ადამიანის უფლებათა ცენტრი აპროტესტებს ადვოკატ შალვა შავგულიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომელიც მან ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში 21 და 22 ივლისს გააკეთა. ადვოკატს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში და პირადი წყენის გამო, ცდილობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის დისკრედიტაციას.
ადვოკატი შავგულიძე ამტკიცებს, რომ თითქოს მას ნინო ანდრიაშვილმა შეუშალა ხელი ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის დაცვის განხორციელებაში. ამავე დროს მას ეჭვი შეაქვს კოლეგის პროფესიონალიზმში და აცხადებს, რომ ზურაბ ქურციკიძის დაცვა არასაკმარისად აქტიურობდა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფოტორეპორტიორების დაკავების პირველი წუთებიდან აქტიურად დაიწყო მათი დაცვისა და მხარდაჭერის კამპანია. ცენტრმა იმ დღესვე მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მედიას და ხელისუფლებისგანაც ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, პირდაპირ მოითხოვა უკანონოდ დაკავებული ფოტორეპორტიორების განთავისუფლება. ეს მაშინ, როცა თავდაპირველად არასამთავრობო სექტორი და მედია თემას სიფრთხილით მოეკიდა და მხოლოდ გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვა და საქმისთვის გრიფის „საიდუმლო“ მოხსნა მოითხოვა.
ადამიანის უფლებათა ცენტრს თავიდანვე არ ეპარებოდა ეჭვი, რომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულონი იყვნენ და ამ საქმესთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია დააფიქსირა. ეს მიმართვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ვებ-გვერდზე: www.humanrights.ge სათაურით: „ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული ფოტოკორესპონდენტები“. ადამიანის უფლებათა ცენტრი იყო, პრაქტიკულად, ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც მწვავე საპროტესტო ტრანსპარანტით: „მიშა ლუკაშენკო!“ მონაწილეობა მიიღო სოლიდარობის აქციაში ფოტორეპორტიორების დაკავების დღესვე - 7 ივლისს, ე. წ. მოდულის შენობასთან. ამ აქციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ www.humanrights.ge-ზე (იხ. სტატია - პირველი საპროტესტო აქცია დაკავებული ფოტოკორესპონდენტების მხარდასაჭერად.)
ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაკავებული ფოტორეპორტიორები იმთავითვე სინდისის პატიმრებად გამოაცხადა და ეს პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზეც დააფიქსირა. ადამიანის უფლებათა ცენტრი და მისი იურისტი ნინო ანდრიაშვილი, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, პირველივე დღიდან შეუდგა ზურაბ ქურციკიძის დაცვას. ყველამ იცის, რომ ადვოკატი შეზღუდული იყო და საქმეზე არსებული გრიფი „საიდუმლო“ არ აძლევდა საშუალებას, ესაუბრა დეტალებზე. ამის მიუხედავად, ნინო ანდრიაშვილმა მაინც მოახერხა გარკვეული ლავირება და პირველივე დღიდან მედიას მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდა ფოტორეპორტიორებისთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით.
მან ასევე პირველივე დღესვე დააფიქსირა, რომ ზურაბ ქურციკიძეს სახეზე ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც იძლეოდა ეჭვის საფუძველს, რომ დაკავებულზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა აღიარებითი ჩვენების მისაღებად. ნინო ანდრიაშვილმა მედიას ასევე აცნობა, რომ ზურაბ ქურციკიძემ თავდაპირველად პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა, მაგრამ მალევე შეწყვიტა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. დაკავებული ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე ნინო ანდრიაშვილს ბოლომდე ენდობოდა და ეს ნდობა ადვოკატს ბოროტად არასოდეს გამოუყენებია.
ქურციკიძის სურვილი იყო, რაც შეიძლება მალე დაეღწია თავი საპყრობილედან, სადაც იგი უკანონოდ მოათავსეს. ამ მიზნით იგი იძულებული იყო, დათანხმებულიყო საპროცესო გარიგებას. მას ეს გადაწყვეტილება რაკი მიღებული ჰქონდა, ამიტომაც უარი უთხრა ევროპის პრესფოტოსააგენტოსა (EPA) და ოჯახის მიერ დაქირავებულ კიდევ ერთ ადვოკატს - შალვა შავგულიძეს, განეხორციელებინა მისი დაცვა. ადვოკატი შავგულიძე ამან გაანაწყენა და რატომღაც ნინო ანდრიაშვილს დასდო ბრალი, თითქოს მან შეუშალა ხელი საქმეში მის ჩართვას. აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა იმ ეტაპზე, როცა ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი ადამიანის უფლებათა ცენტრმა გამოიწვია საქმიდან, რითაც პროტესტი გამოუცხადა ზეწოლით მიღებული აღიარებითი ჩვენებებითა და საპროცესო გარიგებებით ადამიანთა დამნაშავედ გამოცხადების მავნე პრაქტიკას.
საკითხავია, ადვოკატმა შალვა შავგულიძემ რატომ მაინცდამაინც ბოლო წუთებში მოიწადინა ასე თავგამოდებით ზურაბ ქურციკიძის ადვოკატობა, როცა უკვე დაკავებულს მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება ხელი მოეწერა საპროცესო გარიგებაზე? სავარაუდოდ, მას ინტერესი ჰქონდა, რამდენიმესაათიან შრომაში მიეღო სოლიდური ჰონორარი, რასაც მას EPA სთავაზობდა ზურაბ ქურციკიძის დაცვის სანაცვლოდ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ჰონორარის დაკარგვამ გაანაწყენა „ცნობილი ადვოკატი“ და ამიტომაც რამდენიმე დღეა, შანსს არ უშვებს ხელიდან და თავს ესხმის „უცნობ“ კოლეგას - ნინო ანდრიაშვილს.
ადვოკატი შავგულიძე ნინო ანდრიაშვილს ბრალს სდებს ადვოკატთა ეთიკის კოდექსის დარღვევაში და არასწორ ინფორმაციას აწვდის მედიას, თითქოსდა ანდრიაშვილმა დაბლოკა მისი მონაწილეობა საქმეში. ეს მაშინ, როცა ნინო ანდრიაშვილს არც ფინანსური, არც პიროვნული და არც სხვა არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, კოლეგისთვის ხელი შეეშალა. პირიქით, ნინო ანდრიაშვილმა მისი თანდასწრებით დაურეკა გამომძიებელს და სთხოვა საგამოძიებო მოქმედების გადადება მეორე დღისთვის, რადგან ასე უნდოდა შალვა შავგულიძეს, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული ადვოკატად საქმეზე. ვინაიდან საგამოძიებო მოქმედების გადადებაზე გამომძიებელმა უარი განაცხადა, ანდრიაშვილმა კოლეგას შესთავაზა, ამ საგამოძიებო მოქმედებამდე ერთად შეხვედროდნენ პატიმარს და ეცნობებინათ მისთვის EPA-ს და ოჯახის სურვილი საქმეში კიდევ ერთი ადვოკატის ჩართვის თაობაზე. ეს წინადადება ადვოკატმა შავგულიძემ არ მიიღო და ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისიდან განაწყენებული სახით წავიდა.
ნინო ანდრიაშვილი მხარს უჭერდა შალვა შავგულიძეს გლდანის მე-8 საპყრობილეში, როცა მას ციხის ადმინისტრაცია და გამოძიება საქმეში ჩართვის საშუალებას არ აძლევდნენ. შალვა შავგულიძე „რეზონანსთან“ (23 ივლისი, N193, გვ. 6) ინტერვიუში სწორად იხსენებს, თუ როგორ არ მისცეს მას გამომძიებელმა და ციხის ადმინისტრაციამ პატიმართან შეხვედრის საშუალება. „კავკასიის“ ერთერში კი ამ დაბრკოლებების შექმნაში იგი რატომღაც ნინო ანდრიაშვილს ადანაშაულებდა, როცა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტს ამდენი არც უფლებამოსილება ჰქონდა და არც ბერკეტები.
ამავე დროს, ნინო ანდრიაშვილი მოვალე იყო, ეცნობებინა ადვოკატისთვისაც და საზოგადოებისთვისაც თვითონ დაკავებულის არჩევანის შესახებ, როცა ზურაბ ქურციკიძემ მას განუცხადა, რომ ყველას უხდიდა დიდ მადლობას - EPA-საც, ოჯახსაც და სხვა კეთილმოსურნეებსაც, მაგრამ საქმეში დამატებით ადვოკატის ჩართვა აღარ სურდა, რადგან უკვე ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება, გათავისუფლების პირობით, გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება გამოძიებასთან. ნიშანდობლივია, რომ შალვა შავგულიძის საქმეში ჩართვას EPA და დაკავებულის ოჯახი ჯერ კიდევ ერთი კვირით ადრე განიხილავდა, როცა საპროცესო გარიგებაზე საუბარი არ ყოფილა. მაშინ „ცნობილმა ადვოკატმა“ აქტიურობისგან თავი შეიკავა და ასპარეზზე რატომღაც მაშინ გამოჩნდა, როცა საქმეში მის ჩართვას დაკავებულისთვის არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ტელეკომპანია „კავკასიას“, შეწყვიტოს ადვოკატ შალვა შავგულიძის დაუსაბუთებელი ბრალდებების მიკერძოებული, ცალმხრივი, შეურაცხმყოფელი გაშუქება და მაყურებელს გააცნოს ცენტრის პოზიცია. ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თხოვნით, განიხილოს საჩივარი ქარტიის ხელმომწერი ჟურნალისტის, გადაცემა „ბარიერის“ წამყვანის - ალეკო ელისაშვილის მიმართ, რომელმაც დაარღვია ჟურნალისტური ქარტიის I მუხლის მოთხოვნა: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, განიხილოს ადვოკატ შალვა შავგულიძის არაეთიკური განცხადებები ნინო ანდრიაშვილის მისამართით და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ადვოკატ შალვა შავგულიძეს, შეწყვიტოს ცენტრის იურისტის მიზანმიმართული დისკრედიტაცია და ბოდიში მოუხადოს კოლეგას დაუმსახურებელი შეურაცხყოფისათვის.
ადამიანის უფლებათა ცენტრი