გაზაფხულის სიგრილემ კვირტის ზრდა შეაჩერა და რთველმა ათიოდე დღით დააგვიანა. ყურძნის მიღების სეზონი ღვინის ქარხნებმა მაინც ადრეულად გახსნეს. ყველაზე მოტივირებული მანავის ღვინის ქარხანა აღმოჩნდა, რომელიც “კახურ მწვანეს~ იბარებს. საშამპანე მასალისთვის სწორედ დაუმწიფებელი ყურძენია საჭირო _ ნაკლები ფრუქტოზით და მაღალი მჟავიანობით.
ყურძნის ყიდვისა და სახლის პირობებში ღვინის დამზადების მსურველებს შევახსენებთ, რომ “კახური მწვანე” გარკვეული რაოდენობით (დაახლ. 10%) კახეთის თითქმის ყველა თეთრ ღვინოში გამოიყენება და ამ ჯიშის რქაწითელთან შერევით უკეთეს ღვინოს დააყენებთ. ამ ყურძენს ყველა რაიონში იყიდით, საუკეთესო თვისებებით კი მანავისა და კაჭრეთის ზონა გამოირჩევა.
რაც შეეხება რქაწითელს, რთვლის დასაწყისში მისი ფასი 40-55 თეთრია. როგორც წესი, რთვლის მიწურულს ფასები მეტ-ნაკლებად იზრდება. თუმცა, მყიდველის მოლოდინში ყურძენი ხშირად ტექნიკურ სიმწიფეში გადადის, წონა აკლდება და ხარისხსაც კარგავს.
კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში საფერავის პატრონები არიან. რამდენიმე წლის წინ ამ ჯიშის ყურძნის ფასმა დოლარს გადააჭარბა, რის გამოც საფერავი მასიურად გაშენდა. გასულ წელს შედარებით მაღალ ფასად “საფერავის”, “ქინძმარაულის”, “მუკუზნისა” და “ახაშენის” მიკროზონებში მოყვანილი ყურძენი გაიყიდა. წელს აქაც პრობლემაა. ცნობილი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებს საფერავის საკუთარი ზვრები აქვთ და ჯერ გასული წლების ღვინომასალებიც არ გაუყიდიათ.
ამდენად, ძნელი წარმოსადგენია, რომ გლეხების საფერავი მათ შეიძინონ. მით უმეტეს, ძვირს ნამდვილად არ გადაიხდიან. საოჯახო მეღვინეობის მიმდევრები კი საფერავს საერთოდ არ ეტანებიან.
რაც შეეხება ვაქირულასა და სხვა ჰიბრიდებს, გამორიცხული არ არის, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს. დაბალხარისხიანი და რეპუტაციაშელახული ჯიშები მთლიანად შიდა ბაზარზე ორიენტირებულ ქარხნებს იაფფასიანი წითელი ღვინის დამზადების საშუალებას მისცემთ. თუმცა, ბაზარი მაინც შეზღუდული იქნება და ფასებს არა მევენახეები, არამედ მეღვინეები დააწესებენ. ჰიბრიდებს სპირტის ქარხნებიც შეისყიდიან. შესაბამისად, ეს ყურძენი ყველაზე იაფი ეღირება.
”ყურძენი კი დამწიფდა, მაგრამ “ვაშლი და შაქარასავით” ვზივართ და შევცქერით. რომ დავკრიფოთ, სად უნდა წავიღოთ? ყურძნად ვერ გაყიდი, სამაგისო ჭურჭელი კი მთელ ჩვენს ავლადიდებაზე მეტი ღირს. ისეთი პირი უჩანს, ვენახი საერთოდ დაუკრეფავი დარჩება”,- აცხადებენ ახმეტელი მევენახეები.
თემურ ნიკოლაშვილი, სოფელი გურჯაანი: “ხან დასეტყვილ ვენახს ვგლოვობთ და ხან _ უხვ მოსავალს. უბედურება ბევრნაირი გამიგია, მაგრამ კაცს რომ მოსავლის მოყვანისა ეშინოდეს _ ასეთი არაფერი”.
ცივმა ზამთარმა ვაზი დააზიანა და კვირტი ალაგ-ალაგ გაცდა. მაისის დასაწყისის ერთ ღამეს კი, როცა კვირტი უკვე 3-4 ფოთოლზე იყო გაზრდილი, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა, რამაც დაბალ ადგილებში გაშენებული ვენახების 100%-იანი წაყინვა გამოიწვია. ამ ზონებში ვაზი ზაფხულსაც ისე შეხვდა, როგორც გაზაფხულს _ ფოთლებისა და სიმწვანის გარეშე. მოყინული კვირტების ადგილას ზაფხულში მცირემოსავლიანი, ე. წ. “მძინარე კვირტი~ გამოვიდა, კარგი ამინდების წყალობით რქა დასრულდა და მოსავალზე გავლენა არ მოუხდენია.
უკანასკნელი ზამთარი თბილი იყო და კვირტი აღარ დაზიანებულა. გაზაფხულის წვიმებმა ნორმალური ვეგეტაცია უზრუნველყო და თითქმის ყველა კვირტზე მტევანი გამოვიდა. ზაფხულის დასაწყისში ვაზი იდეალურ მდგომარეობაში იყო _ დიდი, სრული და რეკორდული რაოდენობის მტევნებით. ეს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში პირველი კარგი გაზაფხული იყო. გასულ წლებში გაზაფხულის გვალვებმა მშრალ ადგილებში რქა არ გაზარდა. არადა, საუკეთესო ყურძენი სწორედ ასეთ ზონებშია. ხარისხიანი ღვინისთვის ხირხატ და ურწყავ ადგილებში დაკრეფილი ყურძენია საჭირო.
ზაფხულში ხშირი იყო ხანმოკლე დაწვიმება, რამაც ჭრაქისა და ნაცარის განვითარებას შეუწყო ხელი. საბოლოოდ, კარგ გაზაფხულს ცუდი ზაფხული და შემოდგომა მოჰყვა. აგვისტო-სექტემბერში წვიმა აღარ მოსულა. ვენახი გვალვაგამძლეა, მაგრამ გარკვეული რაოდენობის ნალექი მაინც სჭირდება.
თუმცა, წლევანდელი მოსავლის სიმცირე და დაბალი ხარისხი ბუნებრივმა ფაქტორებმა ყველაზე ნაკლებად განაპირობა. მაისში მევენახეები შხამ-ქიმიკატებს არ უჩიოდნენ. შეწამვლიდან შეწამვლამდე კი პრეპარატების შემადგენლობაში “რაღაც მოხდა” და წამალმა ძალა დაკარგა.
მევენახეების თქმით, შხამ-ქიმიკატების ხარისხი ყოველი ახალი პარტიის შემოტანის დროს იცვლებოდა. თუ პირველ წამლობაზე დოზებს იცავდნენ, მერე და მერე გაორმაგებამაც აღარ გაჭრა. მე-4 წამლობამდე ვენახები უკვე მასიურად გაფუჭდა. რქაწითელი, საფერავი და მწვანე ერთნაირად დაზიანდა. მთლიანად განადგურდა ბუერა.
”ექვსჯერ მოწამვლის მიუხედავად, ვერც ნაცარი დავიჭირეთ, ვერ ჭრაქი და ვერც წითელა. ვენახები ყველგან გაფუჭდა, ყურძენი ვაზზე გახმა. მოსავალი რაოდენობრივადაც შემცირდა (30-40%-ით) და ხარისხობრივადაც”,- აცხადებენ გლეხები.
მევენახეებს გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება მოუხდათ. ძველი და ტრადიციულის ნაცვლად შემოვიდა ახალი, უცნობი დასახელების პრეპარატები და გლეხები იძულებული გახდნენ, მათი ვარგისიანობა საკუთარ ვენახზე გამოეცადათ. რაც მთავარია, გაქრა შაბიამანი.
თითქმის აღარ სრულდება ვაზის ძირების გამობარვა, რაც ვენახის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ოპერაციაა. ზოგადად, მოშლილია ვენახის მოვლის მდგრადი მეთოდები და გლეხები იმასღა ცდილობენ, ვაზი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნონ. რაც ყველაზე საგანგაშოა, მოუვლელი ვენახების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა, ვაზის გაშენება კი მთლიანად შეჩერდა.
ეს პროცესი გაცილებით მძიმე შედეგებს უკავშირდება, ვიდრე სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწვეობის ერთი დარგის კრიზისია. ვენახების განადგურება სოფლების დაცლის მიზეზი ხდება და ამ პროცესის სხვა საშუალებით შეჩერება შეუძლებელია. მთლიანად აზრს კარგავს ღვინის ტურიზმისა და აგროტურიზმის ცნებები, რისი განვითარების მთავარი პირობა ტრადიციების გადარჩენაა. შესაძლოა, წლების შემდეგ ქართული ღვინო რომელიმე ქვეყნის ბაზარზე მართლა შევიდეს, მაგრამ სახელმწიფო და მოსახლეობა ამით ბევრს ვეღარაფერს იხეირებს.