[ნინო მიქიაშვილი]
გლდანის №8 საპყრობილის მიმდებარე ტერიტორია პროტესტის გამოხატვის ეპიცენტრი შეიძლება გახდეს. დაკავებული ფოტორეპორტიორების მხარდამჭერ აქციებს, რომლის სათავეში ჟურნალისტები იდგნენ, ახლა ერთი კონკრეტული პატიმრის და მისი უფლებების დამცველი ადვოკატის სოლიდარობის აქცია ენაცვლება - გლდანის №8 საპყრობილესთან 25 ივლისს, 13 საათზე უფლებადამცველები, ადვოკატები და ჟურნალისტები მსჯავრდებულ მალხაზ არქანიასა და მისი უფლებების დამცველ ადვოკატს, ლექსო არქანიას გამოუცხადებენ სოლიდარობას, რომელსაც ამ კონკრეტული საპყრობილის ადმინისტრაცია მალხაზ არქანიას დაცვის უფლების განხორციელებას არ აძლევს.
მსჯავრდებული მალხაზ არქანია მერვე საპყრობილეში მყოფთაგან ერთადერთია, ვინც გაბედა და 22 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მისცა ახსნა-განმარტება, იმის თაობაზე, თუ როგორ სცემეს, აწამეს, აჭამეს საკუთარი ხელით დაწერილი ჩვენება, აყურებინეს გაუპატიურების ფაქტი და თავადაც იგივეთი დაემუქრნენ.
თუ როგორი ფორმით მოხდება მალხაზ და ლექსო არქანიებისადმი სოლიდარობის გამოხატვა, აქციის ორგანიზატორები წინასწარ, საჯაროდ საუბარს ერიდებიან და იმათ, ვისაც საპატიმროებში ადამიანების წამების საკითხი აღელვებთ, გლდანის საპატიმროსთან ეპატიჟებიან. ამის შესახებ ადვოკატმა ქეთი ბექაურმა გვითხრა, რომელიც არქანიების საქმეებს კარგად იცნობს.
ქეთი ბექაური არის „ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი კომისიის“ წევრი, რომელმაც მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას საქმე დეტალურად განიხილა და 15 ივლისს მას პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა. თუ რატომ, ამაზე ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.
6 ივლისიდან ქეთი ბექაური ჩაერთო ბრალდებულ ლაშა არქანიას საქმეში, რომელიც ამჟამად, ზუგდიდის ციხეშია. შეგახსენებთ, რომ „ობიექტივმა“ ლაშა არქანიას მიერ, სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტება 27 ივნისს გამოაქვეყნა, სათაურით - 35 წლის პატიმარ ლ.ა-ს ცემით და გაუპატიურების მუქარით სასურველი ჩვენება დააწერინეს http://www.obieqtivi.net/?newsDetail=3918.
ბრალდებულ ლაშა და მსჯავრდებულ მალხაზ არქანიების ისტორია ერთმანეთის მსგავსია - ორივე სცემეს, აწამეს და გაუპატიურების მუქარით დააწერინეს სასურველი ჩვენებები. არქანიებს აიძულებდნენ იმის აღიარებას, რომ დასავლეთ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში აქვთ მონაწილეობა მიღებული. ორივე არქანიამ ცემა-წამების ირგვლივ სახალხო დამცველის რწმუნებულებს მისცა დეტალური ახსნა-განმარტება.
ადვოკატ ქეთი ბექაურის განმარტებით, სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურას არქანიებზე ალერგია აქვს. ლაშა არქნაიას საქმეში ქეთი ბექაურის ჩართვის შემდეგ, საქმეს ჩამოაშორეს და სამსახურიდან დაითხოვეს გამომძიებელი ილუშა აქუბარდია.
ლაშა არქანია 14 ივნისს დააკავეს, სცემეს, წალენჯიხის რაიონის, სოფელ ჯვარის პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიიყვანეს და მისი ცემა-წამება იქ გააგრძელეს. შემდეგ წალენჯიხის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს.
ქეთი ბექაურთან ერთად არქანიას უფლებებს იცავენ ადვოკატები: თამარ გოგავა და ნაზი დოთიაშვილი. მათ ბრალდებული არქანია ორჯერ მოინახულეს, რომელმაც დაადასტურა 17 ივნისს, სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში აღწერილი ცემა-წამების ფაქტი.
ქეთი ბექაურის განმარტებით, საქმის მასალების დეტალურად გაცნობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ 15 ივნისს, პოლიციელების მიერ გამოძახებულმა წალენჯიხის სასწრაფო დახმარების ექიმმა, ჟუჟუნა კვარაცხელიამ ნაცემ ლაშა არქანიას სხეულზე დაზიანებები ვერ აღმოაჩინა და სპეციალურ ჩანაწერში აქცენტი ღვიძლის გაღიზიანებაზე გააკეთა.
ზუგდიდის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მიყვანისას, გარეგნული დათალიერების ოქმში ჩაწერეს, რომ არქანიას ყურის ძირებში, სახის არეში, კიდურებზე და გულ-მკერდის არეში მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები ჰქონდა. სასწრაფო დახმარების მანქანა ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც გამოიძახეს. ქეთი ბექაურის განმარტებით, კვარაცხელიასგან განსხვავებით ექიმმა დ. როგავამ ობიექტურად აღწერა ის დაზიანებები, რაც ლაშა არქანიას სხეულზე აღენიშნებოდა. სასწრაფოს ექიმმა დააფიქსირა ისიც, რომ დაკავებულს ტვინის შერყევის შემდგომი მოვლენები აღენიშნებოდა.
არქანიას სხეულზე არსებული დაზიანებების და ზემოაღნიშნულ სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, 20 ივნისს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთის წარმომადგენლობამ დადო დასკვნა, რომელსაც ადვოკატი ქეთი ბექაური ასე აფასებს:
„სამედიცინო ექსპერტმა გია გობრონიძემ ობიექტური დასკვნა დადო, რომელშიც წერია, რომ ეს არის მსუბუქი ხასიათის დაზიანებები, რომელსაც ჯანმრთელობის მოშლა არ გამოუწვევია, მაგრამ ხანდაზმულობით ემთხვევა საქმეში მითითებულ თარიღსო, რაც იმას ნიშნავს, რომ ლაშა არქანია დაკავების მომენტშია ნაცემი. ამ დასკვნით ლაშა არქანიას მიერ დაწერილი ახსნა-განმარტება დადასტურებულია“.
ქეთი ბექაურის თქმით, ამ დასკვნის დადების შემდეგ, გამომძიებელმა ილუშა აქუბარდიამ სამედიცინო ექსპერტი გია გობრონიძე დაიბარა, „ჩვენება გამოსძალა და სისულელე დააწერინა“, რომ ლაშა არქანიას ეს დაზიანებები დაკავებამდე 8-9 დღის წინ შეიძლებოდა მიეღო. სანამ გობრონიძეს ჩამოართმევდა ჩვენებას, გამომძიებელმა აქუბარდიამ 75 წლის გრიშა ჭკადუას დააწერინა „ყალბი ჩვენება, იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოვარდა ცხენიდან ლაშა არქანია, დაკავებამდე 8-9 დღით ადრე“.
ქეთი ბექაური ამბობს, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ლაშა არქანიას არაერთი განცხადება, რომლის ადრესატები იყვნენ, როგორც საქმის ზედამხედველი პროკურორი, დიმიტრი ხვიტია, ისე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორი როლანდ ახალაია.
ბექაურის თქმით, ამ განცხადებებში ბრალდებული პირდაპირ მიუთითებდა საქმის გამომძიებელზე, ილუშა აქუბარდიაზე, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ჯვრის პოლიციის განყოფილებაში მის წამებაში. ბრალდებული ითხოვდა გამომძიებელ აქუბარდიას საქმიდან ჩამოცილებას. ასევე მიუთითებდა, რომ სათითაოდ ამოიცნობდა იმ პირებს, ვინც მის წამებაში მონაწილეობდნენ.
17 ივნისს, სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ლაშა არქანია მწამებლებს შორის ჯვარის პოლიციის უფროსსაც ასახელებს. 14 ივლისს სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჯვრის პოლიციის უფროსი, სოსო აბაშიძე 13 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
ქეთი ბექაური ამბობს, რომ არქანიას მიერ, პროკურორების სახელზე დაწერილი განცხადებები თითქმის ერთი თვე უშედეგოდ ტრიალებდა. 11 ივლისს საქართველოს მთავარი პროკურორის სახელზე ბექაურმა საჩივარი შეადგინა, რომელსაც 13-გვერდიანი დანართიც მიაყოლა (ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ლაშა არქანიას განცხადებები). ადვოკატმა მთავარი პროკურორისგან არქანიას ცემა-წამების და ჩვენების გამოძალვის ფაქტზე გამოძიების დაწყება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. პარალელურად ადვოკატმა მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექციის გამოძიებაზე ზედამხედველობის საპროკურორო სამმართველოს უფროსს, ვაჟა ჯანყარაშვილსაც მიმართა.
ბექაურის განმარტებით, ამ აქტიურობას შედეგად მოჰყვა ის, რომ ილუშა აქუბარდია საქმესაც ჩამოაცილეს და სამსახურიდან დაითხოვეს:
„გვაქვს ინფორმაცია, რომ სამსახურიდან ის პირებიც გაათავსუფდეს, რომლებიც არქანიას დაკავებაში მონაწილეობდნენ. ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, ილუშა აქუბარდია დღენახევარი დაკავებული ჰყავდათ. გათავისუფლებამდე ილუშა აქუბარდიამ კიდევ ერთი უკანონო ქმედების ჩადენა მოასწრო - 75 წლის გრიშა ჭკადუა სახლიდან მოტყუებით გამოიყვანა, ჯვარის პოლიციაში მიიყვანა და მოტყუებით მოაწერინა ხელი მისივე დაწერილ ჩვენებაზე, რის გამოც გრიშა ჭკადუამ აქუბარდიას პროკურატურაში უჩივლა. მან განცხადება სახალხო დამცველის სახელზეც დაწერა - „დაიცავით მოწმის უფლებები, სიმართლე მინდა ვთქვაო“.
ბრალდებულ ლაშა არქანიას საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 27 ივლისს, 12 საათზეა დანიშნული.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 15 ივლისს, „ადამიანის უფლებების დამოუკიდებელმა კომისიამ“ მსჯავრდებულ მალხაზ არქანიას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა. კომისიის სხდომის ოქმში გრაფის - „პოლიტიკური მოტივი“ გასწვრივ აღნიშნულია:
„აფხაზურმა მხარემ არქანიას შესთავაზა აფხაზეთის ტერიტორიაზე ტელევიზიის გახსნა და ხელმძღვანელობა, რაზეც მან უარი განაცხადა. მოგვიანებით, ზუგდიდის სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილე, მეგის ქარდავა არქანიასგან ხელისუფლების სახელით მოითხოვდა ზემოხსენებულ შეთავაზებაზე თანხმობას და ქართული მხარის სასარგებლოდ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ მოხდა მისი დაკავება“.