[მანანა ნოზაძე]
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში აფხაზები და აჭარლები მონათლა. ბათუმში მცხოვრები აფხაზები და აჭარლები საქართველოს პატრიარქის ნათლულები გახდნენ.
მთიან აჭარაში აფხაზები უკიდურესი ძნელბედობის ჟამს, მუჰაჯირობისას, მოხვდნენ. 1867 წელს რუსეთის იმპერიამ ისინი იძულებით აყარა და თურქეთში გადაასახლა. რუსეთის იმპერატორმა აფხაზები არასანდო ხალხად გამოაცხადა, რადგან რუსეთ-თურქეთის ომში ისინი თურქეთს თანაუგრძნობდნენ. შესაბამისად, აფხაზთა მასობრივი გადასახლება გადაწყდა. მათი დიდი ნაწილი გაისტუმრეს კიდეც თურქეთში, მაგრამ გარკვეული რაოდენობა ქართველებმა გადაარჩინეს. ამ მხრივ, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, აფხაზი ინტელიგენციაც აქტიურობდა.
უწმინდესის ნათლულები იმ აფხაზების შთამომავალნი არიან, რომლებიც აჭარის გავლით მიემართებოდნენ თურქეთში თავშესაფრის საძიებლად. აჭარლები, რომლებიც ყოველთვის ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, ლუკმას უყოფდნენ ხიზან აფხაზებს და შველოდნენ გაჭირვებაში. ბევრს თავშესაფარიც მისცეს და ასე გადაარჩინეს უცხო ქვეყანაში წასვლას. დღემდე მათი შთამომავლები აჭარაში სახლობენ და ბევრი მათგანი აფხაზურად გამართულად საუბრობს.
„იმედი მაქვს, რომ აღვადგენთ იმ პატივისცემას, რომელიც არსებობდა ქართველებსა და აფხაზებს შორის. ვიქნებით ერთად ბედნიერი და მომავლის იმედით მყოფნი“,– ბრძანა პატრიარქმა და ქართულ-აფხაზურ წყვილებსაც დასწერა ჯვარი.
თუ რას ნიშნავს აფხაზებისთვის ქრისტიანული სარწმუნოება, ამის შესახებ საინტერესოა სხვადასხვა პიროვნებების შეხედულება.
თავის დროზე აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ აფხაზების გაქრისტიანებაში მის წინაპრებსაც დიდი როლი მიუძღოდათ. კერძოდ, აფხაზთა მმართველი შერვაშიძეები, ანჩაბაძეები, ემხვარები ნათლავდნენ აფხაზებს. ხოლო თამაზ ნადარეიშვილის დიდმა ბებიამ ერთ ღამეს ასი აფხაზი მონათლა.
„ბევრი აფხაზი იზრდებოდა აფხაზ მთავართა ოჯახებში. ისინი მხოლოდ ქვეშევრდომები არ იყვნენ. წერა-კითხვასთან ერთად რელიგიასაც ეზიარებოდნენ. ვინც ამ წრეში – გაგრაში, ოჩამჩირესა და სოხუმში ტრიალებდა, საკუთარი სურვილით ინათლებოდა. როცა რუსეთის იმპერატორმა აფხაზები არასანდოდ გამოაცხადა და გაასახლა, ილია ჭავჭავაძესთან ერთად მათ შენარჩუნებაში ჩემს წინაპარ შერვაშიძეებსაც მიუძღოდათ წვლილი. მათ ერთობლივად შეძლეს, დაერწმუნებინათ რუსეთის იმპერატორი, რომ მოხუცები და ბავშვები მაინც დაეტოვებინათ. ამდენად, გადასახლება ძირითადად აფხაზ მამაკაცებს შეეხოთ. თანდათან მათი მესამე-მეოთხე თაობა დაბრუნდა აფხაზეთში. გუდაუთელი აფხაზები უმეტესად მუსულმანები იყვნენ, ოჩამჩირელ აფხაზებში კი ქრისტიანები ჭარბობდნენ“, – იხსენებდა თამაზ ნადარეიშვილი.
მაშინ იგი აღნიშნავდა, რომ, რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, აფხაზეთის ისლამიზაცია რუსეთიდან იმართებოდა.
„აფხაზებს მუსულმანობის გაძლიერების იდეა ქრისტიანულმა რუსეთმა ჩაუნერგა. ისტორიულად, რუსეთისთვის რელიგია არასდროს ყოფილა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რაც მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დროსაც გამომჟღავნდა. რუსები მაჰმადიანურ კოალიციას აგულიანებდნენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები მუდამ ფრიდრიხ მეორის პრინციპით მოქმედებდნენ: „თუ მოგეწონა ტერიტორია, მიდი და დაიპყარი; ყოველთვის მოიძებნება იურისტი, რომელიც იტყვის, რომ ეს ტერიტორია შენ გეკუთვნის“.
მწერალი გურამ ოდიშარია აცხადებს, რომ აფხაზები ერთ-ერთი პირველი მართლმადიდებლები არიან, რადგან სიმონ კანანელის საფლავი ახალ ათონშია.
„რელიგიის მხრივ გუდაუთის რაიონში მცხოვრებ აფხაზებზე თურქეთის გავლენა უფრო დიდია. იქ მუსულმანი აფხაზები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ მეჩეთი არ ჰქონდათ, მუსულმანურ ლოცვებს არ აღასრულებდნენ. ერთადერთი, ღორის ხორცს არ მიირთმევდნენ, თორემ ჩვენზე მეტ ღვინოს სვამდნენ. არადა, მუსულმანი ღვინოს არ უნდა სვამდეს. თვითონაც ამბობდნენ, არც მუსულმანები ვართ, არც ქრისტიანებიო. აფხაზებს თავიანთი სალოცავები აქვთ, ისევე, როგორც ყველა მთის ხალხს საქართველოში. თავის დროზე თბილისში სახალხო დიპლომატიური ეგიდით ჩამოსულმა აფხაზურმა დელეგაციამ მოულოდნელად მოითხოვა, ეკლესიაში წაგვიყვანეთო. სვეტიცხოველში წავიყვანეთ. უნდა გენახათ, როგორ ლოცულობდნენ“.
ოდიშარიას თქმით, აფხაზეთში უძველეს და უმწმინდეს სალოცავს ილორს კომუნისტურ პერიოდშიც კი თაყვანს სცემდნენ აფხაზებიც და ქართველებიც. არ შეიძლებოდა, იქ გამვლელ-გამომვლელს მანქანა არ შეეჩერებინა, არ შესულიყო და სანთელი არ დაენთო.
„როცა ებრაელებს თავს დაესხა ნაბუქოდონოსორი, მას საკუთარი ვეზირები აფრთხილებდნენ, ბრძოლისგან თავი შეეკავებინა, რადგან იმჟამად ებრაელებში ღმერთის დიდი რწმენა იყო. მართალია, მცირერიცხოვანნი არიან და ჩვენ მეტი ჯარი გვყავს, მაგრამ წააგებ, რადგან მათში ახლა ღმერთის სიყვარულის მხრივ აღმავლობააო, – ეუბნებოდნენ ნაბუქოდონოსორს. არ დაუჯერა და დამარცხდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეზირებმა ნაბუქოდონოსორს ისევ მოახსენეს, ახლა ებრაელებს შიგნით ფრაგმენტაცია დაეწყოთ, ერთმანეთს დაერივნენ, ჩხუბობენ, ეს ნიშნავს, რომ მათ შორის რწმენა დაეცა, ახლა შეგვიძლია გავიმარჯვოთო. მართლაც, ნაბუქოდონოსორი ჯარით წავიდა და ადვილად დაამარცხა ებრაელები. მიმაჩნია, რომ აფხაზეთთან მიმართებით, ჩვენც რაღაც მსგავსი დაგვემართა, რადგან რწმენასთან ერთად სიყვარულსაც ვკარგავთ“, – აცხადებს გურამ ოდიშარია.
მისი თქმით, მეგრელებსა და აფხაზებს ძირითადი ტრადიციები საერთო აქვთ. მაგალითად, მეგრელები სალოცავ ადგილს „ოხვამერის“ უძახიან, აფხაზებიც ასევე გამოთქვამენ „ოხვამე“. ეს სალოცავი სიტყვა ერთია. ამდენად, ოდიშარიასთვის მნიშვნელობა არ აქვს, მეგრულიდან დამკვიდრდა ეს სიტყვა აფხაზურში თუ პირიქით; მთავარია, რომ აფხაზმა ეს აიტაცა და მისთვის უკვე მშობლიური გახდა.
ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი „პრესაგე.ტვ“-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩვენი პატრიარქის მიერ საქართველოს მოქალაქე აფხაზების მონათვლა თავისთავად მისასალმებელია, რადგან მუსულმანი ადამიანი ქრისტიანად ინათლება. თუმცა აჭარელი აფხაზების მონათვლას პირდაპირი კავშირი ჩვენთვის მტკივნეულ აფხაზეთთან ვერ ექნება.
ზაქარეიშვილის თქმით, აფხაზები ტიპიური ქართველი ქრისტიანებივით იქცევიან. „აფხაზების უმრავლესობა ქრისტიანებია. მაისში მათთან სერიოზული დაძაბულობა იყო. ეკლესიის გაყოფამ კიდევ ერთხელ აჩვენა, მართლმადიდებლურად რამდენად ქრისტიანულია აფხაზური საზოგადოება“.
საუბარია 15 მაისს ახალი ათონის მონასტერში გამართულ საერო-საეკლესიო კრებაზე, როცა ე.წ. „აფხაზური ეკლესიის“ ფაქტობრივ მმართველ ბესარიონ აპლიასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“ დააფუძნეს, რომელიც დროთა განმავლობაში „დამოუკიდებელ აფხაზურ ეკლესიად“ უნდა გარდაიქმნას. მიტროპოლიის ეპისკოპოსად კი სასულიერო პირი დოროთე დბარი აირჩიეს. კრებაზე გადაწყდა, რომ „აფხაზური ეკლესია“ ავტოკეფალიაზე მსჯელობას საქართველოს საპატრიარქოსთან დაიწყებს და ამ პროცესში ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას ჩართავს.
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზებისთვის პრინციპულია ქრისტიანული სარწმუნოება. „თამამად შეიძლება ითქვას, რომ აფხაზების 80 % მართლმადიდებლები არიან და ისევე რეგულარულად დადიან ეკლესიაში, როგორც ქართველები. აღნიშნავენ აღდგომას, შობას, ტაძრის დანახვისას პირჯვარს იწერენ, სანთელს ანთებენ. ამის იქით მათი ქრისტიანობა ისევე არ მიდის, როგორც ქართველების შემთხვევაში“.
ექსპერტის თქმით, აფხაზეთის მოსახლეობის 20 % მუსულმანია. თუმცა მათ, კლასიკური გაგებით, მეჩეთიც კი არ აქვთ. უბრალოდ, გუდაუთაში მოწყობილი აქვთ სალოცავი ოთახები.
„ღმერთმა ქნას, ჩვენი ეკლესიის მხრიდან აფხაზეთთან დასაახლოებლად გარკვეული ნაბიჯები კვლავაც გადაიდგას. სამწუხაროდ, აფხაზებში ჩვენდამი რელიგიის მხრივ ნდობა ნაკლებია“, – აღნიშნავს პაატა ზაქარეიშვილი.