[ნანა მაისაშვილი]
ხელისუფლებამ ისევ დაიწყო დევნილების დროებითი საცხოვრებელი ფართებიდან გამოყრა. ისევ ისვრიან ბავშვებს ფანჯრებიდან და ისევ ტირიან, უკვე მერამდენედ უსახლკაროდ დარჩენილი აფხაზეთიდან დევნილი ადამიანები. პოლიცია ხელკეტებით უსწორდება ბავშვებს, რომლებიც მათ სანთლებით ხელში უწევენ „წინააღმდეგობას“. დევნილები ჭერისთვის იბრძვიან, ელემენტარული პირობებისათვის, აწყობენ აქციებს და მიუხედავად ამისა, ხელისუფლება უკან დახევას არ აპირებს. იმ ფონზე, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის დიდი ნაწილი, უკვე მერამდენედ, უსახლკაროდ რჩება, აფხაზეთის მთავრობის მეთაური გიორგი ბარამია პირადი კომფორტის მოწყობითაა დაკავებული.
გიორგი ბარამია თბილისის სიცხემ შეაწუხა და წყნეთს შეაფარა თავი. აფხაზეთის მთავრობის მეთაურმა წყნეთში ევროპული სტანდარტების სახლი დაიქირავა ორი თვით და თვეში არც მეტი არც ნაკლები, 4 ათას დოლარს იხდის ქირის სახით. პრესაგე.ტვ-მ აღნიშნული ინფორმაცია წყნეთში გადაამოწმა. სიცხისგან და „ჯაფისგან“ გადაღლილმა გია ბარამიამ წყნეთში სტალინის ქუჩაზე, მუნიციპალიტეტის გვერდით დაიქირავა სახლი, რომელიც წყნეთელების განცხადებით ეკუთვნის ვინმე კვარაცხელიას. როგორც წყნეთელები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ კვარაცხელია არის ლილოს ბაზრობის დირექტორი, სახლი 4 ათას დოლარადაა გაქირავებული.
ვის ხარჯზე დაიქირავა ბარამიამ წყნეთში აგარაკი ამის გარკვევას პრესაგე.ტვ ორი დღე ცდილობდა. აფხაზეთის მთავობის მეთაურის პიარი რაულ ქირია ან არ გვპასუხობს, ან „მომსახურეობის ზონიდანაა გასული“. თუმცა რაოდენ მისაწვდომიც არ უნდა იყოს ქირია, მასთან კომენტარისთვის დარეკვას აზრი არა აქვს „უბრალო“ მიზეზით – კომენტარს ყოველთვის გაურბის...
სახელმწიფო მოხელე, რომელიც ხელმძღვანელობს ფაქტიურად დაკარგული ტერიტორიის, ფაქტიურად უფუნქციო მთავრობას და ოფიციალური მონაცემებით 2010 წლის განმავლობაში ხელფასის სახით აღებული აქვს დაახლოებით 66 000 ლარი, ორ თვეში 13 200 ლარს (დღევანდელი კურსით 1 დოლარი 165 ლარი ღირს) ვერანაირად ვერ უნდა იხდიდეს. თუ სახელმწიფო უხდის ბარამიას 13 200 ლარს ორთვიანი დასვენებისთვის, მაშინ ისმის კითხვა რა დამსახურებისათვის?
ბარამიას დასვენების შესახებ ინფორმაცია პრესაგე.ტვ-ის აფხაზეთის მთავრბის ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა მოგვაწოდა.
- სწორად გამიგეთ, მხოლოდ იმიტომ მინდა ინკოგნიტოდ დავრჩე, რომ ბარამიამ და მისმა დამქაშებმა არ თქვან სამსახურიდან წავიდა და განაწყენებული ადამიანის პოზიცია აქვსო. ამით ისინი გადაფარავენ რეალობას, იმ საშინელებებს, რასაც აკეთებენ. პირველი, დღეს რომ აფხაზეთის თეატრი არ არსებობს ეს ბარამიას დამსახურებაა, თეატრი შეფარებულია მარჯანიშვილის თეატრში და თქვენ აფიშაზე ვერ ნახავთ წარწერას, რომ ამა თუ იმ სპექტაკლში სოხუმის თეატრის მსახიობები მონაწილეობენ, ან ზოგადად, სპექტაკლი სოხუმის თეატრმა დადგა. ბარამიამ მოშალა ამ თეატრის ქუდი. რომელი ერთი გითხრათ? ვინ მისცა უფლება 4 ათასი დოლარი გადაიხადოს ნაქირავებ ბინაში, მაშინ, როცა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს? თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი ბავშვი ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ უსახსრობის გამო, ვერ დაიწყეს სწავლა.
ბარამიამ უნიკალური პროექტები დაბლოკა, რაც ეხებოდა აფხაზეთის ისტორიას. ბარამიას ლუსტრაცია მე პირადად დიდი ხნის წინ გავაკეთე, მაშინ ჯერ კიდევ თანამდებობაზე ვიყავი და ვერავინ იტყოდა, რომ გაბრაზებული ვლაპარაკობდი.
მე ვიყავი წყნეთში და სურათი გადავუღე იმ სახლს რომელიც დაიქირავა ბარამიამ.
- 4 ათას დოლარს იხდის, ეს იმ ფონზე, როდესაც მიდის დევნილების მასიური გამოსახლება, იმ ფონზე, როცა ძალიან ბევრი დევნილი შიმშილობს. უამრავი განცხადება დევს სამინისტროში, რომლითაც დევნილები ითხოვენ დახმარებას და მათ უარს ეუბნებიან. ის, თანხა, რომელსაც ბარამია გასაგრილებლად ხარჯავს, 100 დევნილს არა მაგრამ 4-5 დევნილს ნამდვილად ეყოფა. აფხაზეთის მთავრობას მიღების დღეები არა აქვს, შეიძლება ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია, მაგრამ ხომ აქვს ვალდებულება მიიღოს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს იმ ადამიანებს ვის გამოც ხელფასს უხდიან?!
თუ ეს სახლი სახელმწიფო ხარჯზეა ნაქირავები - ვაი, თუ არადა მაინც - ვაი, საიდან ამდენი ფული? ხელფასი 3 ათას ლარამდე აქვს... დასვენების უფლება როგორ არ აქვს, მაგრამ ასე დევნილების ცხვირწინ? მაგრამ გასდის და...
ცნობისთვის მინდა გითხრათ, რომ საბერძნეთში კონსული რომ იყო ბარამია, დაქირავებული ჰქონდა იქაც ბინა და წამოსვლის წინ, ბოლო ერთი თვის ქირა არ გადაიხადა... ეს ზუსტად ვიცი, ახლა რას იზამს არ ვიცი...