[მანანა ნოზაძე]
საქართველოში სომხეთის კათალიკოსის სტუმრობის შემდეგ მისსავე სამშობლოში გარეგინ მეორის საწინააღმდეგო განწყობა მატულობს. ამ მხრივ განსაკუთრებით ფეისბუკის სომეხი მომხმარებელი აქტიურობს. მეტიც, სოციალურ ქსელში გარეგინ მეორის გადადგომის მოსურნე ადამიანები გაერთიანდნენ და ასეთი სურვილი დააფიქსირეს: „მოვითხოვთ კათალიკოსის გადადგომას“.
ამავე სოციალურ ქსელში, ასევე, ჩატარდა გამოკითხვა – „გსურთ თუ არა, რომ სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე სომხური სამოციქულო ეკლესიიდან განიკვეთოს?“ რასაც რამდენიმე ათასმა მომხმარებელმა დადებითი პასუხი გასცა.
გარეგინ მეორის
მისამართით სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სომეხთა კათალიკოსმა აღიარა, რომ
სულაც არ ადარდებს სომხეთის მთებში არსებული ტაძრები.
სომხებს აკვირვებთ, თუ მათ კათალიკოსს სომხეთის
მთებში მდებარე სანაინის სამონასტრო კომპლექსის ბედი და მისი რესტავრაცია არ
აღელვებს, მაშინ იგი რატომ იდარდებს თბილისში ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სადაო ეკლესიაზე?!
აღსანიშნავია, რომ სანაინის სამონასტრო კომპლექსი მეათე საუკუნისაა და იუნესკოს ძეგლთა ნუსხაშიცაა შეტანილი. სომხური მედიის ცნობით კი, ეს კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია. წვიმა ჩადის, კედლები სინესტით გაიჟღინთა და თეთრი შეფერილობაც მიიღო. ეკლესიის გუმბათი მცენარეებითაა დაფარული, რომელთა ფესვებიც ნაგებობას აზიანებს.
როგორც ჩანს, სომხთა კათალიკოსს მხოლოდ საქართველოს მდიდარი ფლორა და ფაუნა ადარდებს. ამიტომაც შეჰკადრა ჩვენს პატრიარქს: „თქვენ ყველაფერი გაქვთ –ჩიტებიც, სიმწვანეცო...“ მის საკუთარ ქვეყანაში კი მართლა ქვათა ღაღადია ატეხილი და, რომ არა სომხების კულტურის მინისტრ ასმიკ პოღოსიანის აქტიურობა, სანაინის სამონასტრო კომპლექსის აღსადგენად სპეციალური კომისია არ შეიქმნებოდა, ამ საქმეში არც გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებოდნენ და ტენდერის გამოცხადების შემდეგ 2012 წელს მისი რესტავრაციაც არ დაიწყებოდა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში აცხადებს, რომ სომხური საზოგადოების აზრი მისასალმებელია და იგი ჩვენი მეზობლების ჯანსაღ განწყობაზე მიუთითებს, რადგან სომეხთა პატრიარქის საქართველოში ვიზიტი მღვდელმთავრის ღირსეული საქციელისგან შორს იდგა.
სომხების ნაწილი გარეგინ მეორის გადადგომას მოითხოვს, რადგან კათალიკოსს საკუთარ ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი არ ადარდებს და სხვის ეკლესიებზე უჭირავს თვალი. საკუთარი მრევლის ასეთი დამოკიდებულება გარეგინ მეორისთვის რაიმეს შეცვლის?
– ჩემი აზრით, გარეგინ მეორის საქციელთან დაკავშირებით სომხური საზოგადოების რეაქცია მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ სომხურ საზოგადოებაში არის საკმაოდ ჯანსაღი განწყობები. მაგრამ არ ვიცი, მღვდელმთავრის გადადგომის მოთხოვნა რამდენად რეალისტურია, ეს უფრო პოლიტიკურ საკითხად მიმაჩნია. თუმცა მესმის იმ ადამიანების, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი მღვდელმთავრის საქციელით. მეც ძალიან უკმაყოფილო ვარ, რადგან ჩვენს პატრიარქთან მისი მოქმედება, რა თქმა უნდა, სცილდებოდა არა მარტო ეტიკეტის ნორმებს, არამედ უბრალოდ, ზრდულობის ნორმებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი ესაუბრებოდა წლოვანებით უფროს ადამიანს და ამ დროს შენობით ისე მიმართავდა და ისე უტყაპუნებდა ხელს, გეგონებოდა, თავის ტოლსა და სწორს ესაუბრებოდა. აქედან გამომდინარე, სომხური საზოგადოების ასეთი რეაქცია მისასალმებელია, თუმცა ცოტა უცნაურად მეჩვენება, პატრიარქის გადადგომა რანაირად უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ.
თქვენ პოლიტიკური ჭრილი ახსენეთ, მაგრამ სომხებს ხომ უნდა აწყობდეთ ასეთი, ერთი შეხედვით, შემტევი პატრიარქი, რომელიც ასე ედავება ქართველებს?
- რა არის, იცით, შემტევობა არ არის საკმარისი შედეგის მისაღწევად. თავისი შემტევობით ის უფრო დესტრუქციულია, ვიდრე კონსტრუქციული და უკუშედეგს იძლევა. ქართული საპატრიარქოს მიმართ მისმა პრესინგმა და მერე შეიძლება ვივარაუდოთ, ჩვენი ხელისუფლების მიმართაც განხორციელებულმა ზეწოლამ, საბოლოო ჯამში, კინაღამ ძალიან სახიფათო ტენდენციებს მისცა ბიძგი საქართველოში. ჩვენ და სომხებს ამ ქვეყანაში პრობლემა არასდროს გვქონია და აზრადაც ეს არავის მოსვლია. ზუსტად მისმა საქციელმა, გარკვეულწილად, რისკი გააჩინა, რაც ძალიან ცუდია. მე ვფიქრობ, სომხური საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს მის საქციელს აპროტესტებს და თავისი მღვდელმთავრის გადადგომას ითხოვს, ზუსტად ამას აცნობიერებს.
სომხური მოსახლეობის მიერ საკუთარი კათალიკოსის გადადგომასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ ხომ არ გაცხოველდა?
- შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო.
„პანარმენიან. ნეტ“-ის ცნობით, სულ ახლახანს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის კომიტეტმა თურქები დაავალდებულა, ქრისტიანებს დაუბრუნონ ჩამორთმეული ტაძრები. საუბარია სომხების, ბერძნების, ასირიელების, პონტოელების, სირიელი ქრისტიანებისა და სხვა ქრისტიანული სათვისტომოების რელიგიურ ძეგლებზე. კონგრესის მოთხოვნას საფუძვლად დაედო ამერიკის სომხური ნაციონალური კომიტეტის საპროტესტო აქციები, რომლებიც კონგრესმენებს თურქეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებდნენ, რათა მას ქრისტიანული ტაძრები დაებრუნებინა. შესაძლოა, ჩვენც მოვითხოვოთ ტაო-კლარჯეთი ?
– ეს ფაქიზი თემაა და ასეთი საკითხები მარტო მოთხოვნების დონეზე არ წყდება, წყდება მხოლოდ მხარეების ურთიერთკონსენსუსითა და ურთიერთშეთანხმებით. ზუსტად ეს იყო ჩვენი საპარტრიარქოს მოთხოვნაც, კი ბატონო, განვიხილოთ საკითხები, თქვენი პრეტენზიები, მაგრამ იცოდეთ, ჩვენც გვაქვს გარკვეული ინტერესები სომხეთის ტერიტორიაზე. მოდით, შევქმნათ ერთობლივი კომისია და ისე ვიმსჯელოთ, რომ ურთიერთპატივისცემისა და დათმობის რეჟიმში ხდებოდეს ეს ყველაფერი.
კონგრესის განცხადება არაფერს ნიშნავს თურქებისთვის, რომ ქრისტიანებს გადასცენ ტაძრები?
– თუ აშშ-ის კონგრესმა ასეთი გადაწყვეყილება მიიღო, არა მგონია, მთლად კარგად გააზრებული იყოს, რადგან ვფიქრობ, სხვის საქმეებში ძალიან უხეში ჩარევა გამოდის. ცოტა გაუგებარია, ასეთი რამ ხდება ორმხრივ რეჟიმში და არა მესამე ქვეყნის გადაწყვეტილებებით. თუ ეს ასეა, ჩემთვის უცნაური განცხადებაა.