თინათინ ხიდაშელი: „თბილისის ბიუჯეტში არცერთი ახალი სოციალური პროგრამა არ არის ასახული.“

თინათინ ხიდაშელი: „თბილისის ბიუჯეტში არცერთი ახალი სოციალური პროგრამა არ არის ასახული.“

რესპუბლიკური პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა და საკრებულოს წევრმა თინათინ ხიდაშელმა, დედაქალაქის საკრებულოში თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

„რესპუბლიკელები ვაპროტესტებთ საკრებულოს სხდომაზე დაგეგმილი საბიუჯეტო ცვლილებების პროექტს. მიუხედავად მრავალი დაპირებისა, რომელიც ბოლო პერიოდში ისმოდა საბიუჯეტო ცვლილებებში არცერთი ახალი სოციალური პროგრამა არ არის ასახული.

რესპუბლიკური პარტია ხმას არ აძლევს დაგეგმილ ცვლილელებს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ისევე როგორც მთელი საბიუჯეტო პროცესი, ამჯერადაც პროექტი არის დაუსაბუთებული და არ შეესაბამება იმ დაპირებებს რომელიც მოსახლეობისათვის იყო მიცემული ბოლო პერიოდის განმავლობაში.

1. თბილისელები ბოლო პერიოდში  მუდმივად ისმენდნენ დაპირებას რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების ნახევარს 600 ათასი თბილისელისათვის ქალაქის ბიუჯეტი აანაზღაურებდა. მსგავსი სუბსიდია მოქმედი ბიუჯეტით არ იყო გათვალისწინებული და ბუნებრივად არსებობდა მოლოდინი რომ ეს უკანაკნელი საბიუჯეტო ცვლილელებში აისახებოდა, თუმცა ამგვარი სუბსიდიის გამოყოფის ნაცვლად, შემოთავაზებულ ცვლილებებში ცალსახად ჩაიწერა რომ სატრანსპორტო სუბსიდია განკუთვნილია „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტრო და M3 კატეგორიის ანუ ყვითელი ავტობუსი)  ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას“ (ბიუჯეტის კანონის გვ.26).

სოციალური დაცვის პროგრამებში აგრეთვე საუბარია საქალაქო საავტობუსო ტრანსპორტით და მეტროთი უფასოდ ან შეღავათით მოსარგებლე პირთა მომსახურებაზე (ბიუჯეტის კანონი გვ.49-51), და არც ერთი სიტყვა სამარშრუტო ტაქსების შესახებ არ არის ნათქვამი. ამასთანავე, ბიუჯეტიდან ამოღებულია უფასო და შეღავათიანი მგზავრობისათვის პლასტიური ბარათების დამზადების ხარჯები.

შესაბამისად, გაუგებარია რომელ საბიუჯეტო პარამეტრებზე დაყრდნობით აცხადებს მერია და საკრებულოს უმრავლესობა რომ სამარშრუტო ტაქსებში სოციალური შეღავათები იმოქმედებს და ბიუჯეტის რომელი პროგრამის შეკვეცის ხარჯზე განხორციელდება ეს უკანაკნელი მომავალში. ასევე გაუგებარია, რაიმე კონკრეტული საპროგნოზი მაჩვენებლის კანონში არ არსებობის პირობებში როგორ იძლევა მრავალ მილიონიან დაპირებას ქალაქის მერია.

 

2. ნარჩენების გადასახადის ელექტროენერგიისათვის მიბმის გადაწყვეტილების მიღების დროს, საკრებულოს უმრავლესობამ პირობა მისცა იმ თბილისელებს, რომელებსაც დღევანდელი მდგომარეობით გაზი არ მიეწოდებათ, რომ თბილისის ბიუჯეტი დააფინანსებდა ქალაქის სრულ გაზიფიკაციას, თუმცა ამჯერადაც არავითარი ცვლილება ამ თვალსაზრისით ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული და კვლავაც მხოლოდ დევნილების გაზიფიკაციის ხარჯებზეა ბიუჯეტში საუბარი.

3. თავისთავად საინტერესოა ნარჩენების გადასახადის საკითხიც. იმ ფონზე, როდესაც თბილისის მერია ერთი თვის მანძილზე თავგამოდებით ამტკიცებს რომ ნარჩენების გადასახადი თბილისელებს თითქოს არ გაუძვირდებათ და თბილისის ბიჯუეტის შემოთავაზებულ ცვლილებში ”დასუფთავების ღონისძიებების” ბიუჯეტი 21 მილიონით არის შემცირებული. შესაბამისად, აუცილებელია განმარტება. ორივე პასუხი შეუძლებელია იყოს მართალი.

თბილისის მერია ან მაშინ იტყუებოდა როდესაც წლიდან-წელზე მრავალი მილიონით ზრდიდა სუბსიდიას, რომელიც აღმოჩნდა რომ არ ყოფილა საჭირო და შესაბამისად კორუფციის წყაროს წარმოადგენდა, ან იტყუებოდა გასული ერთი თვის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდა რომ გადასახადი მოსახლეობას არ გაეზრდებაო.

თუკი სუბსიდიის პარამეტრები სწორი და სამართლიანი იყო 2011 წლის მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც მუდმივად შედიოდა ცვლილებები ბიუჯეტში მაგრამ არ ეხებოდა შემცირება დასუფთავებას, მაშინ ეხლა გაზრდილი გადასახადის პირობებში მისი აუცილებლობა აღარ დგას.

4. შემოთავაზებულ ბიუჯეტში 61 მილიონით არის გაზრდილი ავარიული შენობების გამაგერების, მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის ხარჯები. ასევე 1 მილიონზე მეტით იზრდება პროექტის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ხარჯები. ძველი შენობების გამაგრებისა და რემონტის ხარჯები აბსოლუტური აუცილბელობაა თბილისში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ დარწმუნებული ვართ, როდესაც საუბარი ეხება ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის 61 მილიონიან, ანუ 122 პროცენტით ზრდას, თბილისის მერია ვალდებულია დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინოს საკრებულოს ასეთი ზრდის აუცილებლობის, დასაბუთებისა და იმ ობიექტების შესახებ რომელიც დაიფარება.