სომხებს შავი ზღვის კურორტებზე დასვენება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სევანის ტბაზე

სომხებს შავი ზღვის კურორტებზე დასვენება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სევანის ტბაზე

[მარიამ ლოლაშვილი]

ხელისუფლება ყოველწლიურად გვარწმუნებს, რომ ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდებიან, რომ საქართველოთი მოხიბლულ ტურისტთა ბაზას ახალ-ახალი ბაზრები შეემატა. კერძოდ, ეკვადორელები, სომალელები, ბაჰრეინელები...

ტურისტები მოდიან და მიდიან, მაგრამ ქართული ტურისტული სარეკლამო რგოლის „აღმოაჩინე საქართველოს“ ნაცვლად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ჩვენში ინსფრასტრუქტურა და სერვისი მოიკოჭლებს. თუმცა ერთი კია, ქართველთა სტუმართმოყვარეობა ამ პრაგმატულ დროში მათთვის გამაოგნებელია.

საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოდინების მიზნით ყველაფერი გააკეთეს.  მათ ლიბერალური კანონმდებლობაც შესთავაზეს. თუ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მთელი რიგი გასართობი ღონისძიებები აკრძალულია, მაგალითად, კაზინო, საქართველოში ესეც ნებადართულია.

ყველაფერ ამის ფონზე შიდატურიზმის ბედი გაურკვეველია და იგი მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს. უცხოელებისთვის კი ვზრუნავთ, მაგრამ ჩვენი მოსახლეობა ხშირად დედაქალაქის მცხუნვარე მზის ქვეშ ატარებს საზაფხულო არდადეგებს. საშუალო სტატისტიკურ ქართველს არ აქვს საშუალება, მიჰყვეს ფასების მზარდ დინამიკას და გაუძლოს სასტუმროსა თუ კვების გაძვირებულ ტარიფებს.


უფრო შეძლებულები გამოსავალსაც ნახულობენ, მით უფრო, რომ მეზობლად მნიშვნელოვანი კონკურენტი გვყავს, თურქეთის სახით. ამდენად, ჩვენს თანამემამულეებს ურჩევნიათ იმ ქვეყნებში წავიდნენ დასასვენებლად, სადაც ინფრასტრუქტურა და კლიმატური პირობები უკეთესია.


მაგალითად, ქობულეთში შესანიშნავი სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ დგას, თუმცა გარეთ გასვლა რომ მოგინდეს, წინ ძროხები გადაგირბენენ, სასადილოს კი ბუზებიც არ აკლია.  არათავაზიანი მომსახურე პერსონალი კი ჩვენში ჩვეულებრივი ამბავია. ამას ემატება ამ რეგიონის კლიმატური თავისებურება. ზოგიერთს არც ხიბლავს ბათუმში დასვენება, სადაც ხშირად წვიმს და საბერძნეთისა და თურქეთის გაიაფებულ სერვისს ამჯობინებს. 


გასულ წლებში საქართველოში შემოსულთა შორის მნიშვნელოვან წილს იკავებდნენ სომხები. ტრადიცია ახლაც გრძელდება. სომხური საიტებიც იტყობინებიან, რომ მხოლოდ 1-ელ აგვისტოს ერევნიდან ბათუმისკენ მატარებელი ყველაზე დატვირთული იყო, ამ მიმართულებით წლეულს განხორციელებულ 48 რეისს შორის. კერძოდ, მან 404 მგზავრი გადაიყვანა ბათუმისკენ. 

ადგილობრივ რადიო „აზათუთუნთან“ საუბრისას ჩვენს ქვეყანაში დასასვენებლად წამოსულმა სომხებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე დასვენება უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სამშობლოში, სევანის ტბაზე. ამავდროულად, სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მგზავრთა გადაყვანის კომპანიის ხელმძღვანელმა გაგიკ მოვსესიანმაც დაადასტურა სომეხ მოსახლეობაში ბათუმისადმი განსაკუთრებული ინტერესი და აღნიშნა, რომ როგორც წესი, მატარებელი 95-100 %-იანი დატვირთვით მუშაობს.

მართალია, ბილეთებზე ფასი აგვისტოში უფრო მაღალია, ვიდრე -სექტემბერში, მაგრამ ეს სომეხ დამსვენებლებს არ აბრკოლებს. ისინი მზად არიან ჩვეულებრივ კუპეში 15 ათას 800 დრამა გადაიხადონ.

გაგიკ მოვსესიანის თქმით, წლეულს მისი კომპანია სომხეთიდან საქართველოს შავი ზღვისპირეთის მიმართულებით 30-35 ათასი სომეხი მგზავრის გადაყვანას აპირებს. ამ ეტაპზე მათზე უკვე 19 ათასი ბილეთი გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სომხეთიდან საქართველოში 80 ათასი ტურისტი ჩამოვიდა, რომელთაგან 23 ათასმა რკინიგზით ისარგებლა.

ამჯერად სომხებს აზერბაიჯანელებიც ემატებიან. სულ ახლახანს ერთ-ერთი აზერბაიჯანული საიტი იტყობინებოდა, რომ აზერბაიჯანელები აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა შორის მესამე ადგილს იკავებენ. 


მარტო ივლისში 3 203 აზერბაიჯანელი ტურისტული მიზნით ეწვია აჭარას. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აჭარას ყველაზე მეტი ტურისტი თურქეთიდან ეწვია -13 271 ვიზიტორი, ირანიდან - 4 012 ვიზიტორი, აზერბაიჯანლებმა კი ამ მხრივ მესამე ადგილი დაიკავეს (3 203). ამავე სტატისტიკის თანახმად, 2011 წლის ივლისში აჭარას 371 576 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 63,9 %-ით აღემატება.


თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ჩამოსული ერთი ტურისტი საშუალოდ 10 დღეში 1600 დოლარს ხარჯავს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება), ეს ალბათ მათთვის დიდი დანაკლისი არ არის. ბოლოს და ბოლოს, სომხეთში დასვენება ჩვენთან შედარებით უფრო ძვირი სიამოვნება, მაგრამ სხვა მეზობელ ქვეყნებში დასვენება ჩვენთან შედარებით იაფია.


საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ საქართველოში სტუმრობა ძვირია. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ჯაყელი აცხადებს, რომ ეს სიძვირე ძირითადად მგზავრობის ღირებულებითაა განპირობებული. ამდენად, ბექა ჯაყელი პრიორიტეტულად მიიჩნევს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობას, რომლებიც  მზად იქნებიან, შედარებით იაფად მოემსახურონ კლიენტებს თუნდაც ქუთაისის აეროპორტის გამოყენებით.


საქართველოს ტურიზმის სფეროში კიდევ ერთი უმთავრესი პრობლემა შეინიშნება. ხელისუფლება უკვე წლებია მხოლოდ და მხოლოდ ტურიზმის განვითარებაზე გვესაუბრება, მაგრამ ექსპერტები კარგა ხანია თანხმდებიან, რომ ტურიზმის განვითარება საქართველოში შეუძლებელია სხვა მომიჯნავე სექტორების განვითარების გარეშე. ასეთი უმთავრესი სექტორი კი სოფლის მეურნეობაა, რომელსაც ჩვენში ნაკლები ყურადღება ეთმობა.


არადა, ექსპერტების მტკიცებით, ტურისტული სერვისის ძირითადი შემადგენელი ნაწილი ეროვნული სასურსათო-სამეურნეო პროდუქცია უნდა იყოს.