აიკრძალება თუ არა აუდიტორიებში საფოს, ლორკას, კავაფისის, ფრიდა კალოს, ალმოდოვარის, ვარგასის შესახებ საუბარი, როგორც ამას პროფესორ-მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი წარმოაჩენს?!
ცალკეული ლექტორები შეშფოთებულნი არიან, რომ 1-ლი დეკემბრიდან, როცა ძალაში შევა კანონი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, მათ აეკრძალებათ ზემოთ ჩამოთვლილი პოეტების, მწერლების, რეჟისორების, მხატვრების შესახებ საუბარი, რადგან ეს შესაძლოა, გაუკუღმართებული სექსის პროპაგანდად ჩაუთვალონ და ჯერ ჯარიმა დააკისრონ, შემდეგ კი ციხეში უკრან თავი. ამ კანონის დამრღვევი ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი (ანუ უმაღლესი დაწესებულება)- 4000 ლარით.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მესამე პრიმა მუხლი ადგენს, რომ „დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა, რომელიც მიმართულია ადამიანის არც ერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების, ან მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“.
ოპოზიციურად განწყობილი ლექტორები შიშობენ, რომ ამ თემებზე საუბარი გახდება არასასურველი პროფესორ- მასწავლებლების ჩამოშორების და რეპრესიების დაწყების საშუალება.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და მთარგმნელი ქეთევან ხუსკივაძე სტუდენტებს მიმართავს, რომ ესპანური ენისა და კულტურის ლექციებიდან გაქრება ფედერიკო გარსია ლორკა, პედრო ალმოდოვარი, ანტონიო გალა, ფრიდა კალო, გაბრიელა მისტრალი, ჩაველა ვარგასი. ლექტორი ამბობს, რომ არ აპირებს საკუთარ სასწავლო პროგრამაში რაიმე შეცვალოს, რადგან დემოკრატიაზე საუბრისას სტუდენტებს ყოველთვის უხსნის, რომ ლორკა შეიწირა ფრანკოს დიქტატურამ, რომელმაც მხოლოდ იმის გამო დახვრიტა, რომ ის ჰომოსექსუალი იყო.
თსუ-ის კიდევ ერთი პროფესორი სოფიო შამანიდი ამბობს, რომ პირველი დეკემბრიდან სტუდენტებს ვეღარ ასწავლის კავაფისს, რიცოსს, იოანუსს, რადგან ეს შესაძლოა გაუკუღმართებული სექსის პროპაგანდად ჩაითვალოს. კლასიკური ფილოლოგიის კათედრაც, სავარაუდოდ, მიიკეტება. არადა, საფოზე რომ იწყებ ლაპარაკს, გამორიცხულია, არ თქვა, რომ ამ დიდი ქალი პოეტის ლექსები ქალებისადმია მიძღვნილი.
როგორ უნდა ისწავლებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში ლორკა, საფო, ალმოდოვარი, ვარგასი, ფრიდა კალო, კავაფისი?
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი ლაპარაკია ღირებულებათა დაცვაზე, ლაპარაკია იმაზე, რომ ასეთი ცხოვრების წესის რეკლამირება არ იყოს და არ იყოს პროპაგანდა. თორემ ინფორმაცია რომ უნდა მიაწოდონ სტუდენტს, ეს უდავოა. ანალიტიკოსის აზრით, პროფესორ-მასწავლებელთა ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან ასე შორს თუ წავედით, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ვერავინ აუხსნის, რომ სასქესო ორგანოების გადაგვარებაც შეიძლება მოხდეს.
„აბა, რა ქნან, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს არ უთხრან, რომ სასქესო ორგანოები არსებობს და მათი გადაგვარება შეიძლება მოხდეს?! ანალოგიურად, ისტორიისა და ლიტერატურის ანალიზში შეხვდებათ ასეთი ფაქტები, როდესაც სექსუალური უმცირესობის ხელოვან ადამიანთა შესახებ მოუწევთ ლაპარაკი, მაგრამ რომ წააწყდებიან ამ თემებს, კი არ უნდა დაუკრან ტაში, რომ, უი, რა კარგია, რომ წავაწყდით ერთსქესიანთა ურთიერთობებს, უბრალოდ, როგორც ადრე გვასწავლიდნენ ამ თემებს, ახლაც ასევე უნდა ასწავლონ, ყოველგვარი პიარის გარეშე“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება ცალკეული პროფესორ-მასწავლებლის შიშს, რომ არასასურველ ლექტორებს გაცხრილავენ, რამაზ საყვარელიძე იხსენებს, რომ არასასურველი ლექტორების გარიცხვის ფაქტები გვქონდა ამ კანონის გარეშეც, ოღონდ სააკაშვილის პერიოდში. ასე რომ, არიქა, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი იმიტომ შემოიღეს, რომ ცუდ დღეში ჩააგდონ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ლექტორები, ცოტა ხელოვნურია.
რამაზ საყვარელიძე ეჭვობს, რომ ის პროფესორ- მასწავლებლები, რომლებიც გაცხრილვის მოტივით უჩივიან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის არსებობას, სწორედ სააკაშვილის პერიოდს მისტირიან, რადგან ზუსტად სააკაშვილის მომხრეების მხრიდან არის ეს კანონი გაკრიტიკებული, ისევე, როგორც ევროპის მხრიდან არის ამ კანონის მიღება გაკრიტიკებული.
„მივდივართ ევროპისკენ“, - ეს სულისკვეთება ვისაც აწუხებს, და ასეთები ძირითადად წინა ხელისუფლების მომხრეები არიან, ისინი ეძებენ ხოლმე საბაბს, რითი დაიწუნონ ეს ბოლო ორი კანონი, რომელსაც პარალელურ რეჟიმში იწუნებენ ევროპელები.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონის ამოქმედებას ცალკეული პროფესორ-მასწავლებლები გმობენ იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ ეს ადამიანები არიან ეგრეთ წოდებული „პეროიანები“. სინამდვილეში, ეს ადამიანები არიან უცხოურ გრანტებზე დამოკიდებულნი და ლგბტ აქტივისტებს წარმოადგენენ.
„ჩახედონ კანონს და კანონშივე ნახონ, რომ არავინ არავის არაფერს არ უშლის, გარდა პროპაგანდისა. პროპაგანდას რაც შეეხება, საფოა, ფრიდა კალოა, თუ ლორკაა, მათი სწავლება პროპაგანდა არ არის. ესენი არიან გამოჩენილი ადამიანები, რომელთა ცხოვრების წესის შესახებ უნდა ისაუბროს პროფესორ-მასწავლებელმა და არ უნდა უბიძგოს სტუდენტს, რომ, გინდა თუ არა, შენც ასეთი უნდა იყოო. არ უნდა უთხრას სტუდენტს, რომ ბიოლოგიურად ასეთი არსება უნდა იყოო. სწორედ ეს არის პროპაგანდა, როდესაც ბავშვებს თუ სტუდენტებს ელაპარაკებიან, რომ ცხოვრების ასეთი წესი მისაბაძია. ასე რომ, ეს პროფესორ მასწავლებლები წყალწაღებულებულნი არიან და ხავსს ეჭიდებიან. ასეთი დამოკიდებულებით ხელოვნური პროტესტის გამოწვევა უნდათ“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე ჩვენთან საუბრისას.