მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ფიასკო განიცადა, როგორც არჩევნებში, ასევე ქუჩის აქციების ჩავარდნილი საპროტესტო მუხტით, ჩიხში შესულებმა ერთმანეთისკენ თითის გაშვერა დაიწყეს. ურთიერთბრალდებები და გამოსავლის ძიებაში დაკარგული ოპოზიცია ახლა დილემის წინაშე დგას, ან ქუჩაში მარტო, ხალხის გარეშე უნდა დარჩეს ან პარლამენტში უნდა შევიდეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მათი პოლიტიკური გაბანკროტება გარდაუვალია.
ოპოზიციის მიმართ რისხვას და უკმაყოფილებას მათივე ამომრჩეველიც აღარ მალავს. ისინი პირდაპირ მიუთითებენ ოპოზიციის ტყუილზე, რომ საკუთარი მედიებთან ერთად ოპოზიციური ამომრჩევლისთვის ილუზიის შექმნას ცდილობდნენ, თითქოს არჩევნებს იგებდნენ, რამაც „ოცნებას“ საშუალება მისცა, საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება და დამატებით, ჩამოუყალიბებელი მოსახლეობაც გადაებირებინა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოპოზიციას ვერ აუხსნია, რატომ არ გამოვიდა ხალხი თბილისში, სადაც არჩევნებზე ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა.
არჩევნებიდან ზუსტად ერთი თვის და პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან ერთი დღის შემდეგ, ოპოზიციას კონკრეტული სამოქმედო გეგმა ისევ არ აქვს. უცნობია ისიც, როდის გამართავენ, ბარიერგადალახული პარტიები კონსულტაციების მორიგ რაუნდს.
პირველი ვინც უკვე ოპოზიიცის ჩავარდნილ სტრატეგიაზე ალაპარაკდა, კოალიცია „ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაა, რომელმაც აღიარა, რომ ოპოზიციის არასწორმა სტრატეგიამ ხალხის იმედგაცრუება გამოიწვია. წარუმატებლობა აქციაზე და წარუმატებლობა გეგმის ირგვლივ - ეს ის მოცემულობაა, რომელიც ნიკა გვარამიას თქმით, ჩამოუყალიბებელმა და ცვალებადმა პოზიციებმა გამოიწვია. რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი შექმნილ ვითარებაში და ვინ უნდა აიღოს ინიციატივა საკუთარ თავზე? - გვარამიას ერთი პასუხი აქვს:
„აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ მეგობრებო, პოლიტიკოსები მონაწილეობენ ამაში. ამას აკეთებს ხალხი, პირველ რიგში, მათ შორის საკუთარ თავზე ინიციატივის აღებას, მათ შორის პოლიტიკოსებისთვის, რაღაც შესაძლებლობების მიცემით, მაგრამ უნდა ჩამოვყალიბდეთ. ერთ ნაწილში, როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ვთქვათ, რომ „კოალიცია გვინდა“ და „ბელადი არ გვინდა“ და „ლიდერი არ გვინდა“ და ა.შ. მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა რაღაც განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ „ბელადი გვჭირდება“ და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ქვეყანაში დაძაბულობის შემოტანის მომხრე არც გახარიას გუნდია. ექსპრემიერის პარტია, ოპოზიციის საერთო გეგმებს ემიჯნება და მოქმედებას მხოლოდ საკუთარი სტრატეგიით განაგრძობს. შიდა პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს ხაზარაძე-ჯაფარიძის კოალიციაც. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი არ მალავენ, რომ ოპოზიციურ ველზე შეთანხმების მიღწევა, მათ შორის, საპროტესტო გეგმებთან დაკავშირებით, ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ოპოზიციაში შექმნილ კრიზისსა და მოქალაქეების კრიტიკაზე საუბარი მოგვიანებით სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა. პირველი ისევ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო. ამჯერად ნიკა მელიამ დაწერა, რომ „ოპოზიციაში უთანხმოება წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება“. მელიას შემდეგ იყო ანა დოლიძე, რომელიც, ასევე, არ მალავს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს რთული პერიოდი აქვთ.
„არ გაბედოთ და ხალხს არ უსაყვედუროთ ქუჩაში რატომ არ გამოვიდაო. იცით რატომ არ გამოვიდა? საკუთარი ამომრჩევლის გონიერებაში და ნიჭიერებაში რომ ეპარებათ ეჭვი იმიტომ“, - განაცხადა „აირჩიე ევროპის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ხათუნა ლაგაზიძემ.
ხათუნა ლაგაზიძე ამ ოთხი პარტიის ერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, საინტერესოა კოალიციური მთავრობის ფორმირებას რის და ვის ხარჯზე აპირებდნენ?
„სხვა თუ არაფერი, თვლა ხომ ვიცით და ელემენტარულად, დათვალა ამომრჩეველმა, რომ ეს ხალხი კოალიციური მთავრობის ფორმირებისთვის მზად არ ყოფილა, იმიტომ რომ მათი ხმების დასაცავად ვერ დადგა და არ დადგა გარეთ. თუ ასე არ ენდობოდნენ ერთმანეთს, მაშინ ვის აყრიდით თვალებში ნაცარს და რომელი კოალიციური მთავრობის ფორმირებას აპირებდით და რის და ვის ხარჯზე აპირებდით?“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპონენტებმა გადაბრალების კამპანია საკუთარი შეცდომების გადასაფარად დაიწყეს. სახელისუფლებო გუნდი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ბარიერგადალახული სუბიექტები საერთო სტრატეგიაზეც ვერ შეჯერდებიან, რადგან მათ საკუთარი მომხრეების მხარდაჭერაც დაკარგეს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ჯობია, შეცდომების დაშვება ყველამ აღიაროს და მოხდეს იმის გააზრება, რატომ ვერ გაიმარჯვეს არჩევნებზე და რატომ არ გამოვიდა ხალხი ქუჩაში. ძაბირაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ, მთელი ერთი წლის განმავლობაში ოპოზიცია, ოპოზიციური მედიები და მათ შორის თავად ანალიტიკოსებიც, ქმნიდნენ იმის ილუზიას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდებოდა ამ არჩევნებში, რაც დიდი შეცდომა აღმოჩნდა.
„კი ბატონო, გაყალბება შესაძლოა რაღაცა დოზით იყო და ეს ყოველთვის ხდება ყველგან, მაგრამ არც ისეთი კატასტროფული ყოფილა, როგორზეც ოპოზიცია საუბრობს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ტელევიზიებით, პრესით, სხვადასხვა მედია საშუალებებით, ლიდერები, ექსპერტები, ვქმნიდით ამ მოლოდინს. ასევე ხდებოდა სოციოლოგირი კველვების დიდი ალბათობით გაყალბებაც, რაც ოპოზიციურ ამომრჩეველს აძლევდა სრულიად სხვა წარმოდგენას. როდესაც შედეგები დაიდო, ეს კატასტროფული იყო, როგორც პოლიტიკური სპექტრისთვის, ასევე მათი ამომრჩევლისთვის. ამის შემდეგ კი კიდევ ერთი ახალი ეტაპი დაიწყო, რომ ვითომ ოპოზიციას შეეძლო გაყალბებული არჩევნების გაპროტესტება, დამტკიცება და დადებდნენ გეგმას, რომელიც მათ გამარჯვებამდე მიიყვანდა. უკვე მეორედ შეუქმნეს მოსახლეობას ილუზია, რომ აი, იბრძვიან ამ გაყალბებული არჩევნებისთვის. აღმოჩნდა, რომ აქაც 25 ნოემბრისთვის საპროტესტო მუხტის ორგანიზება ვერ მოხერხდა, რაზეც იყო მოლოდინი, რომ მძლავრი იქნებოდა, რაღაცა ამ საპროტესტო განწყობის პიკი გახდებოდა და მეტ-ნაკლებად, „ოცნებას“ ამ დღეს დისკომფორტი შეექმნებოდა. არ ვგულისხმობ პარლამენტში შევარდნას და ა.შ. ამისთვის ხალხი არც მზადაა და არც სურვილი არა აქვს არავის. ამან, ბუნებრივია, გარკვეული ნიჰილიზმი და გულგატეხილობა გამოიწვია იგივე ოპოზიციურ ამომრჩეველში. ამიტომ დღეს ოპოზიციას მართებს უფრო მეტი იფიქროს და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს. ძალიან ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ თუ გეგმავ 25-ში დიდი აქციის ჩატარებას, საკოორდინაციო ცენტრი ორგანიზაციული ხომ მაინც უნდა შეექმნა?! ამ 4 სუბიექტს ეს ხომ მაინც უნდა გაეკეთებინა?!“,-ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, გამოდის, ამ 4 სუბიექტიდან ნაბადს ყველა თავისკენ ექაჩება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიცია საუბრობს, ზოგადად, სტრატეგიულ ერთიანობაზე, მაგრამ ტაქტიკური ერთიანობა ამ ჯგუფებს არა აქვთ. ეს კი დაბნეულობას და ოპოზიციის მიმართ უნდობლობას იწვევს.
„ამას სჯობია თუ ვერ აღწევენ შეთანხმებას, ვიღაცამ თქვას, რომ მე თსუ-სთან მივდივარ და მე ვარ ამ აქციის ორგანიზატორი. თითქოს ყველა პოლიტიკური ძალა იყო იქ, მაგრამ რეალურად აღმოჩნდა, რომ „ნაციონალები“ და „ახლები“ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები. მაშინ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა. ოპოზიციურ ძალებში უნდა გამოიკვეთოს, ვინ რისი ორგანიზატორია და ვისი აქციებია. ხელისუფლებამ მოახერხა და შეძლო მაინც, რომ ეს არჩევნები ორ ბანაკად წარმოეჩინა. ყველა თემაში, პიარის თვალსაზრისით, „ოცნებამ“ მოუგო. მას აქვს ფული, აქვს გავლენა და ჰყავს ისეთი ხალხი დაქირავებული, ვინც მათ ყველა მიმართულებით რჩევებს აძლევს.
იმუშავა ომის თემამ, ევროპიდან წამოსულმა მუდმივმა დამუნათებამაც, პირიქით, „ოცნების“ სასარგებლოდ იმუშავა, მით უმეტეს, როცა რეზოლუციებში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხვონას წერდნენ. ოპოზიციის მხრიდან იმედების დამყარება ამ რეზოლუციებზე იყო სრული პოლიტიკური შეცდომა. მარტივი ლოგიკაა, რეზოლუციებით სააკაშვილის გათავსიუფლება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, აქამდე გაათავისუფლებდნენ. ისევ ახალ რეზოლუციაშიც იგივე საუბარი მიდის, ეს კი მოსახლეობაში ანტიოპოზიციურ განწყობაზე მუშაობს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისივე თქმით, შუაშისტური ძალა ვერ შეიქმნა ისეთი, რომელიც დომინანტური იქნებოდა. ამიტომ ოპოზიციას, როცა სამი ტელევიზია აქვს, ხომ უნდა შეეძლოს და ეს მედიები ამუშავოს ისე, რომ შექნას არა პარტიული, არამედ ოპოზიციური განწყობა. ანალიტიკოსის აზრით, ოპოზიციას ეგონა, რომ ის აქციები, რომელიც გაზაფხულზე იმართებოდა, არჩევნებზე მათ ყულაბაში მოხვდებოდა, აქაც შეცდნენ და „ოცნებამ“ ამითაც აჯობა, პირიქით, ოპოზიციას ეს რესურსიც გააფლანგინა.