ნიკოლოზ იმერლიშვილის ანგარიშზე მარტიდან დღემდე მხოლოდ 147 ლარია გადარიცხული

ნიკოლოზ იმერლიშვილის ანგარიშზე მარტიდან დღემდე მხოლოდ 147 ლარია გადარიცხული


[ნინო მიქიაშვილი]  

ცერებრალური დამბლით დაავადებული 6 წლის ნიკოლოზ იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უსახსრობის გამო დღითიდღე რთულდება. ამის შესახებ ”ობიექტივს” მისმა მშობლებმა უთხრეს.

 შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მარტს, პატარა ნიკოლოზის შესახებ გამოვაქვეყნეთ ვრცელი წერილი, სათაურით - იყავით გულმოწყალენი და დაეხმარეთ 6 წლის ნიკოლოზ იმერლიშვილს! მასში დეტალურად იყო აღწერილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის უმძიმესი პირობები, რომელშიც იმერლიშვილების ხუთსულიან ოჯახს ცხოვრება უწევს. მასალის ბოლოს მითითებული იყო საბანკო ანგარიშის კოდი, რომელზეც სურვილის შემთხვევაში თანხის გადარიცხვა შესაძლებელი იყო და ასევე ჯეოსელის ნომერი, რომელზე დარეკვის შემთხვევაშიც, ნიკოლოზ იმერლიშვილის ანგარიშზე 1 ლარი ჩაირიცხებოდა.

დავინტერესდით რამდენად გულმოწყალეა ჩვენი მკითხველი, ის, ვინც საიტზე გამოქვეყნებული მასალა წაიკითხა და და ნიკოლოზის დახმარება გადაწყვიტა. აღმოჩნდა, რომ 10 მარტიდან დღემდე 147 ლარი შეგროვდა, ანუ ჯეოსელის სპეციალურ ნომერზე 147-ჯერ დარეკეს.

პირობები, რომელშიც იმერლიშვილები ცხოვრობენ, ურთულესია - მარტის დასაწყისში მათ ვესტუმრეთ და იქაურობა საკუთარი თვალით ვნახეთ. ოთახის კედლებზე პატარ-პატარა სისხლის ლაქები იყო - „ჭიები დაცოცავდნენ და ბავშვებისთვის რომ არ ეკბინათ, პირდაპირ კედელზე ვკლავდითო“, - გვითხრეს. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. ოთახში იდგა: ერთი ძველი კარადა, ტელევიზორი, მაგიდა და ძალიან დაბალი, გასაშლელი დივნის მსგავსი რამ. იქაურობა პატარა, კუსტარული გამათბობლით თბებოდა და ისიც მაშინ, თუ დენის გადასახადის შეტანას შეძლებდნენ. როგორც გვითხრეს, არის შემთხვევები და არც თუ იშვიათად, როცა მშობლები სამი მცირეწლოვანი ბავშვისთვის პურის ყიდვას ვერ ახერხებენ.

ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ გოჩა იმერლიშვილისგან შევიტყვეთ - იგი რედაქციაში გვესტუმრა, მისი ოჯახის ისტორია მოკლედ გვიამბო და თვალცრემლიანმა გვთხოვა - „იქნებ გვესტუმროთ და ყველაფერი თავად ნახოთო“. ამის შემდეგ წავედით და მოვინახულეთ როგორ ცხოვრობენ ისინი. იმერლიშვილებთან უმძიმეს პირობებში მყოფი სამი ულამაზესი ბავშვი დაგვხვდა.

 ისინი ისანი-სამგორის რაიონში, მეტალოკონსტრუქციის დასახლებაში, ორსართულიანი ბარაკის მსგავს შენობაში, მეორე სართულზე, ქირით ცხოვრობენ. ოჯახის უფროსს, გოჩა იმერლიშვილს მუდმივი სამსახური არა აქვს, მისი მეუღლე, ლეილა გელაშვილი ოჯახს ვერც ერთი წუთით ვერ ტოვებს, რადგან ინვალიდის ეტლში მჯდომ პატარა ნიკოლოზს მუდმივი ყურადღება და მოვლა სჭირდება. იმერლიშვილების შუათანა შვილი, მარიამი ოთხნახევარი წლისაა, ელენე - სამის.

მარტში ოჯახის ერთადერთი მუდმივი შემოსავალი 126 ლარი იყო, რომელიც აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდათ აღებული. მშობლების განმარტებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ პატარა ნიკოლოზს მდგომარეობა დაუმძიმდა, რის გამოც მისმა მშობლებმა თანხა წინასწარ, კრედიტის სახით გამოიტანეს. ამასთან, 6 წლის ნიკოლოზს 90-ლარიან პენსიას აძლევდნენ, მაგრამ მისმა მშობლებმა გვითხრეს, რომ ნოემბრის შემდეგ ვერც ამ პენსიას იღებდნენ, რადგან ფორმა 100-ის აღება ვერ შეძლეს, რასაც ასევე გარკვეული თანხა სჭირდება.

რაც შეეხება პატარა ნიკოლიზის ამჟამინდელ მდგომარეობას, მისი მშობლების - ლეილა გელაშვილისა და გოჩა იმერლიშვილის გადმოცემით, ასეთია:

„აპრილში სამჯერ გვეწვინა საავადმყოფოში, გაცივდა და ამიტომ. ხარჯები სადაზღვევო კომპანია „ალფამ“ დაფარა. საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ, მარცხენა ყურის ქვეშ ჯირკვალი ჩამოეზარდა. საავადმყოფოს ექიმმა გვითხრა, ისეთი არაფერიაო. შემდეგ პოლიკლინიკაში გვყავდა მიყვანილი. იქ გვითხრეს, „ეს უჭმელობითაა გამოწვეული, ვიტამინები დაალევინეთ და გაუვლისო“. ვიტამინებს ვასმევდით, მაგრამ დადებითი შედეგი არ მოჰყოლია.

ივლისში ექიმმ მაია ზალდასტანიშვილთან გვყავდა მიყვანილი. მან გასინჯა, ანალიზები აუღო. ექვსიდან მხოლოდ ოთხი ანალიზის აღება შევძელით, მეტის ვერა. ქალბატონმა მაიამ ჩვენი გასაჭირი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა, ნიკოლოზი შეეცოდა, „რა ლამაზი ბავშვიაო“ და ერთი ანალიზის ფული არ გადაგვახდევინა, რის გამოც ძალიან ვემადლიერებით.

ანალიზების აღებისას სადაზღვევო ფურცელი მივიტანეთ, მაგრამ გვითხრეს, ამას არ ვაფინანსებთო. არადა, სულ 80 ლარზე იყო ლაპარაკი. შემდეგ სადაზღვევო კომპანია „ალფას“ ხელმძღვანელის, ედუარდ ცხოვრებაძის სახელზე განცხადება დავწერეთ. გვითხრეს განვიხილავთ და გიპასუხებთო. ერთი კვირის წინ პასუხად უარი მივიღეთ.

ამასობაში ნიკოლოზს ყურის ქვეშ გამოსული ჯირკვალი ეზრდება. მისი მდგომარეობა უკან-უკან მიდის. ჩვენთან რომ იყავით, ხომ გახსოვთ როგორი ხალისიანი იყო პატარა ნიკოლოზი?! ახლა ძალიანაა მოსუსტებული - რაც დრო გადის, სიცოცხლის ხალისს და ჭამის მადას უფრო და უფრო კარგავს.

სოციალური დახმარება (ოჯახზე 126 ლარი) მიმდინარე თვიდან მოგვიხსნეს - „ხელახალი გადამოწმება ხდება, ბავშვების პირადი ნომრები მოგვიტანეთო“ და ვერ მივიტანეთ, რადგან საამისოდ 15 ლარამდე იყო საჭირო და ეს თანხა არ გვქონდა.

გადაუხდელობის გამო 6 თვეა დენი არ გვაქვს, ექვსი თვის ბინის ქირაც გადასახდელი გვაქვს. ნიკოლოზისთვის პენსიის დანიშვნა ისევ ვერ შევძელით, ესეც თანხის უქონლობის გამო მოხდა, ეგრეთ წოდებული ფორმა 100 ვერ ავიღეთ.

მერიაში განცხადება გვქონდა დაწერილი, მაგრამ არავინ შემოგვხმიანებია. ვიმედოვნებით რომ გადაცემა „ოცი ათასში“ მოხვდებოდა პატარა ნიკოლოზი, მაგრამ არც ამ გადაცემიდან გვეხმიანება ვინმე“.

ჩვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ, იყოთ გულმოწყალენი და შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ მშობლებს პატარ ნიკოლოზის გადარჩენაში - ვინც იმერლიშვილებზე ოდნავ უკეთეს პირობებში ცხოვრობთ და მათი ოჯახისთვის 1 ლარით დახმარების სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ ჯეოსელში 700377-ზე დარეკოთ და დაეხმაროთ. ვისაც ლარზე მეტის  გადარიცხვის სურვილი და საშუალება გექნებათ, შეგიძლიათ თანხა „პროკრედიტ ბანკში“, ნიკოლოზ იმერლიშვილის სახელზე, აი, ამ ანგარიშზე გადარიცხოთ - 365103125200037. ყოველი შემთხვევისთვის, დამატებით მონაცემებსაც ვწერთ, გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად - ბანკის დასახელება MOSC; „პროკრედიტ ბანკის“ მოსკოვის გამზირის განყოფილება; ბანკის კოდი - 220101922.

http://www.obieqtivi.net/?newsDetail=4673