთო“. ზოგმა რა პრობლემა დაასახელა და ზოგმა რა, რაც ჩემთვის გასაგებია - მათი ძალიან კარგად მესმის“.
ვიცით ის, რომ როინ შავაძის საქმე უახლოეს პერიოდში ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. შავაძეების უფლებების დამცველი ადვოკატი, რამინ პაპიძე სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარზე მუშაობას თბილისში გააგრძელებს, რადგან პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალებას ბათუმში აღარ აძლევენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2011
წლის 21 მაისს გამართული აქციის გამო დაკავებულების პროცესზე, 28 ივლისს, მოსამართლე ვერა დოლიძემ რამინ პაპიძე ჯერ დააჯარიმა, ხოლო შემდეგ დარბაზიდან გააძევა, რა დროსაც მას მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პაპიძე იქით დაადანაშაულეს და იმავე დღეს გასცეს მისი დაკავების ბრძანება.
ამ ფაქტის შემდეგ გახდა ცნობილი ის, რომ 21 მაისს დაკავებულების საქმეზე მოსამართლე ვერა დოლიძემ პაპიძე 3 000
ლარით დააჯარიმა, ხოლო მანამდე სხვადასხვა საქმეებზე გამოწერილი ჯარიმების რაოდენობამ 8 ათასი ლარი შეადგინა. ამას ემატება ისიც, რომ შავაძის საქმეში (და არა მარტო შავაძის) გამოჩენილი პრინციპულობის გამო, ის ადამიანები, ვის ინტერესებსაც რამინ პაპიძე იცავდა, აიძულეს მასზე უარი ეთქვათ.
რამინ პაპიძის დაკავების შემდეგ, მისი პროფესიული დევნის შესახებ არაერთი განცხადება გააკეთეს ბათუმელმა ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა.
„რამინ პაპიძის დაპატიმრება არის ფაშისტური რეჟიმის შურისძიება, დამოუკიდებელ ადვოკატთან მიმართებაში, რომელიც ამ ხელისუფლებას ყელში ჰყავდა გაჩხერილი, შავაძის ინტერესების დაცვის შემდეგ და რომელიც იბრძოდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის, იცავდა უკანონოდ დაკავებული ადამიანების უფლებებს და იყო და არის ადვოკატთა ასოციაციის ღირსება. სწორედ ამ ღირსეული და ფასეული მოქმედებების გამო გახდა იგი სააკაშვილის რეჟიმის მორიგი მსხვერპლი“, - ასეთი კომენტარი გააკეთა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, რამინ პაპიძის დაპატიმრების შემდეგ.
10-დღიანი პატიმრობის ვადა რამინ პაპიძეს 7-8 აგვისტოს, პირველის ნახევარზე დაუმთავრდა. ბათუმის დრობითი მოთავსების იზოლატორთან მის გათავისუფლებას ტაშით შეეგებნენ ბათუმელი ადვოკატები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები. სწორედ მისი გათავისუფლების შემდეგ შევიტყვეთ ის, რომ პაპიძე პროფესიულ საქმიანობას თბილისში გააგრძელებს და სტრასბურგში გასაგზავნ საჩივარზე მუშაობასაც აქ დაასრულებს.
ზემოთ მოსამართლე ვერა დოლიძე ვახსენეთ და ახლა შეგახსენებთ, რომ ეს ის ვერა დოლიძეა, რომელმაც წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახა. ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ. მანამდე კი იმასაც შეგახსენებთ, რომ წარჩინებული მოსამართლე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კონსტანტინე კუბლაშვილმა 15 ივლისს ჯერ შეაქო - „კმაყოფილი ვარ ვერა დოლიძის მუშაობითო“ და შემდეგ კალმისტარი უსახსოვრა. ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეოკადრები
tv25.ge-ზე შეგიძლიათ იხილოთ, ნათია როყვას, ვაჟა კეშელავასა და რამაზ ფანცულაიას მიერ მომზადებულ სიუჟეტში, სათაურით - „რისთვის შეაქეს მოსამართლე ვერა დოლიძე“.
2010 წლის 13 დეკემბერს გამოვაქვეყნეთ მასალა, სათაურით - წამებით მოკლული როინ შავაძე სასამართლოში მოწმედ გამოიძახეს, რომელიც სურვილის შემთხვევაში ინტერნეტში შეგიძლიათ მოძებნოთ და წაიკითხოთ. აი, რა გვიამბო მაშინ ციცინო შავაძემ:
„ჩვენს ოჯახში 6 დეკემბერს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი და გოგონა მოვიდნენ და მითხრეს – „როინ შავაძე სასამართლოში, ვერა დოლიძესთან არის დაბარებულიო“. კინაღამ გავგიჟდი, ჭკუიდან გადავედი, ხმამაღლა ვიკივლე – მიაკითხეთ სასაფლაოზე და გამოგყვებათ–მეთქი...“
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ როინ შავაძის მკვლელობის მოკლე ისტორიას და ასე მოვიქცევით, სანამ ჩვენი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის საშუალება გვექნება და სანამ შავაძის საქმეს ობიექტურად არ გამოიძიებენ. ჩვენი ნაამბობი ეფუძნება ჯარისკაცის მკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ, ჩვენს მიერ ჩატარებულ პირველ ჟურნალისტურ მოკვლევას, რომელიც გაზეთ „რეზონანსში“ 2008
წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, სათაურით - „ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს“.
სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, უფროსი სერჟანტი, როინ (რომა) შავაძე, ცხინვალის ომიდან სახლში 2 დღის დაბრუნებული იყო, როცა ბათუმის ცენტრში, შუადღეს, ოქროს ბირჟასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. ეს ამბავი 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა. დაკავებისას ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ. ჯარისკაცის დაკავების ამბავი მისმა მეუღლემ შემთხვევით, ტელეფონით შეიტყო. ოჯახმა მის ასავალ–დასავალს, რომ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს - გიორგი ჩარკვიანს და ლადო მგალობლიშვილს დახმარებისთვის მიმართა, მაგრამ როინ შავაძის ადგილსამყოფელი ვერც მათ დაადგინეს.
გვიან საღამოს, სახლში მყოფ შავაძეებს, ქუჩიდან უბნის პოლიციის თანამშრომლებმა შესძახეს – „რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო“. საავადმყოფოში მისულებს ჯარისკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში კი არა, პროზექტურაში დახვდათ, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავლად მყოფმა სამართალდამცველებმა ჯარისკაცის ქვრივსა და ნათესავებს ხმის ამოღება აუკრძალეს.
ზეწოლის ამგვარი ფორმა, რამდენიმე თვის შემდეგ ტერორში გადაიზარდა – გაჩუმების სანაცვლოდ სოლიდურ თანხას სთავაზობდნენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მას შემდეგ, რაც ამ საქმეს იმჟამინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა საერთაშორისო რეზონანსი მისცა. შავაძის ოჯახისა და ნათესავების დატერორების ამბავზე პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი თარგამაძემ ილაპარაკა, ტელევიზიით „ახლებმა“ და „რესპუბლიკელებმა“. ჯარისკაცის ქვრივი ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, თომას ჰამარბერგსა და საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ერიკ ფურნიეს შეხვდა და საქმის ვითარება გააცნო, პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რის შედეგადაც ციცინო შავაძეს დაცვა დაუნიშნეს, რაც რეალობაში იმით გამოიხატა, რომ შავაძეების მიმართ ღია ტერორი შეწყდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც წინ უძღვოდა შავაძის მკვლელობას – წინა დღეს როინ შავაძეს კუდ–ის წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად „მაიმუნამ“ (გავრცელებული ინფორმაციით, კუდ–ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას დავალებების უშუალო შემსრულებელმა) მიაკითხა, აჭარის კუდ–ის შენობაში მიიყვანა და ნახევარ საათში უკან დააბრუნა.
სახლში დაბრუნებულმა როინ შავაძემ მეუღლეს უთხრა, რომ „მაიმუნა“ და მისი თანხმლები პირები მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ – „მე ეს ხალხი არ მომწონს. რაში სჭირდებოდათ ჩემთან იარაღით მოსვლა?! სამინისტროში მიმიყვანეს; ერთ-ერთ კაბინეტში ჩემთვის უცხო კაცი იჯდა. „მოვიყვანე და ჰკითხეო“, - უთხრა მას „მაიმუნამ“. „მერე და ვინ დაგავალა მისი მოყვანა, ან რა უნდა ვკითხოო?!“ - ხელები გაშალა იმ კაცმა“.
გზაში „მაიმუნას“ უკითხავს - „თუ იცი რამდენია მკვდარიო?“ ამის გამო რომა აღელვებული იყო - „მე რა, მკვდრებს ვითვლიდი, თუ სათვალავად ვყავდი გაშვებული, ეს რატომ მკითხეს, რა უნდათ ჩემგანო?!“ რომამ მითხრა - „უკან რომ წამომიყვანეს, ისინიც მაყუჩიანი იარაღებით იყვნენ და აღმოსავლური კილო ჰქონდათ. ნუთუ უნდა მომკლანო?!“ რატომ უნდა მოგკლან-მეთქი, - ვკითხე შეშფოთებულმა, რაზეც მომიგო – „მე არაფერი არ ვიცი, მე არაფერი გამიკეთებიაო“.
მიმდინარე წლის 7-8 აგვისტოს, ბათუმში სტუმრობისას, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი წყაროსგან შევიტყვეთ, რომ „მაიმუნამ“ საქართველო დატოვა და ახლა ის ევროპაშია. „მაიმუნამ“ აქაურ საქმეებს თავი გაარიდა და თუ ახალი დავალების შესასრულებლად გაუშვეს, ჩვენთვის, სამწუხაროდ, უცნობია.
მაშინ, როცა როინ შავაძის მკვლელობის ირგვლივ პირველ ჟურნალისტურ მოკვლევაზე ვმუშაობდით, შევხვდით და ვესაუბრეთ შავაძეების ოჯახის ახლობელ ექიმს, რომელმაც ჯარისკაცის ცხედარი დაკრძალვამდე დაათვალიერა. მოკლედ გთავაზობთ ექიმის ნაამბობს, მაგრამ მის ვინაობას, ჯარისკაცის ოჯახის თხოვნით, ვერ ვასახელებთ:
„წინა მხრიდან 22 შემავალი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მთელ სხეულზე – ჰემატომები. მარცხენა ბარძაყი მოტეხილი იყო, ოღონდ ამას ტყვიას ვერ დავაბრალებ - აშკარად ეტყობოდა, რომ მოტეხეს. მარცხენა ხელი, შუა მკლავთან წრეზე შემოკერილი და დამოკლებული ჰქონდა, მარჯვენა ხელი - მოტეხილი. თავის არეში მარცხენა ყურიდან მარჯვენამდე მთლიანად გადაკერილი იყო; ნატყვიარი არ ჩანდა და რატომ, არ ვიცი. ეტყობოდა რომ სახეში „დუბინკა“, ან სხვა რამ ჰქონდა ნარტყამი. ნიკაპზე, მარცხენა მხარეს 12 ნაკერამდე ჰქონდა, მაგრამ არა ტყვიისგან მიყენებული ჭრილობით.
მარცხენა ხელზე 2 თითი მოტეხილი და გადაგლეჯილი, კანზე იყო ჩამოკიდებული. სავარაუდოდ ხერხემლის მეშვიდე მალა ჩატეხილი ჰქონდა; კისრის გადატეხვა ალბათ, მაშინ მოხდა, როცა აიყვანეს, რადგან თავად ძალიან დიდი და ფიზიკურად ძლიერი იყო და თუ უკნიდან არ მიეპარებოდნენ, ისე ვერ წააქცევდნენ. დაახლოებით 5 ავტომატი მაინცაა ნახმარი, ზოგი ტყვია ახლოდანაა მოხვედრილი, ზოგი შორიდან - ჩემი აზრით, ნაწვალებია და მერე დაცხირულული“.
იმას, რომ ჯერ „ნაწვალებია და მერე დაცხრილული“, ადასტურებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორი“–ს ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ჩვენი თხოვნით, გაეცნო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის მიერ მომზადებულ და ჩვენს მიერ მოპოვებულ შავაძის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნებს.
ამ დოკუმენტებით დასტურდება, რომ ომიდან ორი დღის დაბრუნებული ჯარისკაცი ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს, რაზეც ალექსანდრე გეჯაძემ გვითხრა: „ეს დაზიანებები შესაძლებელია განვითარებულიყო ცემის დროს, წინააღმდეგობის გაწევის დროს“.
როინ შავაძის მკვლელობის შესახებ ბოლო ინფორმაცია მთავარი პროკურატურისგან 2009 წლის აგვისტოში მივიღეთ და გამოვაქვეყნეთ მასალა სათაურით - „როინ შავაძის საქმე: არც ბრალდებული, არც დაზარალებული და არც ადვოკატი“. როინ შავაძის საქმე წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით – 108 (განზრახ მკვლელობა) და 260–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი (ნარკოტიკული დანაშაული), რომელიც ამჟამინდელი კანონის მიხედვით, 15 წელი შეიძლება გაგრძელდეს.