„იმაზე ხისტი პოზიცია, ვიდრე ყაველაშვილს აქვს ამ ჩვენი დასავლელი მფარველების მიმართ, დონალდ ტრამპს აქვს“

„იმაზე ხისტი პოზიცია, ვიდრე ყაველაშვილს აქვს ამ ჩვენი დასავლელი მფარველების მიმართ, დონალდ ტრამპს აქვს“

პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება, ეს არის ის მცირე ჩამონათვალი, რის გამოც პრეზიდენტობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“, „ხალხის ძალის“ წევრი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

„ოცნების“ საპატიო თავჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

ოპოზიცია კი ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ ათონელის სასახლე არ დატოვოს, ხოლო ხალხს მისი დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, რატომ გაღიზიანდა ასე ოპოზიცია მიხეილ ყაველაშვილის დასახელებით? ამ და სხვა თემებზე for.ge-სთან ინტერვიუში „ხალხის ძალის“ წევრი და ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საურბობს.

რა არის ის მთავარი ღირებულებები, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილზე არჩევანი გააკეთა?

- როგორც შემდგარი ფაქტი, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შემიძლია შემდეგნაირად შევაფასო - მას აქვს სწორედ ის ღირებულებები და თვისებები, რაც დანარჩენ ორ პრეზიდენტს არ ჰქონია. პრეზიდენტის ინსტიტუტის ღრმა კრიზისის ფონზე, შემიძლია ყაველაშვილის კანდიდატურა გავაანალიზო. ჩვენ ვერ დავასახელებთ ქვეყანაში ვერც ერთ პრეზიდენტს, რომელმაც რეალურად მასზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულა. იმავე ამომრჩეველმა 7-8 თვის პრეზიდენტობის შემდეგ წუნი უპოვა ზვიად გამსახურდიას, პირველი პრეზიდენტი პოსტიდან გადააყენა და შემდეგ თვითმკვლელობამდე მიიყავნა. შემდეგ

იგივე საზოგადოებამ ედუარდ შევარდნაძე აეროპორტში ზარ-ზეიმით მიიღო. თუმცა კიდევ ერთი გადატრიალების გზით, ვარდებით, ხელისუფლებიდან გააცილა. აქედან იწყება პრეზიდენტის ინსტიტუტის ყველაზე მძიმე ფურცელი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის გლობლურმა მოწინააღმდეგეებმა, სამი პრეზიდენტი ზედიზედ, უბრალოდ, ჩაგვიდეს. ერთ-ერთი იყო მიხეილ სააკაშვილი, რმელიც ორჯერ ჩაგვიდეს. ამიტომ, პირდაპირ თუ ირიბად,  საზოგადეობაა დამნაშავე ამ ინსტიტუტის მიმართ უნდობლობისა და მათი ნაწილი რომ უარყოფითად მიიღებდა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას, ეჭვიც არ მეპარებოდა. თუმცა ის რა თვისებებიც ყაველაშვილს გააჩნია, სწორედ ამ პოსტზე ყველაზე შესაფერისი მგონია.

„ხალხის ძალაში“ გადასვლის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილი არ მალავდა საკუთარ მოსაზრებებს და დასავლელ პარტნიორებს  ღია განცხადებებით აკრიტიკებდა. მისი კანდიდატურის შერჩევისას, შესაძლოა, ეს ფაქტი განმსაზღვრელი ყოფილიყო?

- მიხეილ ყაველაშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ამხილა და პირდაპირ ისეთი კითხვები დაუსვა, რაზეც მან პასუხებიც ვერ გასცა. საკმაოდ მარტივი, მაგრამ მისთვის უხერხული შეკითხვები იყო. ამით მან თავისი დამოკიდებულება გამოხატა მიხეილ ყაველაშვილისადმი, როგორც დეპუტატის მიმართ. ამ ყველაფრის შემდგომ გვახსოვს, რომ დემოკრატიის უკუსვლა, ანტიდასავლური რიტორიკა და ათასი სხვა სისულელეთი შეფუთეს საკუთარი პასუხები. ამ დროს მიხეილ ყაველაშვილი, თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით, ადამიანია, რომელიც აბოსლუტურად გულწრფელია თავისი ქვეყნის სიყვარულში, ხანდახან ემოციურიც, მაგრამ ეს მას დადებითად ახასიათებს. ის არის ადამიანი, რომელმაც გამორიცხულია საკუთარი ოჯახის ან თავისი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს.

ეს არის ადამიანი, რომელიც არასდროს უღალატებს თავის ქვეყანას და სამშობლოს. ამიტომაც არის, რომ ოპოზიცია მისი კანდიდატურის წამოყენებას ასე აგრესიულად შეხვდა. ვერც კი უბედავენ საკუთარი წიაღიდან მას კონკურენტი დაუპირისპირონ. ყველა ის თვისება, რომელიც წინა პრეზიდენტებს აკლდა და ყაველაშვილში ადვილად იკითხება, გამორიცხულია მათ რიგებში მოიძებნოს. მე ორმაგად მოხარული ვარ, რომ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დაყენებამ სრულიად ახალი კუთხით წარმოაჩინა „ხალხის ძალა“, როგორც პოლიტიკური ლაბორატორიის პოტენციალი.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის გზავნილი სწორედ დასაველთისთვის, რომ „ოცნება“ არ აპირებს მასთან პოლიტიკის გადატვირთვას და პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ფიგურა, რომელიც მათ მიმართ ხისტი პოზიციით გამოირჩევა. როგორ წარმოგიდგენიათ მისი ურთიერთობა პრეზიდენტობის რანგში დასავლეთთან?

- იმაზე ხისტი პოზიცია, ვიდრე ყაველაშვილს აქვს ამ ჩვენი ოპოზიციონერი დასავლელი მფარველების მიმართ, ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს. ეს ის ფუფუნებაა, რომელიც აერთიანებს როგორც ამერიკის, ასევე საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. ამიტომ ძალიან ნუ წუხს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ყაველაშვილი როგორ და რა ფორმით დაელაპარაკება დასავლელ პარტნიორებს. მათ დასუსტებას მიეცა გლობალური ხასიათი.

გასაგებია ოპოზიციის შიში მიხეილ ყაველაშვილის მიმართ, მაგრამ მე გავუმძაფრებ ამ შიშს, რადგან აუცილებლად დადგება დღის წესრიგში მათი ქართული პოლიტიკიდან გაქრობის დღეც. მიხეილ ყაველაშვილს ამაზე ყოველთვის ჰქონდა პრინციპული დამოკიდებულება და გამორიცხულია, რომ მან თავისი პირადი და მერკანტილური ინტერესების გამო, ქვეყანას უღალატოს. ასევე, გადმობირებადი სუბიექტი იყოს იმ ძალების მხრიდან, რომლებიც 2025 წლის იანვრიდან რა სახის საერთაშორისო დეგრადაციის გზას დაადგებიან, დავინახავთ.

„ახალი“-ს ლიდერმა ნიკა გვარამიამ ხალხს მოუწოდა, რომ დაიცვან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რათა ის ათონელის სასახლიდან არ გამოვიდეს. რას ნიშნავს როგორ გაიგეთ მისი ეს მოწოდება და ელით თუ არა რომ ამ მხრივ ოპოზიცია პროცესის რადიკალიზებას შეეცდება?

- ნიკა გვარამიას რა შეიძლება ჰქონდეს სათქმელი, როცა 25 ნოემბერს საკუთარი ამომრჩეველი მიატოვა და საქართველოს ტერიტორია დატოვა. დატოვა ისევე, როგორც 2013 წლის ნოემბერში საქართველოდან მიხეილ სააკაშვილი გაიქცა. თუ ასეთი ინტერესი აქვს სალომე ზურაბიშვილის მომავალთან დაკავშირებით და ასე ნერვიულობს ქალზე, რომელსაც თავის დროზე ყველაფერი აახია და რა ეპითეტებითაც მოიხსენიებდა, ამის თქმისაც მრცხვენია. ალბათ, ჯობდა, ბრიუსელის ბილეთს რომ ყიდულობდა, ერთი ბილეთი ამ ქალისთვის პარიზის მიმართულებით ეყიდა. ამიტომ საქართველოდან გაქცეულ გვარამიას განცხადებებს დიდი დრო აღარ უნდა დავუთმოთ.

ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტში სხვადასხვა სახის რეზოლუციები. მათგან ერთი შეიტანა იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის წარმომადგენელმა, სადაც საქართველოს მხარდაჭერაზე და არჩევნების აღიარებაზეა საუბარი. მეორე რეზოლუციაში კი ისევ გრძელდება მოწოდებები სააკაშვილის გათავისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შესახებ. რა მნიშვნელობა აქვს არჩევნების შემდეგ ამ რეზოლუციას, რაში დაეხმარება ეს ოპოზიციას?

- მე მაინტერესებს, ანალოგიური მოთხოვნებით, რომელმა წინა რეზოლუციამ გამოიღო რაღაცა პრაქტიკული აღსრულების შინაარსი? მე ამ ევროპარლამენტარების ადგილას საკუთარ თავმოყვარეობას მაინც მივაქცევდი ყურადღებას. როდესაც შენ ხედავ და გაიძულებენ აპრიორი განუხორციელებელი მუხლების ჩადებას, ერთხელ მაინც ხომ ვეტყოდი საკუთარ თავს - როდემდე?

ერთადერთი რეზოლუცია, რომელმაც ჩვენთვის სამწუხარო ნაყოფი გამოიღო, ეს იყო 2008 წლის რეზოლუცია. ამ მოღალატეებმა საკუთარ ჯარს რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება დააბრალეს. ზუსტად, ამ რეზოლუციას მოჰყვა რეალური პრაქტიკული ნაბიჯები. ამ მოღალატეობრივ ჩანაწერზე დაყრდნობით, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ვერც კი გაბედეს, საქართველოს წინააღმდეგ ომის გაჩაღების გამო, რუსეთი რაიმე ტიპის სანქციების ქვეშ აეყვანათ. ლოგიკური იყო, რატომ უნდა აეყვანათ რუსეთი სანქციების ქვეშ, რადგან თავად რუსეთმა აღიარა, რომ ომი არ დაუწყია. იმ სამარცხვინო რეზოლუციას პრაქტიკული განვითარება ჰქონდა. თუმცა ამათ ხელში, არც ერთ ფეიკრეზოლუციას განვითარება არ ჰქონია.