[რეზონანსი, ელზა წიკლაური]
„ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია“, - აცხადებს „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი და ირწმუნება, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტიც შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობს.
განსხვავებულ განცხადებას აკეთებენ ადგილობრივები, მათი თქმით, სამუშაოები ჯერჯერობით არ დასრულებულა, რადგან ერთი მონაკვეთის შეკეთების შემდეგ, პრობლემები უკვე მეორე მონაკვეთზე ჩნდება. მათი თქმით, „მეგზევეებს ამ გზის რეაბილიტაცია მთელი ცხოვრება მოუწევთ, გზა დასრულებულ სახეს ვერასდროს მიიღებს და მას მუდმივად შეკეთება დასჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ ვაზიანი-გომბორი-თელავის „რეაბილიტირებული“ გზა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით 10 თვის წინათ გახსნა. გზის გახსნისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პრეზიდენტს „გარანტია მისცა“, რომ აღნიშნულ გზას 10 წელი პრობლემა არ ექნებოდა. გახსნიდან ერთ თვეში გზა დაზიანდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პერმანენტულად მიმდინარეობს, თუმცა იმ მასშტაბის დაზიანება, როგორიც ამ 2 თვის წინათ იყო, მანამდე არ ყოფილა.
ზედიზედ რამდენიმე ადგილას მეწყერის ჩამოწოლის ფაქტი გეოლოგებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან აღნიშნულ მონაკვეთზე ქანები უკიდურესად დაშლილი და დანაწევრებულია. ფაქტობრივად, ამ გზის მშენებლობისთვის 43 მილიონი ლარი (საიდანაც 30 მილიონი მსოფლიო ბანკის კრედიტია) ისე გადაიყარა, რომ არც მთავრობამ და არც სამინისტრომ საბჭოთა პერიოდის მაგალითები და გეოლოგების დასკვნები არ გაითვალისწინა.
გეოლოგები მაშინაც და დღესაც აცხადებენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც გომბორის გზა, კომუნისტების პერიოდში „ჩაფლავებული“ პროექტით ააშენა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა საბჭოთა პროექტმა იმ პერიოდშივე აჩვენა, რომ გზის ძველი მიმართულება მუდმივად პრობლემატური იქნებოდა. შესაბამისად, სამინისტროს ათეულობით მილიონი ლარი წყალში რომ არ გადაეყარა, გეოლოგების დასკვნების საფუძველზე ახალი პროექტი უნდა გაეკეთებინა.
გეოლოგებს, რომლებსაც გომბორზე თითოეული ქანი შესწავლილი აქვთ, ამბობენ, რომ იმ ადგილებში მიმდინარეობს ქანების გეოლოგიურ-ტექტონიკური რღვევა. ქანები უკიდურესად დაშლილი და დანაწევრებულია. უფრო მეტიც, ტექტონიკური დაშლის სიღრმე რამდენიმე ათეულ მეტრს სცდება.
„ეს გზა ღრმად დეფორმირებულია და რა ღონისძიებებიც არ უნდა გატარდეს, მთლიანობაში, გზის დაცვა მაინც ვერ მოხდება. ჩვენ გეოლოგებმა კარგად ვიცით ეს ზონა. ქედი არის ღრმად დეფორმირებული, რა კარდინალური ღონისძიებებიც უნდა გატარდეს, გზას მთლიანობაში მაინც ვერ დავიცავთ. ცალკეული რეცესიები მუდმივად იქნება“, - ამბობდა „რეზონანსთან“ საუბარში გეოლოგი ემილ წერეთელი.
დამეწყრილ გზაზე სამუშაოები, გეგმის მიხედვით ივლისში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენთან საუბარში აცხადებს, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. მათი თქმით, ამ გზას საბოლოო შეკეთება არ უწერია, რადგან წვიმის ყოველი მოსვლის დროს, მეწყერი ჩამოწვება და გზა ისევ გაუვალი გახდება.
„ეს გზა რაც არ უნდა შეაკეთონ, საბოლოოდ მაინც შესაკეთებელი დარჩება. რაც გაკეთდა, ერთი დღე არ ყოფილა, რომ პრობლემა არ შექმნოდა. ასე იქნება მუდმივად, ეს არაპროფესიონალის თვალითაც ძალიან კარგად ჩანს“, - ამბობენ კახელები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვიანი კი ირწმუნება, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტიც შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობს. მისივე თქმით, ამ გზის გაყვანის მთავარი მიზანი იყო თბილისის დაკავშირება თელავის, ახმეტისა და ყვარლის რაიონებთან უმოკლესი გზით მომხდარიყო. პროექტის განხორციელებით აღნიშნულ გზაზე შემცირდა სატრანსპორტო ხარჯები, ხოლო მოძრაობა სწრაფი და უსაფრთხო გახდა.
„ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის გომბორი-თელავის მონაკვეთი მეწყერული ზონებითაა ცნობილი, რაც ფერდობების არამდგრადობითაა გამოწვეული. ეს კი თავის მხრივ, კონკრეტულ უბნებში ნიადაგის მოძრაობას იწვევს. ამჟამად, ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის დამეწყრილ მონაკვეთებზე შეკეთებითი სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტიც შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მოძრაობს.
კონტრაქტორი კომპანია, რომლის ვალდებულებაც არის უზრუნველყოს გზის მუდმივი მონიტორინგი, მეწყერსაშიში ზონების მუდმივ დაკვირვებას მომავალშიც უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. მეწყერით დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის დამატებითი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გამოყოფილა, დაზიანებული მონაკვეთების შეკეთებითი სამუშაოებისთვის საჭირო თანხები კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან იქნა გაღებული, როგორც გათვალისწინებული იყო კონტრაქტში, რომელიც აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყებისას კონტრაქტორ კომპანიასა და დეპარტამენტს შორის დაიდო“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ გასვიანმა.
ვაზიანი-გომბორის გზა 43 მილიონი ლარი დაჯდა, დაფინანსების ძირითადი წყარო მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 30-მილიონიანი კრედიტია. ყველაზე რთულ უღელტეხილზე გამავალი მონაკვეთის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდა. აჩქარების მიზეზი იყო ის, რომ პრეზიდენტმა განკარგულება გასცა - რთველისთვის გზა უკვე მზად უნდა ყოფილიყო, რათა მთავრობას ეს მიღწევა პომპეზურად აღენიშნა. თუმცა, გომბორის გზის გახსნის შემდეგ, ასფალტის საფარის თავიდან დაგება გახდა საჭირო, დაიხარჯა დამატებითი თანხა. ამ გზის რეაბილიტაციისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში 24 მილიონი ლარი გამოიყო. ასე რომ, დამეწყრილმა გომბორმა 67 მილიონი ლარი უკვე წაიღო, თუ ამ სამუშაოების შემდეგ, მოკლე პერიოდში გზა ისევ დაზიანდა, რაც მოსალოდნელია, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეწყერში გადაყრილი მილიონებისთვის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.