სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებამ, სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. ადამიანები ძველ მიკროავტობუსებში გაზრდილ ღირებულებას ვერ იხდიან და საკუთარი სიმართლის დასაცავად ხელჩართულ ჩხუბსაც არ ერიდებიან. ოპოზიცია იმ პირების დასჯას მოითხოვს, ვინც მძღოლებს აიძულებს, რომ საფასური გაზარდონ.
დღესდღეობით თბილისში მოძრავი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება განსხვავებულია. ზოგიერთ ხაზზე მგზავრობა 80 თეთრი, რიგ შემთხვევაში კი – 60 თეთრი. არიან ისეთი სამარშრურო ტაქსებიც, რომლითაც მგზავრობა ისევ 50 თეთრი ღირს.
მძღოლების განცხადებით, მგზავრობა 80 თეთრი იმ მიკროავტობუსით ღირს, რომლებიც შედარებით გრძელი მარშრუტით მოძრაობენ. მცირე მარშრუტიანი მიკროავტობუსები კი ძირითადად, 50 ან 60 თეთრი ღირს. მათივე თქმით, ასეთი ტარიფის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ. მათი თქმით, ტარიფი „თბილისის მიკროავტობუსმა“ დაადგინა.
რაც შეეხებათ მგზავრებს, ისინი აცხადებენ, რომ გაზრდილი ღირებულების გადახდა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო უჭირთ. ზოგიერთი მათგანი კი, გაძვირებული ტარიფის გადახდას საერთოდ არ აპირებს.
„ქართული პარტია“ პროკურატურისგან იმ პირთა დასჯას მოითხოვს, რომლებიც „სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე ძალადობენ და მათ მგზავრობის ტარიფის გაზრდას აიძულებენ“. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფიო ხორგუანმა მთავარი პროკურატურის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, „ქართულმა პარტიამ“ დღესვე საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავასა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს განცხადებით მიმართა, რათა „თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდასთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულებრივი ნიშნების შემცველი ქმედების ირგვლივ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყოს“.
„ყველამ ვნახეთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელებული მიკროავტობუსების მძღოლების განცხადებები, რომლებშიც მათ მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის გზით მგზავრობის უფრო მაღალი ტარიფის დაწესებაზეა საუბარი. ასეთი ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ეს არის იძულება, მუქარა და შრომის უფლების ხელყოფა, ამიტომ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა გამოიძიონ, ვინ იყვნენ ის ნიღბიანი და ფორმიანი ადამიანები, რომლებიც მძღოლებზე ზეწოლას ახორციელებდნენ“.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მასმედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 151-ე 168-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მძღოლების გადმოცემით, „ფორმიანი და ნიღბიანი პირები სავარაუდოდ, შესაძლებელია, პოლიციის თანამშრომლები ყოფილიყვნენ“.
საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებით ტენდერის თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ სამარშრუტო ტაქსების ბაზარზე არა რამდენიმე, არამედ ერთი მონოპოლისტი კომპანია არსებობს“.
საკრებულოს ფრაქცია „დედაქალაქის“ წევრ კახა კუკავას განცხადებით კი, „სამარშრუტო ტაქსების ბიზნესი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ბიზნეს-ჯგუფმა ჩაიგდო ხელში“:
„ადგილი აქვს კორუფციის ნიშნებს, ამიტომ სამარშრუტო ტაქსების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური მოსმენის ჩატარებას მოვითხოვ“.
კახა კუკავას მოთხოვნას თბილისის საკრებულოს წევრი თინათინ ხიდაშელიც დაეთანხმა. ამასთან, ხიდაშელმა სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსა და სატრანსპორტო კომპანია „თბილისის მიკროავტრობუსს“ შორის დადებული დასაქმების ხელშეკრულების გადახედვა მოითხოვა:
„ეს არის ორ სამეწარმეო სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელშიც საერთოდ არ ჩანს, რა თანხა უნდა მიიღოს მძღოლმა ხელფასის სახით“.
საწინააღმდეგო მოსაზრებები აქვთ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებს. დეპუტატ კოკი იონათამაშვილის განცხადებით, „ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან ყველა სატენდერო ვალდებულება დაცულია და ტარიფის თვითნებური გაძვირების ფაქტებს მძღოლების მხრიდან ჰქონდა ადგილი“.
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრ გიორგი ჩაჩანიძის განცხადებით კი, „დასაქმების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არჩევანის შესაძლებლობა ყველა მძღოლს აქვს და სურვილის შემთხვევაში ისინი ინდმეწარმეებად დარეგისტრირდებიან“.
ამ ფონზე, 24 ივლისს პარლამენტის წინ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც „პირWელს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზურა კუკულაძემ განუცხადა, საპროტესტო აქციის ძირითადი მიზანი ყველა სატრანსპორტო საშუალებებზე 15 ივლისამდე არსებული ტარიფის დატოვებაა. მისივე თქმით, აქციას „ახლაგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც“ უერთდება:
„ერთად გამოვხატოთ პროტესტი სამარშრუტო ტაქსების უკანონო გაძვირების წინააღმდეგ, რათა ისევ ძველი ტარიფები შენარჩუნდეს“.
საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ 24 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 15 ივლისიდან თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა როგორც ახალ, ისე ძველ სამარშრუტო ტაქსებში 80 თეთრამდე გაძვირდა.
მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისის მერიამ სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად 4 კომპანია - შპს „თბილქარი“, შპს „თბილლაინი“, შპს „კაპიტალ გრუპი“ და შპს „ფაბლიკქარი“ დაასახელა, თუმცა შემდგომ ოთხივე მათგანი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ გაერთიანდა.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრთა თავიდანვე აცხადებდა, რომ ოთხივე კომპანიას ერთი მფლობელი ჰყავდა, რომელიც თავის მხრივ, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია.