სავარაუდოდ, პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი, რომელმაც 5-წლიანი ვადით უნდა დაიკავოს საპრეზიდენტო სავარძელი, პოლიტიკასთან აფილირებული არ იქნება. მას სულ სხვა წრეებიდან შეარჩევენ და ის ხალხში ავტორიტეტული და პოპულარული იქნება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და კოკო გამსახურდიას საპრეზიდენტო კანდიდატად არ მოიაზრებს. ამის მიუხედავად, საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟია ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით და ხალხის გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ამ პოსტზე ყოფილი პრემიერი იხილოს.
ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო მომხრეები ამბობენ, რომ ბევრი უცხოელი მაღალჩინოსანი ღარიბაშვილის ნათქვამს იმეორებს, მან ბორელს ენა ჩააგდებინა და კანდიდატის სტატუსი მოგვაპოვებინა. ღარიბაშვილის მომხრეების თქმით, ხელისუფალი უნდა იყოს პრინციპული, თავისი ერისა და ქვეყნის მოყვარული, სიტყვის პატრონი და ასეთია ღარიბაშვილი, რომელიც უსამართლობას არ უხრის თავს და ყველაზე პირველი აჟღერებს სიმართლეს მსოფლიოს გასაგონად.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. ამერიკული მოდელით, პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭისყრა დაიწყება 9.00 საათზე და დასრულდება 14.00 საათზე. საჭიროების შემთხვევაში, მეორე ტურიც იმავე დღეს გაიმართება.
ყველაზე მთავარი პირობაა, რომ „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ქართველი პატრიოტი. ამ ტიტულს სხვა კრიტერიუმებიც დაემატა, კერძოდ, ის, რომ აღნიშნული კანდიდატი აპრიორი იყოს პატიოსანი, პროფესიონალი, მას კარგად ეცოდინება ეროვნული და ტრადიციული ღირებულებები და სახელმწიფოებრივად იაზროვნებს. უსამშობლო და კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი საქართველოს მეტი აღარასდროს ეყოლება.
იმ ფაქტს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს პრეზიდენტის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხილვა სურს, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი იმით ხსნის, რომ, ეტყობა, ხალხში პოპულარულია ეს პიროვნება და იმიტომ იმედოვნებენ რომ ის იქნება პრეზიდენტი, თუმცა რადგან ირაკლი ღარიბაშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ეს არის ცოტა დამაბრკოლებელი.
„უკეთესი იქნება, საპრეზიდენტო კანდიდატი პარტიულობისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი იყოს, ზეპარტიული ადამიანი იყოს, სახელმოხვეჭილი, ანუ კარგი სახელის მქონე. შეიძლება იგი შეირჩეს სამეცნიერო, სახელოვნებო, სპორტული წრეებიდან, სადაც კარგი სახელი აქვს, პოპულარული, ავტორიტეტული ადამიანია და ყველა ენდობა. მისი მთავარი ფუნქციაა ცერემონიალური, ანუ ის უნდა იყოს არა იმდენად ძალაუფლების მქონე, რამდენადაც ამ ძალაუფლებისთვის სახის მიმცემი“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას.
დავით ზარდიაშვილი, რომელმაც თავის დროზე წინმსწრებად გაგვანდო, რომ კარგი იქნებოდა, ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გამართულიყო, რაც ახდა კიდეც, დღეს ნანობს, რომ ზურაბიშვილთან მიმართებით მწარედ შეცდა, რადგან რაც მან ჩაიდინა, ეს იყო ძალიან დიდი აბსურდი, მან შეურაცხყოფა მიაყენა თავის გვარსაც, წინაპრებსაც და მთელ ქვეყანასაც.
„ვფიქრობ, ის საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს, პარლამენტის შენობაში მივა და იქ დადებს ფიცს. ლოგიკიდან ასე გამომდინარეობს. საერთოდ თუ ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს მეთაურის ინაუგურაცია საკათედრო ტაძარში უნდა ხდებოდეს, მაგრამ ეს მაშინ, როცა მონარქია აღდგება, რისი იმედიც მაქვს, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება საქართველოში და მომავალში იქნება ბაგრატიონების ინაუგურაცია. ჩვენი მთავარი ტაძარია სამების საკათედრო ტაძარი, სადაც შეიძლება შედგეს ინაუგურაცია, ასევე, სვეტიცხოველშიც შეიძლება, ბაგრატშიც, ნებისმიერ საკათედრო ტაძარში, რომელიც მირონცხების მადლს განასახიერებს. ისე არ წარმოიდგონოთ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას მაინცდამაინც საკათედრო ტაძარში ინაუგურაცია სჭირდება, უბრალოდ, როცა საუბარი იქნება მონარქიის აღდგენაზე, მერე შეიძლება ეს მოხდეს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ანალიტიკოსი განმარტავს, რომ, რასაკვირველია, საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა იყოს ქართველი პატრიოტი. ეს აუცილებელი პირობაა, ძალიან მაღალი ავტორიტეტის და ნდობის მქონე ფართო საზოგადოებაში. მას უნდა ენდონ არა იმიტომ, რომ ამა თუ იმ პარტიას წარმოადგენს, არამედ პარტიებთან შედარებით ბევრად მეტი უნდა იყოს. მხოლოდ პოლიტიკური კარიერა არ არის მნიშვნელოვანი, არამედ კეთილსინდისიერება, სამართლიანობა და პატრიოტობა. პოლიტიკაში ვინც მონაწილეობს, მეტ-ნაკლებად ყველა რაღაცნაირად შებღალულია, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამდენად, თუკი საპრეზიდენტო კანდიდატად პოლიტიკოსს შეარჩევენ, მაშინ ძალიან მაღალი რეპუტაციის უნდა იყოს და ასეთი სულ რამდენიმეა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე არ ფლობს ინფორმაციას, ვინ შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. თუმცა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქართველი პატრიოტობა საკმარისი არ არის.
„პატრიოტიზმი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი უნდა იყოს ყველა პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, მაგრამ პრეზიდენტს აუცილებლად სჭირდება უნარები, რადგან ის წარმოადგენს ქვეყანას. ამიტომ მისი უნარები უმნიშვნელოვანესია“, - ამბობს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას და ეჭვობს, საპრეზიდენტო კანდიდატი შეირჩეს პოლიტიკოსებისგან, უფრო საზოგადოების სფეროდან ელის მომავალ კანდიდატს.