“ნაბუქოს“ მილსადენის ბედი აზერბაიჯანზეა დამოკიდებული

“ნაბუქოს“ მილსადენის ბედი აზერბაიჯანზეა დამოკიდებული

[THE WALL STREET JOURNALალესანდრო ტორელო]

ბაქო – 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და დასავლური კომპანიებისთვის ნავთობის მიყიდვა დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანას კიდევ ერთ ბუნებრივ სიმდიდრესთან – გაზის მარაგებთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევს

ამ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული გიგანტური მილსადენის „ნაბუქოს“ ბედი, რომელიც საკვანძო როლს თამაშობს ევროპის გაზის ბაზრებზე რუსეთის კონტროლის შესუსტებასთან დაკავშირებულ ევროკავშირის გეგმებში.

როგორც მოსალოდნელია, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ნავთობის მოპოვება აზერბაიჯანში პიკს მიაღწევს, ამიტომ აქ მიაჩნიათ, რომ შემდგომი ეკონომიკური ზრდის გასაღები, რამაც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე აზერბაიჯანის დედაქალაქი აყვავებულ ქალაქად აქცია, სწორედ ბუნებრივი აირია. ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც, რომლის დამოკიდებულებაც ბუნებრივ გაზზე, როგორც სჩანს მომავალშიც გაიზრდება ერთის მხრივ გერმანიისა და იტალიის გადაწყვეტილების წყალობით, რომლებმაც უარი სთქვეს ბირთვული ენერგეტიკის გამოყენებაზე და მეორეს მხრივ ნახშირწყალბადის გამონაბოლქვის შემცირებისკენ კონტინენტის ერთობლივი მისწრაფების ფონზე.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, ევროკომისია მხარს უჭერს „ნაბუქოს“ როგორც ერთადერთ პროექტს, რამდენიმე კონკურენტი მილსადენური პროექტიდან, რადგან „ნაბუქო“ საკმარისად დიდია იმისთვის, რომ რუსეთზე დამოკიდებული აღმოსავლეთ-ევროპის ენერგეტიკული ბაზრები სტრატეგიული მოცულობის გაზით მოამარაგოს.

თუმცა ამ ეტაპზე, სიტუაცია რომელიც „ნაბუქოს“ ირგვლივ შეიქმნა (მილსადენი კონკურენტ პროექტებში ყველაზე მასშტაბურია და ავსტრიამდე უნდა მიაღწიოს) არახელსაყრელია.

აზერბაიჯანი, როგორც სჩანს წლის ბოლომდე კასპიის ”შაჰ-დენიზი 2”-ის უზარმაზარი საბადოდან მიღებულ გაზზე გრძელვადიანი კლიენტების არჩევას გეგმავს. ამ საბადოს მარაგი ტრილიონ კუბომეტრზე მეტია.

ივნისში ბაქოში გამართულ კონფერენციაზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა ევროპას ბუნებრივ გაზს მიაწვდის, მაგრამ არ უთქვამს როგორ.

ბუნებრივ აირთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, დიდწილად ელშად ნასიროვზე, ალიევის მეგობარსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ-კომპანიის (Socar) ვიცე-პრეზიდენტზეა დამოკიდებული. Socar ”შაჰ-დენიზის” საბადოს დამამუშავებელი კონსორციუმის აქციების 10%-ის მფლობელია. აღნიშნული პაკეტი ორი 25.5%-იანი აქციების პაკეტზე ნაკლებია, რომლის მფლობელებიც არიან BP და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნორვეგიული Statoil, თუმცა Socar-ის, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის პოზიცია გადამწყვეტი იქნება იმ საკითხში, თუ ვინ მიიღებს აზერბაიჯანულ გაზს – 16 მილიარდ კუბომეტრს წელიწადში. აქედან 10 მილიარდი ევროპისთვისაა განკუთვნილი.

„ჩვენ არ გვინდა დავაფინანსოთ გამტარუნარიანობა, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება“ – განუცხადა ნასიროვმა ჟურნალისტებს. მსგავსი განცხადება გააკეთა ”შაჰ-დენიზის” ოპერატორმა BP-მ.

ნასიროვის თქმით, Socar-ისთვის პრიორიტეტული იქნებოდა ნაკლებად მასშტაბური და შემდგომში გაფართოვების პერსპექტივის მქონე პროექტი, გაზრდიდა რა მის გამტარუნარიანობას მომავალში. მან დასძინა, რომ სახელმწიფო კომპანია შესაძლებლად მიიჩნევს მილსადენში წილის ყიდვას, რათა გავლენა მოახდინოს ტრანსპორტირების ტარიფების განსაზღვრასა და სხვა საკვანძო გადაწყვეტილებებზე.

ამ პრიორიტეტმა შეიძლება Nabucco-ს კონკურენტების სასარგებლოდ იმუშაოს. ეს კონკურენტები არიან პროექტი ITGI, რომელსაც მხარს უჭერს იტალური ენერგოკომპანია Edison და ტრანსადრიატიკული მილსადენი, რომელმაც ალბანეთის და საბერძნეთის გავლით იტალიაზე უნდა გაიაროს.

კონსორციუმი Nabucco ამტკიცებს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი პროექტი გაცილებით მომგებიანია და სწორედ მოცულობის გამო. „დიდი მილსადენი გაცილებით მომგებიანია გრძელვადიან პერსპექტივაში… რადგან ის დიდი მოცულობის აირის ტრანსპორტირების საშუალებას მოგვცემს და შესაბამისად მეტ შემოსავალს მოუტანს როგორც გაზის მიმწოდებლებს, ასევე მის მფლობელებს“ – განაცხადა კონსორციუმის პრეს-მდივანმა ქრისტიან დოლეჟალმა. კონსორციუმში შედიან ავსტრიული OMV და გერმანული RWE, რომელიც პროექტის დაფინანსებაში საკვანძო როლს თამაშობს.

კომპანიებმა გაზის მოცულობასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები ოქტომბრამდე უნდა წარმოადგინონ, რის შედეგადაც Socar-ს და ”შაჰ-დენიზ 2”-თან დაკავშირებულ მის პარტნიორებს გადაწყვეტილების მისაღებად სამი თვე დარჩებათ.

Socar-ს უნდა გაზი რაც შეიძლება მეტ ევროპულ ქვეყანას მაქსიმალურ ფასად მიჰყიდოს, თუმცა Nabucco 31 მილიარდ კუბომეტრ აირზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მილსადენის ორი-მესამედი ცარიელი დარჩება მანამ, სანამ სხვა მიმწოდებელიც არ მოიძებნება, რომელიც მის შევსებას შესძლებს. დაუტვირთავი გამტარუნარიანობა – ფულის ზედმეტად ხარჯვაა.

ივნისში, ბაქოში გამართულ კონფერენციაზე ენერგეტიკის საკითხების ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა მეზობელი თურქმენეთი Nabucco-ს პოტენციურ წყაროდ დაასახელა.

ევროკავშირის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მას მისცეს მანდატი მოლაპარაკებები აწარმოოს აზერბაიჯანთან და თურქმენეთთან მილსადენის მშენებლობაზე კასპიის ზღვის გავლით, თუმცა ბევრი ექსპერტი სკეპტიკურადაა განწყობილი იმ იდეის მიმართ, რომ ევროპაში ექსპორტისთვის თურქმენული გაზი უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი გახდება. ბევრი თვალსაზრისით ეს რუსეთის და ირანის წინააღმდეგობას უკავშირდება, რომლებსაც ასევე აქვთ გასასვლელი კასპიის ზღვაზე. კიდევ ერთი პოტენციური მიმწოდებელი ერაყია, თუმცა ერაყული გაზის მიღების პერსპექტივა ძალიან შორეულია.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს Nabucco-ს მომავალს: ახლახანს RWE რუსეთის გაზის გიგანტ „გაზპრომს“ შეუთანხმდა ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამ საწარმომ აირისა და ნახშირისაგან ელექტროენერგია უნდა აწარმოოს.

RWE-ს და „გაზპრომის“ მიერ ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი საფუძველია მომავალი მოლაპარაკებებისა ელექტროენერგიის მწარმოებელი ერთობლივი კომპანიის შექმნაზე. ეს მოლაპარაკებები არანაირად არ ეხება RWE-ს Nabucco-სთან დაკავშირებულ პოზიციას“ – ამტკიცებს სტეფან იუდიში, RWE-ს მიწოდებებისა და ვაჭრობის განყოფილების უფროსი.