თეა წულუკიანის განცხადებით, გამოძიებამ დეტალურად უნდა დაადგინოს, არის თუ არა ჩანაწერი ავთენტური და როდის არის ის გაკეთებული. „რუსთავი 2“ – ის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, რომელიც სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს, საგამოძიებო მოქმედებები 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.
სკანდალური ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის უახლოესი გარემოცვის წევრი დათო ცუხიშვილი. საუბარი თითქმის, საათნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში – ის გაურიგდა ხელისუფლებას.
ჩანაწერით ირკვევა, რომ სუბელიანს გამოძიებასთან პატიმრობის სავარაუდო ვადაც კი წინასწარ არის შეთანხმებული, მაგრამ პატიმარი სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით, ის ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას, ვინაიდან მან იმდენი რამ იცის, რომ საკმარისია ერთი ან ორი ფაქტი გაასაჯაროვოს, რომ რუსთაველის გამზირი გადაიჭედება და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ სკანდალურ ჩანაწერში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დეტალია, ვინ გამოიტანა ჩანაწერი საკნიდან, თუ ეს ნამდვილად ციხის კედლებში ჩაიწერა.
„საინტერესოა ეს ჩანაწერი როდის არის გაკეთებული, კონკრეტული დღე საათი, ვის მიერ არის გაკეთებული, გამოტანილი – თუ ამგვარი ჩანაწერი საერთოდ გაკეთდა ციხის კედლებში. არის თუ არა ავთენტური და ასე შემდეგ. პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ სამი დღის წინ არის გამოძიება დაწყებული. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გუშინაც კი მიმდინარეობდა დაკითხვები, გამოძიება გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ პროკურატურა საზოგადოებას შეატყობინებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჩანაწერის გავრცელება, რომელშიც მირზა სუბელიანი სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელს მოსთხოვეს. საქმეზე გამოძიება სწორედ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ი.პ.–ს განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომლის თანახმადაც 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა – პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით და მას მოსთხოვეს პატიმარ სუბელიანთან შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.
პროკურორის კოკა კაციტაძეს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში ი.პ–სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც „რუსთავი 2“–ის ეთერით გავრცელდა. თუმცა, როგორც კაციტაძე აცხადებს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს გამოძიების პროცესში მოპოვებულ ყველა აუდიოჩანაწერს.
„12 ოქტომბერს მას შეხვდა მისთვის უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. სანაცვლოდ, მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი, რომელიც მ.ს. ფიგურირებს. ეს ჩანაწერი მას გადასცეს, დაემუქრნენ და დაავალეს, რომ მომხდარიყო გავრცელება, რათა ყოფილიყო უფრო ბუნებრივი, ვინაიდან ის იყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ეს არის მისთვის უცნობი ადამიანი, ვინც გადასცა ჩანაწერი. გამოძიების საგანია ვინ იწერდა, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება“, – აცხადებს კოკა კაციტაძე.
გამოძიების ფარგლებში მთავარმა პროკურატურამ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში მონაწილე პირების – მირზა სუბელიანს, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, ასევე ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელ დავით ცუხიშვილს გამოკითხვა დაიწყო.
პატიმარ სუბელიანთან შეხვედრას და საუბრის შინაარსს ადასტურებს, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც პროკურატურამ უკვე დაკითხა. დეპუტატის განცხადებით, პატიმარს რამდენჯერმე თავად დაკავებულის ოჯახის თხოვნით შეხვდა. მისივე თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში შესული იყო, როგორც პარლამენტის წევრი. რაც შეეხება სუბელიანის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებებს, დეპუტატი ამბობს, რომ სუბელიანის საუბარი სერიოზულად არ ჩაუთვლია და არც ახლა უყურებს სერიოზულად.
„ყველაფერი არასერიოზულია. რას ლაპარაკობს ნორმალურს?! როგორ წარმოგიდგენიათ, ბანდა ჰყავდა, ჯარი ჰყავდა მირზა სუბელიანს და ვერავინ დაინახა? არასერიოზულია ეს ყველაფერი. სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი. უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა. შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს.
მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა... ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის, ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე, გონს მოდი–თქო. განიცდის, რომ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი ოჯახი ასეა. სამარტოო საკანშია და რა გასაკვირია, რომ ასეა, ამხელა უბედურება დაემართა? ამ თემაზე გახარიასთან საუბარი არ მქონია, რამდენჯერმე შევხვდი სუბელიანს“, – აცხადებს ვიქტორ ჯაფარიძე.
სკანდალური ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებში მივიდნენ სახლახო დამცველის წარმომადგენლები. მაგრამ სუბელიანმა სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ მისი ფაქტორიდან გამომდინარე მოხდა შვილთან დაკავშირებით თავდასხმები. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, მირზა სუბელიანი თვლის, რომ მისი შვილის უფლებები იყო დარღვეული და სახალხო დამცველთან თხოვნა ჰქონდა, რომ შვილის უფლებები ამ პროცესში ყოფილიყო დაცული.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, სუბელიანი ადასტურებს, რომ საკანში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თუმცა, მისი თქმით, პატიმრის უფლებები დარღვეულია ჩანაწერებთან დაკავშირებით და გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.
„საკანში სათვალთვალო კამერის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ყველა კითხვა, რაც ეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერებს, უპასუხოდ დატოვა. ვთვლი, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში ისმის დანაშაულის ნიშნის შემცველი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, ამიტომ ჩანაწერებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება წამებას, არასრულწლოვნების ცემის ფაქტს, რაზეც თავად სუბელიანი საუბრობს, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა და გამოძიების დაწყება. ძალიან სერიოზულ დანაშაულებზე საუბრობს, მათ შორის, როგორც ჩანს, თავადაც არის მონაწილე. თუმცა ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მტკიცებით ფორმატში, რადგან ამ ყველაფერს ნამდვილად სჭირდება გამოძიება“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
გამოძიება დაწყებულია, თუმცა, დეპუტატ ეკა ბესლიასთვის ამ ეტაპზე მთავარია, არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური და კანონიერი. ასევე, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. დეპუტატის განცხადებით, კერძო კომუნიკაციის წესის დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
„ჩემთვის პირადად საინტერესო არის საკითხის სამართლებრივი მხარე. მე ასეთი მიდგომა მაქვს, პირველ რიგში, ვიდრე ჩანაწერების შინაარსზე გადავალთ, მათი მოპოვებისა და გავრცელების კანონიერება უნდა გადამოწმდეს. გამოძიების დაწყება არის დროული. ჩემთვის მნიშვნელოვია, რა ინფორმაციას დადებს გამოძიება - არის თუ არა ჩანაწერები კანონიერად მოპოვებული და ავთენტური. სერიოზული კითხვები მაქვს ჩანაწერების გაკეთების კანონიერებასთან და მოპოვებასთან დაკავშირებით. აზრი ვერ გამოვიტანე და ვერ გავიგე ჩანაწერის იმ ნაწილის კონტექსტი, სადაც ჩემი სახელია ნახსენები“, – აცხადებს ეკა ბესელია.
„ევროპული საქართველოს“ წევერი და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გავრცელებულმა ჩანაწერმა აჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული სახელმწიფო მმართველობის სისტემა არის გახრწნილი და ძირგამომპალი.
„ამ სისტემის შეცვლა არის აუცილებელი და „ქართული ოცნება“ მას ვერ შეცვლის, რადგან ამ სისტემის შეცვლას სჭირდება მოქმედი თანამდებობის პირების დასჯა. ნორმალურ სახელმწიფოში პარლამენტი მოახდენდა სერიოზულ რეაგირებას, მათ შორის მთავრობის დათხოვნის და პასუხისმგებლობის დაყენების სახით. ამ ყველაფერს მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი არ იზამს და ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს 28 ოქტომბერს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ყოფილი მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი თვლის, რომ გავრცელებული ჩანაწერი აცდენილია რეალობას.
„2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა ციხის კადრებმა უტყუარად დაადასტურეს ის, რაც მანამდეც ზედმიწევნით კარგად ვიცოდით - პატიმართა მასობრივი წამება რეჟიმის ბანალური ყოველდღიურობა იყო. ამიტომ ააფეთქა იმ კადრებმა ქვეყანა. ნესტიანი ასანთის ღერივით, აალების გარეშე გაიხრჩოლებს დღევანდელი „სენსაცია“, რადგან უკლებლივ ყველამ ვიცით, რამდენად აცდენილია რეალობას დღეს გამოქვეყნებული ბჟუტური. „ადიბასი“ არ მუშაობს!“, – წერს სოციალურ ქსელში ლაშა ნაცვილიშვილი.
ნაცვლიშვილისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი თვლის, რომ სუბელიანი გადაგდებულად გრძნობს თავს, ეს არის ხელისუფლებისადმი მისი ვენდეტა. მისი შეფასებით, ჩანაწერების პროცესი შესაძლოა, შეფასდეს არა მანკიერი, კრიმინალური სისტემის მარცხად, არამედ, სისტემის გამარჯვებად არსებულ ხელისუფლებაზე.
„პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს. ფაქტია, რომ ხელისუფლება კარგავს თვითკონტროლს. აღარ არის უკვე სახელმწიფოს კონტროლზე საუბარი. ურჩხული არის შიგნით. ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ გადმოიბარებდა არსებულ დანაშაულებრივ მექანიზმს, ინსტრუმენტს, რაც მანამდე იყო ფორმირებული და მას მართავდა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ურჩხულმა დღევანდელი ხელისუფლება მძევლად აიყვანა და ამ პრეცედენტებს ონლაინ რეჟიმში ვუყურებთ დღეს. ეს არის სისტემური პრობლემა, რომელსაც სისტემური პასუხი სჭირდება, რისთვისაც ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო აქვს, რომ პასუხი გასცეს.
ეს პასუხი ერთადერთია, ურჩხული უნდა დაისაჯოს სისტემურად. თუმცა არის კითხვა – აქვს ურჩხულის დასჯის ძალა ხელისუფლებას? – შესაძლოა, პროცესს უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს მიღებული და თუ ეს ასეა, ხელისუფლებამ ძალიან სწრაფად უნდა უთხრას ეს საზოგადოებას. სხვაგვარად ეს ურჩხული თავის მშობელს შეჭამს უახლოეს პერიოდში. ამ ოპერაციას ალბათ, აქვს კოდური სახელი „ბუმერანგი“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.